ვან გაალი შანსს კიდევ ერთ ახალგაზრდას მისცემს.
თბილისის დროით 00:00 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 28-ე ტურში "უოტფორდს" დაუპირისპირდება და თანაქალაქელ "სიტისთან" ქულების შემცირებას შეეცდება.
როგორც მოგეხსენებათ, "წითლებს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, მათი ლაზარეთი სავსეა წამყვანი და ლიდერი მოთამაშეებით, თუმცა ლუი ვან გაალის მიერ დაწინაურებული ახალგაზრდები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს დანაკლისი არ იგრძნობოდეს. "უოტფორდის" წინააღმდეგ კიდევ ერთი მოთამაშის დებიუტი შეიძლება შედგეს და ეს ჯო როთუელია, რომელიც ვან გაალმა 18-კაციან განაცხადში შეიყვანა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდთან ერთად სასტუმროში იმყოფება მატეო დარმიანი და ენტონი მარსიალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მინიმუმ სათადარიგოთა შორის იქნებიან.
წინა მატჩისგან განსხვავებით, განაცხადში არ არიან მაიკლ კერიკი, ადნან იანუზაი და ანდრეას პერეირა. კერიკის არყოფნა ნიშნავს იმას, რომ "იუნაიტედს" არც კაპიტანი და არც ვიცე-კაპიტნები არ ეყოლებიან, საინტერესოა, ვინ მოირგებს კაპიტნის სამკაურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სრული განაცხადი: დე ხეა, რომერო, დარმიანი, ვარელა, ბლინდი, როხო, პული, რაილი, ფოსუ-მენსა, შნეიდერლინი, ერერა, როთუელი, მატა, დეპაი, ლინგარდი, უეირი, მარსიალი, რეშფორდი.