ხუან მატას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულთან" წაგებული მატჩის შემდეგ რეაგირება ინგლისის თასზე უნდა მოახდინოს.
"წითლების" შემტევ ნახევარმცველს იმედი აქვს, რომ მისი თანაგუნდელები მაქსიმუმს გააკეთებენ "უემბლიზე" მოსახვედრად და ორმატჩიან წაგებათა სერიას შეწყვეტენ.
"ლივერპულთან" წაგებული მატჩის შემდეგ მატამ განაცხადა: "სვლა უნდა განვაგრძოთ. სამ დღეში მორიგი დიდი მატჩი გვაქვს, ნახევარფინალში თამაშის შანსი და ტიტულის მოგების შანსი.
ინგლისის თასი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას ვატარებთ ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ვესტ ჰემია". რაც შეიძლება მალე უნდა მოვახდინოთ კომპენსირება და ახლა მხოლოდ ინგლისის თასზე ვიფიქროთ. შემდეგ, ერთ კვირაში, უკვე ევროპის ლიგას მივუბრუნდებით.
კარგი თამაში არ გვიჩვენებია და არც კარგი შედეგი გვქონია. მაგრამ სვლა უნდა განვაგრძოთ და კვირას მოვიგოთ. "უემბლიზე" თამაშის შანსი გვაქვს.
შემდეგ კი ევროპის ლიგაზე დავბრუნდებით და შევეცდებით გავაკეთოთ ის, რაც მათ გაგვიკეთეს - ატმოსფეროს შექმნა, აგრესიული თამაში და ინტენსიურობა. ეს მომდევნო ხუთშაბათს უნდა შევძლოთ".
27 წლის ფეხბურთელმა მეკარე დავიდ დე ხეაც შეიაქო: "დევიდი როგორც ყოველთვის, ახლაც კარგი იყო და ეს სულაც არ არის ჩვენთვის კარგის ნიშანი, რადგან ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ გოლის გასატანად. სვლა უნდა განვაგრძოთ, ამ მატჩისგან გაკვეთილი მივიღოთ და მომდევნო კვირაში უფრო ძლიერები დავბრუნდეთ".
მატას, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში "იუნაიტედის" კაპიტანი იყო, სჯერა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი გუნდი დეფიციტის აღმოფხვრას შეძლებს.
"არასდროს დავნებდებით. პირველივე წუთებიდან გოლის გატანას ვეცდებით. ვგონებ, წინა სეზონში 3-0 დავამარცხეთ, ე.ი. ამის გაკეთება შეგვიძლია. რთული იქნება, რადგან კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ამის გაკეთება შეგვიძლია".