თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2016, 20:13
ავტორი: ViDa,
ნანახია: 17649,
კომენტარები: 7
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ტრებლი
თავი XI (ნაწილი 1)
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ტრებლი
თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს ან "იუნაიტედის" გულშემატკივარს ემახსოვრება რომელიმე მომენტი იმ სეზონიდან, რადგან მასში უამრავი მომენტი ჩაეტია, რომლის ამოშლა მეხსიერებიდან შეუძლებელია. 1998/99 წლების კამპანიაში ბევრი ისტორიული მატჩი დაფიქსირდა, მათ შორის ჩემთვის ყველაზე სამახსოვროც. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე არ ვგულისხმობ "კამპ ნოუს", სადაც დრამატულ შეხვედრაში ჩვენ ჩემპიონთა თასი მოვიგეთ.

ამ ათი თვის განმავლობაში უამრავი ლამაზი ფეხბურთი ვიხილეთ, მაგრამ იყო ერთი იმდენად ლამაზი და სამახსოვრო, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება. მით უმეტეს, ეს ყველაფერი მოედნის მიღმა მოხდა. ეს ის მომენტია, როდესაც Deansgate-ზე გავდიოდით ავტობუსით, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები და გვიყურებდა ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრში.

მაშინ მანჩესტერი ჩემი სამოთხე გახდა.

დღემდე მახსოვს ერთ-ერთი გულშემატკივრის სახე. იგი იდგა და ყვიროდა ისე, რომ ვენები უსკდებოდა კისერზე. სწორედ ეს იყო ნამდვილი სიხარული. მისი საუკეთესო მომენტი იყო და ოცნებები აუხდა. ჩვენი ოცნებებიც ახდა იმ სეზონში. მის გვერდით სხვა ბიჭებიც იდგნენ სელფორდიდან, ტრაფორდიდან, მიდდლტონიდან და ვიზენშოდან, რომელთა ხელები სიხარულისგან კანკალებდა. ვფიქრობ, ვინც მათზე უფროსი იყო, რომლებსაც 1968 წელი ახსოვთ, ეს იყო წმინდა გრაალის დაბრუნება. ახალგაზრდებისთვის ეს ნამდვილი ეიფორია იყო, რადგან ჩვენ, როგორც იქნა, ევროპის მეფეები გავხდით. ძალიან ბევრს ვიბრძოდით და ვმარცხდებოდით. ახლა, როგორც იქნა, მივაღწიეთ მწვერვალს.

მე ძილი მჭირდებოდა. ძალიან დაღლილი ვიყავი რთული სეზონის შემდეგ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა გულშემატკივრებს შორის მევლო და ვყოფილიყავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე. ხალხი ბოძებზე ძვრებოდა და ოფისის ფანჯრებიდან ვარდებოდა. ეიფორია ყველგან იყო. რაღაც განსხვავებული იყო ამ ავტობუსის მოძრაობაში. ეს წარმატება ყველასთვის იყო, ვინც "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა.

ჩემპიონთა თასის მოგება როგორც ტრებლი, არაჩვეულებრივი მიღწევაა ნებისმიერისთვის. მაგრამ მხოლოდ იმ დღეს მივხვდი, რამდენად გამიმართლა, რომ ვთამაშობ ბავშვობის ოცნების გუნდში. როგორც გულშემატკივარი, ბევრი ცუდი თამაში მინახავს "იუნაიტედის" მხრიდან. და ახლა, როგორც მოთამაშე, ნაწილი ვიყავი იმ გუნდისა, რომელმაც მწვერვალზე დაგვაბრუნა.

ახლა უკვე შეიძლებოდა "იუნაიტედის" ნებისმიერი ისტორიულ პერიოდთან ჩვენი შედარება. და მთავარი ის იყო, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

ბევრი დაუვიწყარი და რთული მატჩი გვქონდა, მომენტები, როდესაც შეიძლებოდა საქმე სხვა მიმართულებით წასულიყო, მაგრამ ამ სეზონში არც შავი და არც თეთრი პერიოდი არ გვქონია. ეს სეზონი ყველაფრის კულმინაცია იყო: უამრავი მუშაობა ბავშვობიდან, მწვრთნელის შრომა. უამრავი სწავლების, გაუმჯობესებისა და ზოგჯერ მარცხის შედეგი. თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი იშრომა, რათა ამისთვის მიგვეღწია.

