"შრიუსბერი თაუნის" მთავარმა მწვრთნელმა მიკი მელონმა ღიმილით უპასუხა შენიშვნას იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩს პრობლემებით ხვდება.
"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობას ყოველ ტურში უფრო და უფრო შორდება, რომ არაფერი ვთქვათ ტიტულისთვის ბრძოლაზე.
მაგრამ მელონმა განაცხადა, რომ უფრო მეტი პრობლემა აქვს მის გუნდს, რომელიც არც კი შეედრება "მანჩესტერ იუნტედის" პრობლემებს.
"ვგონებ, ამ სეზონში უკვე მეოთხე გუნდს ვაშენებ. სეზონის დასაწყისში ხალხი ჩემი ფილოსოფიის შესახებ მეკითხებოდა. თავიდან ვაკეთებ ყველაფერს. პირველ თვეში ხუთი ფეხბურთელი დავკარგე. ასე რომ, სხვები მჭირდებოდა, მაგრამ ყიდვა არ შემეძლო.
არ გვაქვს სავარჯიშო ბაზა, 29 მილს გავდივართ აქ ჩამოსასვლელად, ვჭამთ სენდვიჩებს ადგილობრივ ჯიხურში, გრილი სუპი მოაქვთ და ჩვენს მაისურებს ჩვენ თვითონ ვრეცხავთ. მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ძალიან იღბლიანები ვართ, ჩვენ ხომ ფეხბურთს ვთამაშობთ".
მელონმა ვან გაალის შემცვლელად რაიან გიგზის კანდიდატურაზეც ისაუბრა: "არ ვემხრობი იმ აზრს, რომ გიგზი შესაფერისი არ არის. ვფიქრობ, ძალიან კარგად მოაზროვნე, კარგად იცის, როგორი თამაში სურს, თამაშს კარგად ხედავს.
მაგრამ არა მგონია, ვინმემ იცოდეს, როგორი მწვრთნელი იქნება ადამიანი, სანამ იგი ტექნიკურ ზონაში არ დადგება, წააგებენ და მაშინვე რაღაცას ესვრიან, როგორ გაუმკლავდება ამას? - აი სწორედ მაშინ გავიგებთ".
მელონს მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა, როცა კენჭისყრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" არგუნა და ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ გამარჯვება ირწმუნონ.
"დიდ სკოლის მოსწავლეს ვემსგავსები, როცა საქმე ფეხბურთს ეხება.
ჯერ კიდევ ვოცნებობ, მე მაქვს ამბიცია, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გუნდი დაახლოებით 1000-ჯერ გავიყვანე ვიდეოთამაშში, ახლა ამას რეალურად გავაკეთებ.
მინდა, ჩემს ფეხბურთელებს სჯეროდეთ. მძულს, რომ ფეხბურთელი ამბიციას კარგავს. ასეთ დროს ამბიცია ქრება, მერე წარმოდგენაც ქრება და ამას ვერაფერს უშველი".