ედვინ ვან დერ სარი გამოტყდა, რომ ლუი ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მას უმუშავია და "იუნაიტედმა" უნდა განაგრძოს მისი ნდობა.
"ამ მომენტში "იუნაიტედი" ძალიან შორსაა მწვერვალისგან, მაგრამ მათ აქვთ ორი შესანიშნავი შანსი, მოიგონ თასი. თავისი მუშაობის პირველ წელს "აიაქსში" ლუიმ აქაც ვერ მიაღწია წარმატებას ნაციონალურ პირველობაზე, მაგრამ ჩვენ შევძელით უეფა-ს თასის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ამ სეზონში "იუნაიტედს" შეუძლია, მოიგოს ევროპის ლიგა და ინგლისის თასი. ჩემპიონთა ლიგის ადგილი მათთვის ჯერ არ დაკარგულა და გუნდს აქვს შანსი დაამთავროს სეზონი მაღალ ნოტაზე",-ციტირებს ედვინ ვან დერ სარის სიტყვებს Daily Mail-ი.
"ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ლუი აგრძელებს ახალგაზრდებისადმი რწმენას. ასეთი ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "აიაქსის" ფილოსოფიის თვალსაზრისით. პირადად ჩემთვის, ლუი ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის ძალიან დიდ დროს გვითმობდა და ჩვენ ვცდილობდით, ყველაფერი ეს აგვეთვისებინა. ლუი მართლაც მომთხოვნია. მაგრამ ჩვენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ძალიან გვინდოდა, მიგვეღწია წარმატებისთვის და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენჯერ ვივარჯიშებდით დღეში".