ამაზე მეტი სასიამოვნო ისაა, რომ სეზონის დაწყებამდე ნებისმიერი ჩვენგანისთვის რომ ეკითხათ, რომელი გუნდი შევიდოდა ისტორიაში, ჩვენ ვუპასუხებდით: "არსენალი". ისინი ინგლისის ჩემპიონები იყვნენ. "რეალ მადრიდი" ევროპის ჩემპიონი გახლდათ. ჩვენ კი ვერაფერი მოვიგეთ გასულ სეზონში.

ამის მიუხედავად, იყო მიზეზები იმისა, გვეფიქრა, რომ ჩვენ უკეთესები გავხდით. იაპ სტამი ვიყიდეთ, დევი "პსვ-დან". როი ისევ მწყობრში იყო საშინელი ტრავმის შემდეგ. დუაიტ იორკი სექტემბერში "ასტონ ვილადან" შემოგვიერთდა. თითოეულმა მათგანმა დაამტკიცა, რომ იყვნენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები.

თუმცა სეზონის გახსნაზე, როდესაც "არსენალმა" დაგვამარცხა Charity Shield-ზე, ასე არ ვფიქრობდით. 3:0 დავმარცხდით და საშინელ ხასიათზე ვიყავით. ოვერმარსმა უბრალოდ გამანადგურა. ძალიან ცხელოდა და პეტი აგრძელებდა ჩემს ზურგს უკან სირბილს "უემბლის" უზარმაზარ სტადიონზე. შესვენებამდე მე უკვე მატჩის დასასრულზე ვფიქრობდი. ბექსისკენ გავიხედე და ვთქვი: "ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ეს თამაში". ვიცოდი, რასაც ვამბობდი. იაპიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ანელკას წინააღმდეგ. ბევრ ჩვენგანს მსოლფიო ჩემპიონატის დაღლილობა ეტყობოდა, რასაც ვერ იტყოდი "არსენალის" ფეხბურთელებზე. ჩვენ უბრალოდ საშინლად გამოვიყურებოდით.

სეზონიც ცუდად დავიწყეთ და რამდენიმე ფრე ვითამაშეთ. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ იძულებულები იყვნენ, "ვესტ ჰემთან" მატჩში შევეცვალე ჯერ კიდევ შესვენებაზე. მწვრთნელმა მალტაზე გამამგზავრა და ერთი კვირის განმავლობაში ძილის მეტს არაფერს ვაკეთებდი. სეზონი ერთი კვირის დაწყებული იყო და მე უკვე დასვენება მჭირდებოდა.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავმარცხდით "არსენალთან" იმავე ანგარიშით, თუმცა უკვე ნიკი ბატის გარეშე. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა ტალღასავით გადაგვიარა. ჩვენ ვერაფრით ვიმართლებდით თავს. სახლში "არსენალი" აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა.

მხოლოდ ევროპაში ვაჩვენეთ ნამდვილი ძალა, იმის მიუხედავად, რომ სასიკვდილო ჯგუფში მოვხვდით მიუნხენის "ბავარიასთან" და "ბარსელონასთან". ტოპ გუნდებთანაც კი საჭირო დონე და ცივსისხლიანობა ვაჩვენეთ. ამასთან ერთად, "იუნაიტედს" სულ ჰქონდა მებრძოლი სული.

იორკი ისე ათამაშდა "ოლდ ტრაფორდზე", თითქოს ამისთვის იყო დაბადებული. მის გარდა გუნდში კოული, ტედი და ოლე გვყავდა, ასე რომ, გოლების პრობლემას არ განვიცდიდით.

შედეგად, ჩვენ გავიარეთ ეს საფეხური ისე, რომ მატჩი არ წაგვიგია და ექვს მატჩში ოცი გოლი გავიტანეთ, ტურნირიდან გამოვთიშეთ "ბარსელონა", რომლის რიგებში თამაშობდნენ კოკუ, ლუის ენრიკე, რივალდო, ლუიშ ფიგუ და ანდერსონი. ორი ფრე ანგარიშით 3:3 "ბარსელონას" წინააღმდეგ ფანტასტიკური იყო. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ელვას ჰგავდა. ფიგუ დიდი ოსტატია. რივალდო ფორმის პიკში იყო. დღემდე მიკვირს, როგორ ვერ მოვახერხეთ სამზე მეტის გაშვება.

