რუსი ექსპერტი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საუბრობს.
შეკითხვა: "როგორ მიგაჩნიათ, რატომ არ გამოსდის თამაში "იუნაიტედში" შნეიდერლინს"? გასაგებია, რომ "იუნაიტედი" წელს საშინელ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ზაფხულში შნეიდერლინს აღიქვამდნენ ადამიანად, რომელსაც დიდი ხანი უნდა დაეყო "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში, ახლა კი მხოლოდ იმედს აცრუებს თავისი თამაშით.
პასუხი: "არ გამოსდის არა მარტო შნეიდერლინს, არამედ მთელ გუნდს. არ მინდა, მოიესის ან ვან გაალის ადვოკატი ვიყო, მაგრამ მათ ურთულესი საქმე ერგოთ. დიდებული ფერგიუსონის ნაცვლად მოსვლა? როცა შენ შეგადარებენ თვით... ეს ძალიან რთულია".
შეკითხვა: "თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოურინიო ჩაიბარებს, შეძლებს თუ არა ჩამოყალიბებას გუნდისა, რომელიც "ბარსელონას" დონეზე ითამაშებს? თუ კი, რამდენ ხანში?
პასუხი: "გულახდილად რომ ვთქვა, დღესდღეობით ვერ ვხედავ მწვრთნელთა შორის მოურინიოს ალტერნატივას. პორტუგალიელი, რა თქმა უნდა, ზედგამოჭრილი არ არის, მაგრამ თავისი საქმე იცის. მაპატიეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება "ინტერით" - ბევრს ნიშნავს. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ აღვიქვი მოურინიო სხვაგვარად. დიდი სპეციალისტია. ფაქტია. დარწმუნებული ვარ, "ჩელსით" მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ სეზონის შუა ნაწილში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებს. ახლა მას რეაბილიტირება მართებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რასაც ჰქვია, "ჩელსისთან" ერთად "ჩაფლავდა". ასეთი რამ ნებისმიერ მწვრთნელს ემართება. ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს "ბარსასა" და "ბაიერნის" შემდეგ გვარდიოლა პრემიერ ლიგაში. ეს ძალიან საინტერესოა. მას არავინ მისცემს დროს. სხვა ეპოქაა. და კვლავ (თქვენ მაპატიეთ) შეგახსენებეთ, რომ ფერგიუსონი 1986 წელს ატკინსტონის შემცვლელად მიიწვიეს, პირველი ტიტული კი 1990 წელს მოიგო. 4 სეზონი ტიტულის გარეშე. პრემიერ ლიგაში 1993 წელს მოპოვებულ ჩემპიონობამდე: 11-2, მე-2, 11-ე, 13-ე, 6-ე, მე-2 ადგილები პირველ დივიზიონში. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. სხვა დრო იყო. მადლობა ღმერთს, რომ მაშინ ფერგიუსონის სწამდათ!
შეკითხვა: "დარწმუნებული ვარ, მე პირველი არ ვიქნები, ვინც არ შეკითხვას დაგისვამთ და პრინციპში, გავიგებ, თუკი მას არ უპასუხებთ, მაგრამ მაინც. "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი. გულშემატკივართა, ინგლისელ ექსპერტთა და სხვადასხვა ტაბლოიდთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება. როგორ ფიქრობთ, სჭირდება ასეთი მწვრთნელი "იუნაიტედს"? მოერგება კლუბის ისტორიულ ფილოსოფიას? ზოგს მყარად მიაჩნია, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი "რეალი", რომელმაც სეზონში ნაჩვენები შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. ან კიდევ: გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევიდ გილი, სერ ბობი ჩარლტონი და სერ ალექს ფერგიუსონი მოურინიოს დანიშვნის წინააღმდეგნი არიან. მათი ფავორიტი კი რაიან გიგზია. ასე რომ, აი, ჩემი მეორე შეკითხვა. თუ არა ჟოზე, მაშ ვინ? მთავარი მწვრთნელის როლში რაიან გიგზი ასისტენტად მყოფი პოლ სქოულზით როგორი ვარიანტია? ან, იქნებ, ლორან ბლანი პსჟ-დან? სხვათაშორის, მან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მაურისიო პოჩეტინო! ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო განსახილველი თემაა და თითოეული მწვრთნელის დადებითისა და უარყოფითის შესახებ ცალსახა პასუხი არ მომისმენია. იმედი მაქვს, თქვენგან მოვისმენ".
