"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "ვესტ ბრომვიჩის" კაპიტანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გაუჭირდა ვან გაალს პრემიერ ლიგაში მუშაობა.
"ვან გაალი ფანტასტიკური მწვრთნელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგა მისთვის უდიდესი და დაუძლეველი გამოწვევაა. საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ის ელოდა. ვან გაალი გუნდს განსხვავებულ თამაშს ათამაშებს, ცდილობს, შექმნას ახალი ტაქტიკა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი გამოსდის. გულშემატკივრები კი ჯერ კიდევ ითმენენ და გვერდში უდგანან ჰოლანდიელ მწვრთნელს. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს მათი მოთმინების უნარი."
ფლეტჩერმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დატოვა კლუბი 2015 წლის ზამთარში.
"კლუბი მე მთავაზობდა ახალ კონტრაქტს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ მექნებოდა საკმარისი სათამაშო დრო. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "მანჩესტერმა" აირჩია ახალი მიმართულება, მე შემეძლო დავრჩენილიყავი და "ეპიზოდურ როლებში" მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს არ მსურდა. "
"არ ვნანობ, რომ წავედი. "ვესტ ბრომვიჩში" მივიღე ის, რაც მსურდა. მე გუნდის კაპიტანი ვარ, ბევრს ვთამაშობ და ჯერჯერობით იმის საშიშროება არ არის, რომ მომიწიოს სათადარიგოზე დაჯდომა".