ფიგუ უდიდესი ფეხბურთელი იყო. საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, მივიღე მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე, მოვიგე ტიტულები და ვფიქრობდი, რომ ვერავინ მომერეოდა, თუმცა შემდეგ იგი გამოჩნდა. ეფექტური ფინტით ძირს მომსვა. ყველაფერი მარტივად და ლამაზად გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა არ იყო.

შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩემი მიმართულებით მორბოდა, გავიფიქრე: "ამჯერად ასე მარტივად ვერ მომიშორებ. ისე გავაჩერებ, რომ მისი ძლიერი ფეხის გამოყენება ვერ შეძლოს".

მაგრამ მან უბრალოდ ჩამირბინა და შემდეგ არაჩვეულებრივად ჩააწოდა მარცხენათი. მას შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით გაქცეულიყო, კარგად ხმარობდა ორივე ფეხს, სწრაფი იყო და ბრწყინვალედ იდგა ფეხებზე. ჟინოლა და დელ პიერო კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ფიგუ მათზე მაღლა იდგა.

ექვსი მატჩი ჯგუფურ ეტაპზე, ოცი გატანილი გოლი და თერთმეტი გაშვებული. რაც არ უნდა მომხარიყო იმ სეზონში, ჩვენ ვერ მოვიწყენდით. ჩემპიონატშიც ძალიან ბევრს ვუშვებდით. შვიდ მატჩში თოთხმეტი ბურთის მიღება მოვასწარით საკუთარ კარში. დავმარცხდით "მიდლსბროსთან" 3:2 შობამდე ერთი კვირით ადრე. შესვენებამდე ანგარიში 3:0 იყო. მწვრთნელი მაშინ გასვენებაში იყო. მოედანზე ერიკ ჰარისონმა გაგვიყვანა, რადგან იგი ფერგის ასისტენტი იყო. ბოსი რომ არ ჩავთვალოთ, ყველაზე უწმაწური სიტყვები რაც კი გამიგონია, ერიკის პირიდან ამოდიოდა. შესვენებაზე იგი შემოგვიტრიალდა მცველებს და გვითხრა: "სამი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში უნდა გავუშვა, რადგან თქვენი საშველი არ არის, თქვენი დედაც". ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, რომ თითქოს უკან, აკადემიაში მოვხვდით, თუმცა ამ ყველაფერმა ეფექტი გამოიღო. ამის შემდეგ არცერთი მატჩი არ წაგვიგია სეზონის დასრულებამდე.

ბევრჯერ დრამატულადაც კი შემოგვიტრიალებია თამაში. „ლივერპულთან“ მატჩში ინგლისის თასის მეოთხედფინალში 1:0 ვმარცხდებოდით 88 წუთზე. მთელი ძალით ვუტევდით. ბურთი ძელს, ყველაფერს ხვებოდა ბადის გარდა. მოგვიანებით დუაიტმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებულ 73-ე წამზე ოლე გუნარმა გამარჯვების ბურთი შეტენა. ორმა გოლმა ბოლო წუთებზე გადაარჩინა, თითქოსდა განწირული თამაში- და ასე არაერთხელ მომხდარა.

იმ საღამოს რვა ათასი სკაუზერი იმყოფებოდა სტადიონზე, რომლებიც არასასიამოვნო სიმღერებს მღეროდნენ ჩემი მიმართულებით. მატჩის ბოლოს მათკენ გავემართე და გამარჯვება აღვნიშნე- მსგავსი შემთხვევაც არაერთხელ განმეორდა.

თასი მესამე იყო ჩვენს სიაში, მაგრამ მან იმპულსი მოგვცა. „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ ჩვენ 0:0 გავაგორეთ „ჩელსისთან“, ხოლო 2:0 დავამარცხეთ გადათამაშებაზე. ამ მატჩებმა დაუმარცხებლობის შეგრძნება შეგვმატა.

ყველაფერი ერთ სურათად იქცა და უკვე გაზაფხულზე ჩვენ ვგრძნობდით, რომ იშვიათი საშუალება გვეძლეოდა, რათა რაიმე განსაკუთრებული ჩაგვედინა. ყველაზე წვრილმანი დეტალებიც ჩვენს სასარგებლოდ იყო. იმპულსი უფრო და უფრო იზრდებოდა.

