ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული და აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა კვლავ შესაძლებელია.
34 წლის იბრაჰიმოვიჩს "პარი სენ-ჟერმენთან" მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტების რიგებში თავისი მე-13 ტიტულის მოგებას ესწრაფვის.
შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი არის იტალიის, ჰოლანდიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონი, მაგრამ მის ტიტულების თაროზე არ არის ინგლისური თასი.
"პსჟ-სთან ორი თვე მაკავშირებს. ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არავისთან ვაწარმოებ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ.
"ვნახოთ, რა მოხდება. კარს არავის ვუკეტავ. შეთავაზებას მაგიდაზე დავდებ და შევხედავ, რამდენად კარგი იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის".
"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილ თავდამსხმელს ჟოზე მოურიოსთან ერთად უკვე უმუშავია "ინტერში", სადაც ასევე იტალიის ჩემპიონი გახდა.
შვედი თავის ავტობიოგრაფიაში წერს: "თუ მოურინიო ოთახს ანათებს, პეპ გვარდიოლა ფარდას აფარებს. მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც თავს მოვიკლავდი".