პასუხი: "ამ შეკითხვას ზემოთ უკვე ვუპასუხე. გიგზის, სქოულზის შესახებ ვიტყვი, რომ ორივე მათგანს უდიდესი მოწიწებით ვეკიდები, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელად მოურინიოს ვამჯობინებდი. არ გეკამათებით, რომ გიგზსაც შეიძლება გამოუვიდეს, მაგრამ (წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ვუდვორდის ადგილას), თუ არ გამოუვა? ოთხმოცდაათი 10-ის წინააღმდეგ, რომ მოურინიოს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. გიგზის? არ ვიცი. დარმუნებული არ ვარ. პოჩეტინომ "ესპანიოლიდან" დაიწყო. სახელი გაითქვა "საუთჰემპტონში", ახლა კი ისტორიას ქმნის "ტოტენჰემთან" ერთად. რაიანი - კლუბის ლეგენდაა! მაგრამ ძალიან სარისკოა მისთვის გუნდის ჩაბარება. სამწვრთნელო აღმასვლას საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან უმალ ბოლო დროს მხოლოდ ორმა მიაღწია - კრუიფმა და ბეკენბაუერმა. მაპატიეთ, მაგრამ გიგზის მიმართ ყოველგვარი პატივისცემის მიუხედავად, მას ვერანაირად ვერ დავაყენებ ამ გიგანტების გვერდით".
შეკითხვა: "რას ფიქრობთ ხუან მატას გოლზე? იყო თამაშგარე? თამაშგარის ფიქსირების ახალი წესების თანახმად, იყო. ძალიან არაერთგვაროვანი სიტუაციაა".
პასუხი: "გულახდილად რომ ვთქვა - ეს იგივეა, რომ დერბიში კისრის მოტეხას ჩაუღრმავდე. მაპატიეთ, მზად არა ვარ".
შეკითხვა: "ალექსანდრ ვიქტოროვიჩ, გთხოვთ, მითხრათ, თქვენი აზრით, რატომ არ ათავისუფლებენ ლუი ვან გაალს? შანსი და მიზეზი ხომ უფრო მეტი იყო, ვიდრე მოიესის დროს"?
პასუხი: "პრესაში გამოქვეყნებული მასალის თანახმად - კლუბს აკავებს კომპენსაციის თანხა, რომელიც მან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის უნდა გადაიხადოს. დავუშვათ, მოურინიოს უკვე შეუთანხმდნენ, მაგრამ პორტუგალიელს გუნდის ჩაბარება მიმდინარე სეზონის ბოლოს სურს. ამგვარად, განსახილველი თემა არსებობს.
შეკითხვა: "მე შემდეგი შეკითხვა მაქვს: "იუნაიტედში" ვან გაალის სამუშაო წელიწად-ნახევრის წინ კომბინაციური თამაშისა და შედეგის მოტანის იმედით დაიწყო. მაგრამ გავიდა დრო, ბევრი დრო და თამაში ჯერ კიდევ არ არის, ამის მიზეზი სამწვრთნელო მეთოდშია თუ მოთამაშეთა არაკომპეტენტურობაში (ან იქნებ უმოტივაციობაში)? ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა მისი გათავისუფლება და გულშემატკივართა ტანჯვის შეწყვეტა"?
პასუხი: "გაიხსენეთ, როგორ თამაშობდა ჰოლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. იქ რა, ზღაპრული თამაში იხილეთ? ესპანეთთან მატჩი გამონაკლისია. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონთა "შავი დღე". ჰოლანდიელებს ხომ მესამე ადგილის დონეზეც კი არ უთამაშიათ. გადაახვიეთ ჰოლანდიის მატჩები, ვფიქრობ, დამეთანხმებით. დიახ, ვან გაალი - პატივსაცემი მწვრთნელია (ეს განსახილველიც კი არ არის), რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ იგი მოიწვიეს, ჩემი აზრით, მისი უკომპრომისობისა და მკაცრი ხასიათის გამო, რომ იგი დაამყარებდა დისციპლინას, წესრიგს. ჯერჯერობით არცთუ კარგად გამოსდის. მეორე მხრივ, ვუდვორდს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. დევიდ მოიესის დროს გიგზისთვის გუნდის ჩაბარება მთელი სეზონით - სარისკო იქნებოდა".