ამ ფონზე კიდო „ბლეკბერნ როვერსში“ წავიდა. ამას შეეძლო დიდი პრობლემები გამოეწვია გუნდში, რადგან იგი ძალიან კარგი მწვრთნელი იყო და ფეხბურთელებს, როლებმაც მასთან ერთად ახალგაზრდული გუნდი გავიარეთ, კარგი დამოკიდებულება გვქონდა. გარკვეული დროის განმავლობაში ბოსი უფრო მეტ მონაწილეობას იღებდა ვარჯიშებში, ვიდრე ადრე. ჩვენ არასდროს გვირბენია ამდენი შუა სეზონის დროს, როგორც მაშინ.

თებერვლის დასაწყისში, როდესაც „ნოტინგემთან“ მატჩისთვის ვემზადებოდით, ვიღაც ტიპი შემოვიდა რესტორანში. როგორც სხვებმა, მეც გავიფიქრე: „ეს ვინ არის?“ აქამდე არასდროს მინახავს და მით უმეტეს, არ მსმენია. ეს სტივ მაკლარენი იყო და უკვე მომდევნო დღეს მოედანზე გუნდს ახურებდა. საღამოს კი 8:1 მოვიგეთ, სადაც ოლემ ოთხი ბურთი გაიტანა 12 წუთში.

დარწმუნებული ვარ, სტივი არ ფიქრობს, რომ ეს მთლიანად მისი დამსახურებაა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგი კარგად მოერგო გუნდს. მას გაუმართლა, რომ მუშაობა ამ გუნდში მოუწია და ჩვენც, ჩვენი მხრიდან ეჭვი არ გვეპარებოდა მის პროფესიონალიზმში. იგი არაჩვეულებრივ ვარჯიშებს ატარებდა -უეცარი, ინტენსიური, მიზანდასახული და, ამავდროულად, სახალისო. მნიშვნელოვანი თამაშები გველოდა წინ, ამიტომ ტაქტიკური გეგმა აუცილებელი იყო, მაგრამ ამასთან ერთად, მან ჩვენი ხასიათის ამაღლებაც შეძლო, რათა არ მოგვეწყინა. მაგალითად, სავარჯიშო მატჩებს ვატარებდით „ლეგიონერები ბრიტანელების“ წინააღმდეგ. მსგავსი თამაშები ფანტასტიკური იყო და მაქსიმალურად მიახლოვებული რეალობასთან. მოკლედ, გუნდის სულისკვეთება უმაღლეს დონეზე იყო.

პიტერი ვერ უგებდა როის, როი და ტედის მეგობრობა წარმოუდგენელი იყო, ხოლო ენდი კოული და ტედი ძველი გაუგებრობის გამო არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ და ეს ყველაფერი არ უშლიდა ხელს მოედანზე კარგად ეთამაშათ. თუ რაიმე ზეწოლა იგრძნობოდა, მხოლოდ დადებითი და ისიც ვარჯიშებზე. ხუთეული ან ექვსეული, რომლებმაც ერთად გავიარეთ ახალგაზრდული გუნდი, ალბათ აერთიანებდა გუნდს. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გუნდის აწყობა მეგობართა ბანდის გარეშეც შეიძლება და ამის უამრავი მაგალითი მაქვს, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ჩვენ საოცრად დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა.

თავის პირველ სეზონში იორკს დიდი გავლენა ჰქონდა გუნდში. იგი ახალწვეული იყო და მას ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ვარჯიშების მიმართ. საბოლოოდ, ძალიან საინტერესო შერევა მოხდა. ჩვენ ვიცოდით, რომ მას უყვარდა დროს ტარება და სმა. ერთობოდა ღამის სამ საათამდე. ამავდროულად, იორკი არ იყო ისეტი ტიპი, რომლის შემჩნევა გაგიჭირდება: მას კეპი ეხურა წინიდან უკან, ანუ პირიქით. ცდილობდა, კოქტეილები თავზე დაედგა, ახტებოდა ბარის მაგიდას, რათა მომსახურე პერსონალს დახმარებოდა. იმის გათვალისწინებით, თუ რა კავშირები ჰქონდა ჩვენს მწვრთნელს, შეუძლებელი იყო ამის შესახებ რამე არ გაეგო. „მე ვიცი, სად იყავი გუშინ ღამით“,- უთქვამს მას თითოეული ჩვენგანისთვის. მაგრამ ფერგიუსონიც კი თვალს ხუჭავდა პირველ სეზონში, სანამ იორკი თავის თამაშს აჩვენებდა.

