"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი წინააღმდეგია ყოველგვარი ახალი ტურნირის ჩამოყალიბებისა და ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგამ ფორმატი უნდა შეცვალოს.
"იუნაიტედი" ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომლის წარმომადგენელი ლონდონში გამართულ საიდუმლო შეხვედრას დაესწრო.
ამ შეხვედრაზე კლუბებმა ახალი ტურნირის ჩამოყალიბების ვარიანტი განიხილეს, ვან გაალი კი თავის პოზიციას აფიქსირებს.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ გასულ წელს დაკავებული მეოთხე ადგილით მიიღო მონაწილეობა და როგორც მოსალოდნელია, წელსაც იგივე მოხდება, ვან გაალმა განაცხადა: "ყველამ, ვინც ჩემს კარიერას იცნობს, იცის, რომ სუპერ ლიგის და მსგავსი რამეების შექმნის წინააღმდეგი ვარ.
სპორტი იმისთვის არსებობს, რომ არსებობდეს საუკეთესო. როცა ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, ვთქვი, რომ საშინელება იყო, რადგან პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე გუნდს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ჩემი აზრით, ტურნირი ჩემპიონებს შორის უნდა ჩატარდეს. 20 წლის წინ ვთქვი ეს და ახლაც ამას ვამბობ.
ეს მხოლოდ კომერციული აზროვნებაა. როცა კომერციული დილერივით ფიქრობ, მაშინ მართალი ხარ, მაგრამ სპორტი გამარჯვებისთვის არსებობს და არა მესამეობისთვის ან მეორეობისთვის".
"იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულში მოხვედრით ან ევროპის ლიგის მოგებით შეუძლია.
"ეს ჯერ კიდევ არის ჩვენი მიზანი, მაგრამ ჩვენი მიზანია ტიტულის მოგებაც, ეს კი ევროპის ლიგის მოგებით შეიძლება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპის ლიგა არასდროს მოუგია, ამიტომ კლუბისა და გულშემატკივართათვის ფანტასტიკური იქნება. ტიტული ყოველთვის მეტია, ვიდრე მეოთხე ადგილი.
მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა და ამიტომაც არის ევროპის ლიგა და მეოთხე ადგილი მნიშვნელოვანი.
რა თქმა უნდა, რადგანაც დაინახეთ, რომ ჩამორჩენა შევამცირეთ, თქვენმა რწმენამ იმატა. ჩემს ფეხბურთელებს პირველ ყოვლისა ამისადმი რწმენისკენ მოვუწოდებ. მე მჯერა ამის, მაგრამ ფეხბურთელებმაც უნდა დაიჯერონ და ახლა მათ ესმით, რომ თქვენ იჯერებთ".