"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის გამოჯანმრთელება შეიძლება ერთი თვით გადაიდოს.
რუნიმ 13 თებერვალს "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო ტრავმა, რის შემდეგაც დამცავ სამუხლეს ატარებდა. რამდენიმე დღის წინ ინგლისელმა დამცავი მოიცილა და მოსალოდნელი იყო, რომ მოედანს დაუბრუნდებოდა არაუგვიანეს სამი აპრილისა.
თუმცა სიღრმისეულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რუნის მარჯვენა მუხლი იმდენად სწრაფად არ ხორცდება, რამდენადაც მოსალოდნელი იყო. Daily Mirror ამტკიცებს, რომ რუნი თამაშს სეზონის მხოლოდ ბოლო რამდენიმე მატჩში შეძლებს, თუმცა ჯერჯერობით საფრთხის ქვეშ არ დგას მისი მონაწილეობა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე.
რუნის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვან გაალმა განაცხადა: "რუნი ჯერ კიდევ შორს არის მწყობრში ჩადგომისგან. რამდენიმე კვირა დასჭირდება. ზუსტად რამდენი - არ ვიცი. ასეთ ვითარებაში რთულია, რაიმეს დაზუსტებით თქმა. საუბარია კონსერვატიულ მკურნალობაზე, ოპერაცია ნამდვილად არ დასჭირდება".