ხუან მატა კაპიტანი იყო "უოტფორდთან" მატჩში, მოიპოვა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და გაიტანა გამარჯვების გოლი.
ესპანელმა გამოკითხულთა ხმების 77% მიიღო და მარკოს როხოსა და მორგან შნეიდერლინს აჯობა.
კაპიტნის სამკლაურის ტარება საამაყო მომენტი იყო ნახევარმცველისთვის, ხოლო დღეს იდეალური უწოდა.
"დღეს გამარჯვება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საუკეთესო მატჩი არ არის მათ შორის, რაც ამ სეზონში გვითამაშია, მაგრამ ეს ქულები გვჭირდებოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენმა კონკურენტებმა თავიანთი მატჩები ვერ მოიგეს. ეს გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობის მქონე იყო ჩვენთვის და ამიტომაც აღვნიშნეთ ისე, როგორც აღვნიშნეთ.
კაპიტნობა ძალიან კარგია. ამაყი ვარ და პატივია სამკლაურის ტარება. ჩემთვის იდეალური დღე იყო - გამარჯვება, გოლი, სამი ქულა და კაპიტნობა. დღეს ზედმეტად ბედნიერი ვარ!", - განაცხადა ესპანელმა.
მატამ მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა გოლი, მანამდე დანიშნული სახიფათო საჯარიმო კი მემფის დეპაიმ შეასრულა, თუმცა ცოცხალ კედელს გაარტყა.
"მხარის გამო მე უფრო მეტი კუთხე მქონდა, ვიდრე მემფისს, ამიტომ მეკარის მხარეს დარტყმა ვცადე. ვფიქრობ, ეურელიო გომესი ბურთს ვერ ხედავდა და საბედნიეროდ, კარში შევიდა.
რაც გნებავთ, ის უწოდეთ, შესაძლოა, ეს ულამაზო გამარჯვებაა, მაგრამ ეს მაინც გამარჯვებაა ჩვენს რბოლაში და ჯერ კიდევ წინ მივიწევთ. არასდროს დავნებდებით. ახლა მეოთხე ადგილს მივუახლოვდით, მესამეს და მეორეს, შაბათს კი კვლავ ვეცდებით გამარჯვებას.
პრემიერ ლიგა იოლი როდია, ბოლო თამაშამდე ვერ იტყვი, რომ ყველაფერი დასრულებულია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. "არსენალის" წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და დღესაც. კარგი სერია გვაქვს იმ პერიოდში, როცა ჩვენს კონკურენტებს პრობლემები აქვთ. ამისგან სარგებელი უნდა მივიღოთ და ვფიქრობ, მართლაც კარგად ვმოქმედებთ".