კოულისა და იორკის ურთიერთობა საკმაოდ სახალისო იყო. კოული მუდამ წყნარი იყო, რაც ზოგჯერ ბევრს ქედმაღლობად მიაჩნდა, თუმცა საჭირო იყო, იგი კარგად გაგეცნო და მიხვდებოდი, რომ ენდი არ იყო ცუდი ბიჭი. მაშინ იგი ტკბებოდა თამაშებით და იორკის დახმარებით.

იორკთან, რომელიც ყველაზე სწრაფად შეეგუა „იუნაიტედს“, იაპთან, რომელიც ჩინურ კედელს ჰგავდა, ფორმის პიკში მყოფ კინთან და ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად, რომლებიც დღითიდღე კაცდებოდნენ, შეიკრა ნამდვილად ბალანსირებული და ძლიერი კოლექტივი. როგორც იქნა, ჩვენც ჩამოგვიყალიბდა ის ფუძე, რომლის ხარჯზე ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ვითამაშებდით. გიგზი და ბექსი, ერთადერთი წყვილი ვინგერები იყვნენ, რომლებიც შეტევაში და დაცვაშიც იხარჯებოდნენ. ჩვენც გაგვიჩნდა თავდაჯერებულობა, რაც უფლებას გვაძლევდა, მატჩებში პირველ ნომრად გვეთამაშა და ამით მეტოქეები გაგვეკვირვა.

შეიძლება, ჩვენ არ ვთამაშობდით ლამაზ და გულშემატკივრებისთვის სასურველ ფეხბურთს. მაგრამ სამაგიეროდ, გუნდი სტაბილური იყო და თამაშიდან თამაშამდე ტაქტიკა არ იცვლებოდა. როგორც წესი, მოედანზე 4-4-2 ან 4-4-1-1 გამოვდიოდით, ხოლო თამაში წარმოუდგენლად სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, ფეხბურთელები კი საკუთარ კლასს აჩვენებდნენ.

ამავდროულად, ვისწავლეთ მატჩის მსვლელობის კონტროლირება და ასევე, გვქონდა რამდენიმე ტაქტიკური ხრიკი. „ინტერის“ წინააღმდეგ მატჩში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ჩვენ ვიცოდით, რომ რობერტო ბაჯო ფორვარდის პოზიციაზე გადაიწევდა და სიღრმიდან შეუტევდა. დელ პიერო ამას არაჩვეულებრივად აკეთებდა და გიგზმაც ისწავლა. ეს მოქმედება მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებს. უნდა ავიდეს ცენტრალური მცველი ზევით თუ არა? ან შეიძლება ეს განაპირა მცველმა შეასრულოს. თუმცა, ალბათ უფრო ნახევარმცველის მოვალეობაა ამის გაკეთება. ეს ამოცანა თუ ვერ გამოიყვანე, მაშინ პირველივე შეტევაში ბაჯო დაგსჯით, ხოლო თქვენს დაცვას შუაზე გაყოფს და იდეალურ გადაცემას გააკეთებს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბურთი ჩვენ გვქონდა, მე ნახევარდაცვაში ვიწევდი, რათა ბაჯო ამეყვანა. ეს ჩემს ჩართვებს დაეტყო შეტევაში. იმ მატჩში თითქმის არ გამიკეთებია ჩარბენები ბექსის ფლანგზე. სამაგიეროდ, ბაჯო გამოეთიშა თამაშს, ხოლო დენის ირვინმა ანალოგიური გაუკეთა იური ჯორკაეფს მოპირდაპირე ფლანგზე. ჩვენ 2:0 მოვიგეთ. „ინტერი“ პირველივე ნახევარში გავანადგურეთ. ბევრს ვაწვდიდით საჯარიმოში, ხოლო მათ არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ჩვენთვის. ამის მიუხედავად, მატჩის ბოლოს ლამის საკუთარ კარში გავუშვით. შმეიხელმა ბრწყინვალე სეივი გააკეთა სამორანოს თავურის შემდეგ- სწორედ ასეთი ფეხბურთელები და ასეთი ეპიზოდები წყვეტდა მატჩის შედეგს. მოკლედ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლო იტალიური ტოპ გუნდების წინააღდეგ თამაში. შემდეგ კი, მეორე შეხვედრაშიც დავამარცხეთ მილანელები.
„სან სიროზე“ ფორთოხლებს გვესროდნენ, როდესაც გასახურებლად გამოვედით. ხოლო ასეთი ხმაური არ გამიგია „გალათასარაის“ შემდეგ. მწვრთნელი, ალბათ, მაშინ ფიქრობდა, გავუძლებდით თუ არა ასეთ ზეწოლას. თუმცა მან თავის დაზღვევა ამჯობინა. ნახევარდაცვაში სქოულზის ნაცვლად რონი იონსენი შემოიყვანა და გადაწყვეტილებამ გაამართლა. რონი ყველგან იყო და მოწინააღმდეგეს არაფრის უფლებას აძლევდა.