შეკითხვა: "ალექსანდრ ვიქტოროვიჩ, თქვენი აზრით, როგორ უნდა დაეღწია თავი ჩავარდნისგან "იუნაიტედს" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლისა და "კლას 92-ის" ფეხბურთელთა კარიერის დასრულების შემდეგ? საერთოდ, შეიძლებოდა კი ამ ჩავარდნის თავიდან არიდება? და რა უნდა გააკეთოს "იუნაიტედმა", რომ ძველი დიდება დაიბრუნოს? თუ ფერგიუსონის სახით არსებული იღბალი მთელი საუკუნის ერთადერთი შემთხვევაა"?
პასუხი: "დიახ, ფერგიუსონი - ეს მთელი ეპოქაა. მისი შედარება ვინმესთან - შეუძლებელია. თუმცა, რატომ არის შეუძლებელი: და შენკლი, პეისლი "ლივერპულში", ვენგერი "არსენალში". რა აერთიანებთ მათ გარდა დიდი სამწვრთნელო ნიჭისა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმის ფანატიკოსები არიან. პიროვნებები, რომლებიც აღარ არსებობენ.
შეკითხვა: შეკითხვა "იუნაიტედის" შესახებ: "იუნაიტედის" გულშემატკივართა შორის ბოლო დროს აქტუალურია აზრი იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას არ ჰყოფნის საფეხბურთო სახეები. შესანიშნავი ბიზნესმენები სხედან (მარტო "ადიდასთან" კონტრაქტი რად ღირს), მაგრამ ფეხბურთისა და ბიზნესის შერწყმა, შედეგად სინერგეტიკული ეფექტის მიღება (როგორც, მაგალითად, "ბაიერნში), არ გამოდის.
მცირე ხნის წინ ყოველგვარ სპორტულ მომენტზე პასუხს სერ ალექს ფერგიუსონი აგებდა პასუხს, კომერციულ საკითხებზე - დევიდ გილი. ახლა მთავარი კომერსანტი - ედ ვუდვორდია, ხოლო სპორტულ მენეჯერთან დაკავშირებით ნამდვილი უბედურებაა - ყოველგვარი მსგავსი პასუხისმგებლობის ვან გაალისთვის დაკისრებამ კრახი განიცადა.
თუ ბოლოდროინდელ შედეგებს შევაფასებთ: ჩვენი აკადემია დონით დაბალია არა მარტო მსოფლიო ლიდერებთან შედარებით, არამედ "სიტისთანაც" (გლეიზერებმა არასაკმარისი ფული ჩადეს, რადგან მათი აზრით, აკადემია cost effective-ა - აი, ეს ერგება კომერსანტს!); ორი წლისა და ბევრი-ბევრი ფულის ფონზე საკმაოდ საშუალო დონის შემადგენლობა გვყავს (სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი); თამაშისა და სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის შესახებ ვდუმვარ.
როგორ გგონიათ, სჭირდება კლუბს სპორტული დირექტორის თანამდებობა? რამდენად დამნაშავეა ამჟამინდელ სიტუაციაში ფაქტი, რომ ხელმძღვანელობაში (ფერგიუსონი უფრო მრჩეველია) სხედან ფეხბურთში ჩაუხედავი ადამიანები (იმავე "ბაიერნისა" და "ბარსელონასგან" გასხვავებით)"?
პასუხი: "თქვენს შეკითხვაზე მთელი ანალიტიკური სტატიის დაწერაა საჭირო. სამწუხაროდ, ეს კონფერენციის ფორმატი არ არის. მოკლედ: ჩემი აზრით, აქ საქმე სპორტულ დირექტორში ან სხვა ფუნქციონერში არ არის. საქმე, პირველ ყოვლისა, სპორტულ წარმატებაშია, რომლის იმედიც ასე ჰქონდა ხელმძღვანელობას, რომელმაც მოიწვია ვან გაალი. ამით წარმატება კი ჯერ ისევ არ მოსულა. პარადოქსი - "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სპორტული პროექტია, მაგრამ დღესდღეობით გამარჯვება არ არის. ყველაზე საშიში, რაც "იუნაიტედმა" დაკარგა ფერგიუსონის წასვლისას - ეს არის ის, რომ მისი აღარ ეშინიათ. "მანჩესტერ იუნაიტედი" მეტოქეებს შიშს ვეღარ ჰგვრის! ამას ვერაფრით დაიჯერებდი სერ ალექსის დროს. ალბათ, მართალი ხართ, შესაძლოა, არასაკმარისი დრო ეთმობა აკადემიას, რეზერვს. მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა. "იუნაიტედში" ახალგაზრდებთან ყოველთვის კარგად მუშაობდნენ. ბოლოსდაბოლოს, 92-იანების თაობა ხომ ყოველთვის არ იქნება".
