ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ ამაყობს "არსენალთან" თავისი გუნდის 3-2 გამარჯვებით.
მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ვან გაალის აზრი შედეგზე: "ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ასევე კმაყოფილი და ბედნიერიც, რადგან ეს მოვახერხეთ "შრუსბერი თაუნის" წინააღმდეგ, ეს მოვახერხეთ "მიდტიულანდის" წინააღმდეგ, ზეწოლის ქვეშ მყოფებმა, და ახლა ეს გავაკეთეთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, ასე რომ, მოხარული ვარ".
სამ დღეში მეორე გამარჯვების შესახებ: "მატჩის წინ უკვე ვთქვი, რომ სამართლიანი არ იყო მათთვის დასასვენებლად ოთხი დღის მიცემა, ჩვენთვის კი მხოლოდ ორის. ამას უნდა გავმკლავებოდით და ასეც მოვიქეცით". საოცარია".
მარკუს რეშფორდის ორი გოლის შესახებ: "დიდებულად თამაშობდა, ჩემი აზრით, შესაძლოა, უკეთაც კი, ვიდრე "მიდტიულანდის" წინააღმდეგ, რადგან დაძაბულობა უფრო მეტი იყო და უკეთესი რამეებიც გააკეთა. კვლავ ორი გოლი გაიტანა და მისით მოხარული ვარ. ვფიქრობ, განსაკუთრებული ნიჭი აქვს".
მარცხენა მცველად ტიმოთი ფოსუ-მენსას დაყენების გადაწყვეტილების შესახებ: "დიდხანს მეგონა, რომ მცველად უკეთესად ითამაშებდა. უორენ ჯოისს ვუთხარი და უორენმაც მეორე გუნდში მისი ამ პოზიციაზე გადაყვანა სცადა, სადაც ჩემი აზრით, ძალიან კარგად ითამაშა. მცველებთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს და ამიტომაც. ის კი გამოვიდა "არსენალის" წინააღმდეგ და ბრწყინვალედ ითამაშა. არავითარი შეცდომა არ დაუშვია, ეს ფანტასტიკაა."
მეოთხე მსაჯთან საუბრისას მისი რეაქციის შესახებ: "ცოტათი ემოციური იყო, ზედმეტადაც კი. მსაჯის, გვერდითი მსაჯისა და მეოთხე მსაჯის ავტორიტეტისთვის კარგი არაფერი მომხდარა. ბოდიში მოვუხადე და მათაც მიიღეს".