ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან ზაფხულში იწურება, მისი მომავალი კლუბის შესახებ სპეკულაციები კი არ წყდება.
ჟოზე მოურინიოს სახელს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ იბრაჰიმოვიჩს, ხოლო ორივეს ერთად "ოლდ ტრაფორდს".
მაგრამ 34 წლის შვედმა განაცხადა, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატის გარდა სხვა გეგმები არ აქვს.
"ჩემი მომავალი ის არის, რომ პსჟ-სთან კიდევ ორი თვე მაკავშირებს, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მაქვს. რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ, ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი.
მოლაპარაკებებს არავისთან ვაწარმოებ, რადგან ჩემთვის ჯერ დრო არ დამდგარა. არ ვდარდობ ჩემს მომავალზე, რადგან ჩემი მომავალი ნათელია იმ სეზონის შემდეგ, რომელიც წელს მაქვს. ხალხი ამბობს, რომ დავბერდი. მე კი მხოლოდ ახლა ვხურდები.
არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერის დასასრულია. ასაკი მხოლოდ ციფრებია, თავს ახალგაზრდად ვგრძნობ. ძალიან ახალგაზრდად. ამაზე უკეთესი სტატისტიკა არასდროს მქონია", - განაცხადა შვედმა.