"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "ვესტ ბრომთან" მატჩში ხუან მატას გაძევებამ მისი გუნდის თამაში აურია.
პირველ ტაიმში რამდენიმე წუთიან ინტერვალში მიღებული ორი ყვითელი ბარათის შედეგად მატამ გუნდი კაცნაკლული დატოვა. "იუნაიტედმა" შეხვედრა 1:0 წააგო.
"რა უნდა ვთქვა, როცა გიძევებენ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მატაა. ვკითხე, ეს მისი პირველი წითელი ბარათი იყო თუ არა და დადებითად მიპასუხა. ორი ყვითელი ბარათი ხუთ წუთში მიიღო. წესებით ეს ნებადართულია, მაგრამ მსაჯმა უნდა გაითვალისწინოს, ვისთან აქვს საქმე. არა მგონია, მატა ოდესმე გაეძევებინოთ უხეში დარღვევისთვის.
როცა სულელურად მიღებული ყვითელი ბარათი უკვე გაქვს, უნდა გაითვალისწინო, რომ მსაჯმა, შეიძლება მეორეც გიჩვენოს. მსაჯი გადაწყვეტილებას წამებში იღებს, მაგრამ თუ მოთამაშეს იცნობ, უნდა ხვდებოდე, რომ მატა არასდროს აყენებს ზიანს სხვა მოთამაშეებს", - განაცხადა ვან გაალმა.