"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული და გაწერილი ახალი სახელფასო სისტემა ახალგაზრდა ტალანტს მყისიერად გამდიდრებაზე ოცნებებს დაუნგრევს.
18 წლის მარკუს რეშფორდს, რომელმაც პირველ 2 შეხვედრაში 2 დუბლის შესრულება მოახერხა და "იუნაიტედისთვის" ძალიან მძიმე პერიოდში მხსნელის როლი მოირგო, ამჟამად ძალიან მწირი ხელფასი აქვს: თანახმად კონტრაქტისა, რომელიც 2017 წელს იწურება, ინგლისელი თინეიჯერი კვირაში სულ რაღაც 500 £-ს გამოიმუშავებს.
"ეშმაკების" სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელებს ძალიან სურთ მარკუსის დიდი ხნით შენარჩუნება, თუმცა წარსულში დაშვებული შეცდომების გამეორებას არ აპირებენ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პირველ გუნდში თავის გამოჩენის შემდეგ ფედერიკო მაკედასა და ადნან იანუზაის მსგავსმა მოთამაშეებმა სწრაფადვე მიიღეს მაღალი ხელფასები.
მაგალითისათვის, იტალიელმა თავდამსხმელმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ხელფასის სახით მას კვირაში 20, 000 £ უნდა მიეღო, ხოლო იანუზაიმ საკუთარი ბედი "იუნაიტედს" 5 წლით დაუკავშირა და საკმაოდ მსუყე ანაზღაურებასაც გამოჰკრა ხელი: კვირაში 50, 000£-ის ოდენობით.
ამჯერად "წითლები" აპირებენ თანამედროვე და უფრო მიღებული ხერხით სცადონ ახალგაზრდების დაინტერესება და პროფესიული კონტრაქტის შეთავაზება, რაც შედარებით დაბალ ხელფასს, მაგრამ ბონუსურ სისტემასა და მომატების პერსპექტივას გულისხმობს.
რეშფორდის მსგავს სიტუაციაში კამერონ ბორთვიკ-ჯექსონი და ტიმოთი ფოსუ-მენსა იმყოფებიან, რომლებიც ამჟამად მოგებულ შეხვედრაზე ბონუსის სახით დაახლოებით 9, 000 £-ს იღებენ, ხოლო თუკი ისინი პროფესიულ კონტრაქტს დათანხმდებიან, მათი ანაზღაურება 15, 000 £-ის ფარგლებში იმერყევებს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.