შეკითხვა: "რას იტყვით მემფისზე? მისი ჩემპიონატი არ არის? თუ ვან გაალი არ იყენებს სწორად? რას ფიქრობთ, რა უნდა მოუხერხონ შვიდიანს? იჯარა, ტრანსფერი თუ სხვა პოზიცია"?
პასუხი: "მემფისის შესახებ რუდ გულიტმა უაღრესად მართალი რამ თქვა: "ბიჭმა ფეხბურთზე უნდა იფიქროს და არა- ქალებსა და მანქანებზე". ალბათ, წაიკითხავდით დეპაისა და მისი გამოხტომების შესახებ. ფეხბურთი არ გაპატიებს მისდამი ასეთ მიდგომას. ნამდვილად, ბიჭმა ჭკუა დაკარგა. თავს თუ ხელში არ აიყვანს, ფეხბურთისთვის დაიკარგება. ეს მისი პრობლემაა".
შეკითხვა: "ბოლო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ვან გაალის დათხოვნის შესახებ ბევრი იწერებოდა. როგორც ცნობილია, სერ ალექს ფერგიუსონის დროს, იმ დროს, როცა ბრიტანული ფეხბურთი ჯერ კიდეც ცოცხლობდა, კლუბში მწვრთნელები დიდხანს იმყოფებოდნენ. ახლა კი, თუ მაგალითად ავიღებთ დიდ კლუბებს, როგორიც "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "რეალი" და სხვები არიან, მწვრთნელთა ხშირ გამოცვლას მიმართავენ. როგორ გგონიათ, ალექსანდრ ვიქტოროვიჩ, "მანჩესტერს" დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინა ვან გაალი, თუ ჰოლანდიელს კვლავ უნდა მისცეს შანსი და თავისი კონტრაქტის ამოწურვის საშუალება, ისეთმა დიდმა კლუბმა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", მხრებიდან უნდა მოიშოროს ეს ტვირთი, თუ კვლავ უნდა მოითმინოს და ბრამად ენდოს"?
პასუხი: "როცა ვან გაალი "იუნაიტედში" მოვიდა, დაგვპირდა, რომ გუნდს სამ წელიწადში ჩემპიონს გახდიდა. ერთი მხრივ - აცადეთ ჰოლანდიელს კონტრაქტის ამოწურვამდე მუშაობა. იქნებ, მართლაც შეძლოს. მეორე მხრივ - "მანჩესტერი" მართლაც მოსაწყენად თამაშობს მისი ხელმძღვანელობით. შირერმა თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშების ყურება ამაზრზენია. ეს კი უკვე ბიზნესია. "იუნაიტედი" - პრემიერ ლიგის ყველაზე დასწრებადი გუნდია. და თუ ეს მოწყენილობა მოედანზე გაგრძელდება, მაყურებელს აუცილებლად დაკარგავს. ამის დაშვება შეუძლებელია. ეს ფული! ალბათ, ვან გაალის გაძევება-არ გაძევების საკითხს "იუნაიტედი" კალკულატორით ითვლის".
შეკითხვა: "რას ფიქრობთ "მანჩესტერ იუნაიტედში" დევიდ მოიესის ყოფნისა და მისი გაძევების შესახებ?"
პასუხი: "ადამიანურად ძალიან შემეცოდა მოიესი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი გამოუვიდოდა. ფერგიუსონის შემდეგ მოსვლა - ეს, ასე ვთქვათ, გმირობაა. ეს იგივეა, რომ შეხვიდე გალიაში, სადაც ლომები და ვეფხვები არიან, წინა მომვლელის შემცვლელად. ასევე, ფერგიუსონმა იდეალურად შეარჩია დრო წასვლისთვის. ამ გუნდისგან მაქსიმუმი მიიღო. ეს იგრძნეს ფეხბურთელებმაც. მოიესს რთული დავალება ერგო წილად. ვწუხვარ. აი, ფერგიუსონს ადრე რომ მოეყვანა მოიესი და ამ "ვეფხვებისთვის" ადრევე მოემზადებინა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. თუმცა, ვინ იცის..."