ხუან მატამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელს, მარკუს რეშფორდს "დაუცემელი" უწოდა და ენტონი მარსიალს შეადარა.
18 წლის რეშფორდმა "მიდტიულანდთან" მატჩამდე ტრავმირებული მარსიალი შეცვალა და შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა თავი, რაც მომდევნო მატჩში გაიმეორა.
"ენტონი მარსიალს ჰგავს. ორივე მათგანი სწრაფია და მცველების წინააღმდეგ თამაშს არ ერიდებიან, ორივეს აქვს საგოლე ალღო. ეს შედარება არ არის, ეს მათი შექებაა.
რეშფორდის უკან ვთამაშობდი და ვუთხარი, რომ პასებს მცველების ზურგსუკან მივცემდი; ის ძალიან სწრაფია, ამიტომ ერთმანეთთან კავშირი ვცადეთ", - განაცხადა მატამ.
როცა ჰკითხეს, იყო თუ არა რეშფორდი "დაუცემელი", მან უპასუხა: "დიახ. პირველი გოლის დროს სწორად შეარჩია პოზიცია, მეორე გოლის დროს კი დიდებულად დაარტყა თავი, რამეთუ დარტყმისთვის ძალა უნდა მიეცა, თანაც არ არის ადვილი, პეტრ ჩეხს თავით გაუტანო.
მან დანამდვილებით იცის, სად არის კარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისნაირი მკვლელისთვის".
გამოცდილმა ესპანელმა ახალგაზრდას რჩევაც მისცა: "ახლა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. ყველა მას დაურეკავს, მისწერს, ილაპარაკებს და დაწერს მის შესახებ, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს, რადგან მას ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ ისევე მშვიდად უნდა იყოს, როგორც ახლა არის".
მაიკლ კერიკმა მატას საპასუხოდ განაცხადა, რომ რეშფორდი "მეცხრე ცაზე არ არის".
"ამჟამად ძალიან მშვიდია. ამ ყველაფრის მერე, ალბათ, ეს უჩვეულოა. ახლახანს ვესაუბრე გასახდელ ოთახში და ატმოსფეროზე მელაპარაკა, რას ნიშნავდა მისთვის ეს, გულშემატკივართა პატივისცემა და მსგავსი რამეები", - განაცხადა ინგლისელმა.