"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ანტონიო ვალენსია "ლივერპულთან" შეხვედრის განაცხადში მოხვდება.
ეკვადორელმა ფეხბურთელმა მთელ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ისევე, როგორც ბასტიან შვაინშტაიგერმა.
"წითლები" "ენფილდზე" ევროპის ლიგის მერვედფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან და "ვესტ ბრომთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომპენსირებას ეცდებიან. "ანტონიო ვალენსია და ბასტიან შვაინშტაიგერი ბრუნდებიან. ვფიქრობ, მარტში ბევრი ფეხბურთელი დაბრუნდება. მაგრამ მათი დაბრუნების ფონზე ადვილი არ არის გადაწყვეტა იმისა, თავს გაართმევენ თუ არა მატჩის რიტმს, რადგან ჩვენთან ერთად სავარჯიშოდ კარგ კონდიციებში იმყოფებიან. მაგალითად, შვაინშტაიგერმა მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა ჩვენთან ერთად. ვალენსია მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, ამიტომ ის უფრო ახლოსაა სათადარიგოთა სკამზე მოხვედრასთან, მაგრამ არა - თამაშში მონაწილეობასთან, რადგან ეს სულ სხვაა.
არა მგონია, ახალი ფეხბურთელები ხელმისაწვდომნი იყვნენ, მაგრამ სათადარიგოზე მოსახვედრად ვალენსია მზადაა, თუმცა ითამაშოს 90 წუთი - არა მგონია.
ჩემს შემადგენლობას ყოველთვის იმის მიხედვით გამოვიყვან, რომელზეც ვიფიქრებ, რომ კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ საუკეთესოა. თუმცა, ხანდახან ახალგაზრდებს ვაყენებ შემადგენლობაში, მაგრამ ვთვლი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გადატვირთულ გრაფიკსაც უნდა გავუმკლავდე, ამიტომ ხანდახან ფეხბურთელებს გამოვყოფ და ვცვლი ამის გამო", - განაცხადა ვან გაალმა.
ხუან მატას დისკვალიფიკაცია მხოლოდ შიდა ტურნირებს შეეხება და ის "ვესტ ჰემთან" ინგლისის თასზე გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. დისკვალიფიკაცია აქვს ჯესი ლინგარდსაც, ხოლო ადნან იანუზაი და ტიმოთი ფოსუ-მენსა ხელმიუწვდომელნი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" უმდიდრესი ურთიერთდაპირისპირების ისტორია აქვთ, ევროარენაზე ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
"ისტორიულად და ტრადიციულად ყოველთვის დიდი მატჩია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძვის, ასე რომ, ორივე გუნდისთვის დიდი მატჩია".