"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, ჯონი ევანსი კვირას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "წითელი ეშმაკები" დაუპირისპირდებიან "ვესტ ბრომვიჩს", სადაც "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები, ანდერს ლინდეგაარდი, ბენ ფოსტერი, ჯონი ევანსი და დარენ ფლეთჩერი თამაშობენ.
ვან გაალს მიაჩნია, რომ "შაშვების" მთავარ მწვრთნელს ევანსის სახით დიდი დანაკლისი ექნება: "ჯონი ნებისმიერი გუნდისთვის დიდი დანაკარგია. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ითამაშებს. მის ნახვას კიდევ ერთხელ ვისურვებდი და ასევე ჩემი ყოფილი კაპიტნის, დარენ ფლეთჩერის.
ბედნიერი ვარ, რომ დარენი ასე ხშირად თამაშობს, რადგან ჩვენი მიზანი ეს იყო, როცა მასთან განშორებაზე ვსაუბრობდით. ადვილი არ არის, ფეხბურთელს უთხრა, რომ იგი უნდა წავიდეს, მაგრამ როცა ხედავ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ჯონი და დარენი, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ, ძალიან კმაყოფილი ხარ მათ გამო".
ტონი პულისის გუნდების დამარცხება ყოველთვის რთულია, რადგან უელსელი ფეხბურთელებს კოლექტიური და მრავალრიცხოვანი დაცვისკენ მოუწოდებს. ვან გაალი ფიქრობს, რომ ეს კვირას გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, მაგრამ მოთმინების ხარჯზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მიღწევა შესაძლებელი იქნება. "უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს შედეგზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ატმოსფერო გაუმჯობესდა, რაც უკეთესია, მაგრამ პრემიერ ლიგის ნებისმიერი გუნდის დამარცხება რთულია, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" დავამარცხოთ. პირველ სამ გუნდს ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ქულებით და ეს ჩამორჩენა უნდა აღმოვფხვრათ.
მომთმენები უნდა ვიყოთ, მაგრამ ბურთი სწრაფად უნდა ვამოძრაოთ. როცა ამას აკეთებ, უფრო მეტ შანსს ქმნი. "ვესტ ბრომის" მსგავსი გუნდების წინააღმდეგ ეს ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან ეს გოლის გატანის ერთადერთი საშუალებაა".