"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი მიმდინარე სეზონში "წითლების" მაისურით წარმატებით ასპარეზობას შეძლებს.
გერმანელ ნახევარმცველს "ოლდ ტრაფორდზე" კარიერის დასაწყისი არაერთგვაროვანი გამოუვიდა და სათამაშო ფორმის დაკარგვის გარდა მას ტრავმებიც აწუხებდა. 31 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბოლო 7 მატჩი გამოტოვა.
"ბასტიანს არ გაუმართლა, რადგან ტრავმა სწორედ მაშინ მიიღო, როცა კარგად თამაშობდა - იგი ვითარდებოდა. თუმცა დეკემბერში ვთქვი, რომ მისგან უფრო მეტს ველოდი, რის გამოც გამინაწყენდა, მაგრამ ვფიქრობ, ამის თქმის უფლება მაქვს, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია", - განაცხადა ვან გაალმა.
ამ შენიშვნის მიუხედავად, "იუნაიტედის" მწვრთნელს სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონს ჯერ კიდევ შესწევს თავის გამოჩენის უნარი და ისეთი თამაშის ჩვენება, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი შეიძინა იმის მიუხედავად, რომ 31 წლისაა, ასე რომ, მის შეძენაში ხელმძღვანელობა უნდა დამერწმუნებინა, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია და გუნდს უფრო მეტ ბალანსს სძენს.
"ვოლფსბურგში" ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ უკვე აღწევდა იმ დონეს, რომელსაც "ბაიერნში" აჩვენებდა - ვფიქრობ, კვლავ დაგვიბრუნდება".