ხუან მატამ გილერმო ვარელა შეაქო და განაცხადა, რომ ურუგვაელი მცველი, მისი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედში" წლების განმავლობაში მყოფი ფეხბურთელივით თამაშობს.
ვარელა "იუნაიტედში" 2013 წელს "პენიაროლიდან" გადავიდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა. თუმცა ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვან გაალმა ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მისცა და "ვესტ ბრომთან" მატჩამდე ვარელა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.
ხუან მატა მისი თამაშით მოხარულია: "ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ მისით, რადგან მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგად მოქმედებს.
იგი მიიწევს წინ, თავს იცავს კარგად, აგრესულია და ისე თამაშობს, თითქოს 10 წელია აქ იმყოფებოდეს.
ამის გაკეთება ძალიან რთულია, როცა ახალგაზრდა ხარ და თამაშობ ისეთ სტადიონზე, როგორიც "ოლდ ტრაფორდია". კონკურენტუნარიანი ბიჭია, გუნდს კარგად მოერგო და გასახდელ ოთახსაც, ასე რომ, მის გამო ყველანი ბედნიერები ვართ".
თავისი აზრი გამოხატა მარკოს როხომაც: "მის გამო ბედნიერი ვარ, რადგან კარგად თამაშობდა.
დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს შევხვდით და უკვე მეგობრები ვართ. თან ჩემი მძღოლია. ყოველ მატჩზე მას დავყავარ, რადგან ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ, ასე რომ, მთელი სამძღოლო საქმე მასზეა გადაბარებული, რაც ასევე მსიამოვნებს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად ბევრ დროს ვატარებდით და მართლაც დავმეგობრდით. კარგი ბიჭია, კარგი ადამიანი და "იუნაიტედისთვის" დიდი ფეხბურთელი".