ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია, მოახერხებს თუ არა ენტონი მარსიალი "არსენალთან" თამაშს.
ფრანგი ფორვარდი "მიდტიულანდთან" მატჩის წინა გახურებაზე დაშავდა და მისი ადგილი ევროპის ლიგაზე მარკუს რეშფორდმა დაიკავა.
იგივე მიზეზით უკვე სამი მატჩი გამოტოვა დავიდ დე ხეამაც, რომლის ნაცვლად გუნდს სერხიო რომერო იცავს.
კვირას ვან გაალის შეგირდები "მეთოფეებს" შეხვდებიან, მატჩის წინ კი მწვრთნელმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
"არ ვიცი, რა მოუვიდა ენტონი მარსიალს, რადგან მან მატჩის წინ მიიღო ტრავმა.
მას ვესაუბრე, ასევე პიზიოთერაპისტს, რომელმაც უკვე გამოიკვლია და მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ისეთი მძიმე ტრავმა არ აქვს, როგორიც გვეგონა, თუმცა წინასწარ არასდროს იცი.
მიხარია, რომ როხომ 10 თუ 15 წუთი ითამაშა და უკვე აჩვენა თავისი ფორმა, ძალიან კარგი იყო, ჩემი აზრით.
როხო მატჩებში უნდა გამოვიყენო, მაგრამ ადვილი არ არის, რადან მან მხოლოდ ორჯერ ივარჯიშა ჩემთან ერთად, პირველ დღეს მეორე გუნდთან, შემდეგ კი ჩვენთან ერთად, ასე რომ, რისკს ვწევ ამის გასაკეთებლად, მაგრამ ეს სწორედ ჩემი გასაკეთებელია და იმედი მაქვს, მატჩებში გამოვიყენებთ.
ვალენსია ბრუნდება, ფელაინიც ბრუნდება, საერთოდ, მარტში ბევრი ფეხბურთელი გვიბრუნდება და შემდეგ კვლავ ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება. თუმცა, ეს მატჩი მნიშვნელოვანია ბევრი ფეხბურთელისთვის".