მწვრთნელმა მე და დენისს გვითხრა , რომ რაც შეიძლება ხისტად გვეთამაშა ბურთზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზეწოლა უფრო გაიზრდებოდა. „ბურთი წაართვით, ბურთი წაართვით“, - გვიმეორებდა იგი გასახდელში. იგი ცდილობდა გუნდი გამოეცოცხლებინა ასეთ რთულ მატჩში. და ამანაც იმოქმედა.

ნიკოლა ვენტოლამ რონალდოს გადაცემის შემდეგ გუნდი დააწინაურა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ორივე მატჩის ანგარიშით ვთმობდით შემდეგ ეტაპზე მაინც ჩვენ გადავედით სქოულზის გოლის ხარჯზე, რომელიც მან მატჩის მიწურულს გაიტანა. მე ბურთი საჯარიმოში ჩავაწოდე, ხოლო დანარჩენი სქოულზიმ თავისით გააკეთა.

ჩვენ უფრო და უფრო ვეჯაჭვებოდით ტაქტიკურ მხარეს, რაც შემეხება მე- საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებოდი. „ინტერთან“ მატჩი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რადგან იმ საღამოს მივიღე უზომო რწმენა საკუთარ თავში. მაშინ ნამდვილად ვიცოდი, რომ შეცდომას არ დავუშვებდი. ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა. ყოველგვარი შიში, დაბნეულობა გაქრა. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ჩემპიონატში ვლიდერობდით, მივაღწიეთ ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
7 კომენტარი
№1
ავტორი: chester
23 თებერვალი 2016 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Miyvars am yvelapris kitxva
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2016 21:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სამწუხაროდ, პირდაპირი ტრანსლიაციით არ მომეცა მატჩის ყურების საშუალება, რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ გარდა მატჩისა, თავად სეზონის გამოტოვებაზეც მწყდება გული. თუმცა ვუყურე გამეორებას და უნდა ითქვას, რომ ძალიან გაგვიმართლა ფინალში. ბაიერნს უამრავი მომენტი ჰქონდა და სამ წუთში ყველაფერი დაემსხვრა, მაგრამ უკვე წარსულია. გუნდის ხასიათი იყო ბოლომდე ბრძოლა და ეგრე იყო ფერგის დროს სულ.

ისე, არანაკლებ დრამატული იყო ინგლისის თასის ფინალი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2016 10:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მაშინ მანჩესტერი ჩემი სამოთხე გახდა.

love
დაუსრულებლად რომ შეგიძლია იკითხო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2016 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიმართლე, რომ ვთქვა ყველაზე მეტად ამ ეპიზოდს ველოდები გარის წიგნიდან, როცა ის შეუდარებელ 98/99 წლების სეზონს გაიხსენებდა. მართლა სამწუხაროა, რომ ამ დიდი სასწაულის მომსწრე არ ვიყავი და რომ შეიძლებოდეს იმ ეპოქაში დაბრუნება და ამ სეზონის თავიდან ყურება ერთი დიდი ბედნიერება იქნებოდა.

მოკლედ მოუთმენლად ველით ამ თავის გაგრძელებას winked
0
№5
ავტორი: ViDa
26 თებერვალი 2016 02:16
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ალბათ ყველაზე გამორჩეული თავია მის წიგნში, რა თქმა უნდა წინ ბევრი საინტერესო გელით, მაგრამ ყველაზე ნაყოფიერი ეს არი ჩემი აზრით!

იდეალური სეზონი ჰქონდათ, რაღა უნდა ითქვას მეტი ამაზე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: stepno
22 აპრილი 2016 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა საინტერესოა love
0
№7
ავტორი: de gea1
23 აპრილი 2016 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
არ მევასება გარი ნევილი სუფტა ****
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top