"შრიუსბერი თაუნის" ნახევარმცველი იენ ბლეკი ბავშვობიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობს. მისი ოჯახი სამი სეზონური აბონიმენტის მფლობელია და 30 წლის ბლეკი ახალგაზრდობიდანვე მოგზაურობდა ედინბურგი - "ოლდ ტრაფორდის" მარშრუტით, რათა საყვარელი გუნდის თამაშს დასწრებოდა.
ბლეკი, ისევე, როგორც "იუნაიტედის" სხვა ქომაგები, იძულებულია, კრიზისში მყოფი ვან გაალის გუნდის თამაშს ადევნოს თვალი, მაგრამ აცხადებს, რომ სხვა ქომაგებისგან განსხვავებით მას არასდროს დაუსტვენია კლუბის საწინააღმდეგოდ.
"უკვე 20 წელზეა მეტია, რაც ჩემი ოჯახი "ოლდ ტრაფორდის" სეზონურ აბონიმენტს ფლობს. "იუნაიტედი" ცუდად გამოიყურება ამ სეზონში, მაგრამ ამ გუნდის ჩამოწერა არ შეიძლება. უდიდესი თანხები დახარჯეს იმისთვის, რომ დაბრუნებულიყვნენ იმ დონეზე, რომელზეც ასეთი მასშტაბის კლუბი უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ მიახლოებიან ამ დავალების შესრულებას.
"ოლდ ტრაფორდზე" შუა კვირაში გამართულ მატჩებზე ჩასვლას ვახერხებ, მაგრამ გუნდისთვის არასდროს დამისტვენია, მაშინაც კი, როცა ცუდად თამაშობენ, რადგან მეც ფეხბურთელი ვარ. არაერთხელ გამომივლია ცუდი პერიოდი და უკანასკნელი, რაც ამ დროს გჭირდება, ეს ტრიბუნების სტვენაა. გუნდს მხარი უნდა დაუჭირო, ფეხზე დადგომის საშუალება მისცე. ამასთან ერთად, მესმის, რომ, თუ "შრიუსბერი" მომდევნო რაუნდში გავა, ვან გაალზე ზეწოლა მაქსიმუმამდე გაიზრდება".
"წითლები" ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე "მიდტიულანდთან" დამარცხდნენ, ბლეკი კი ფიქრობს, რომ ყველაფერში ფეხბურთელები არიან დამნაშავენი. "უეინ რუნიმ თქვა, რომ ფეხბურთელები არიან დამნაშავენი და სავსებით ვეთანხმები.
მათ არნახულ ფულს უხდიან იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშონ ასეთი დონის კლუბში, მაგრამ ეს ჯერ არავის გაუკეთებია.
ხალხი საუბრობს მწვრთნელზე და ზეწოლას ახდენს მასზე, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი კლუბის მწვრთნელი იმიტომ არის, რომ ამას იმსახურებს.
ხალხი ყოველთვის გააკრიტიკებს მწვრთნელს, მაგრამ მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გამოიყვანოს თერთმეტეული, რომელიც მისი აზრით საუკეთესოა, ამის გამო კი ყოველთვის მწვრთნელი ისჯება.
თუ ჩვენ ფრეს ვითამაშებთ ან მოვიგებთ, ვან გაალზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორი რეაქცია მექნება, თუ მათ დავამარცხებთ.
ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", ვერასდროს მიხვდები, რის ჩამდენები არიან. მათი დამარცხება ოცნება იქნება, უკვე წარმოვიდგენ".