"ოლდ ტრაფორდის" სამხრეთ ტრიბუნა, რომელიც 1910 წლის სტადიონის ერთადერთი ორიგინალური ნაწილია, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის, სერ ბობი ჩარლტონის სახელს მიიღებს.
ახალი სახელის დარქმევა 2016 წლის 2 აპრილს "ევერტონთან" მატჩზე მოხდება, რომელსაც 75 ათასი გულშემატკივარი, სერ ბობი ჩარლტონი და საფეხბურთო სამყაროს ცნობილი პირები დაესწრებიან.
სერ ბობის დებიუტი "იუნაიტედში" 1956 წლის ოქტომბერში შედგა, საერთო ჯამში კი მან 758 მატჩი ჩაატარა და ამჟამად რეკორდული 249 გოლის ავტორია.
ჩარლტონი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც იყო 49 გოლით, სანამ უეინ რუნიმ 2015 წლის სექტემბერში მისი რეკორდი დაამხო.
სერ ბობი: "ეს უდიდესი პატივია და ვამაყობ - მეც და ჩემი ოჯახიც - რომ კლუბმა სამხრეთი ტრიბუნისთვის ჩემი სახელის დარქმევა გადაწყვიტა. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და "ოცნების თეატრთან" მრავალი მშვენიერი მოგონება მაკავშირებს. როგორც ფეხბურთელს, მახსენდება გოლები და ის ზღაპრული მოთამაშეები, ვისთან ერთადაც მითამაშია. როგორც დირექტორს, რამდენიმე გასაოცარი მატჩი და ფეხბურთელი მინახავს. ეს განსაკუთრებული ადგილია.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედთან" რამით არის დაკავშირებული. იმდენი ხალხი მუშაობს იმისთვის, რომ მწვერვალზე ვიყოთ! მათი ღვაწლი არასდროს დაგვავიწყდება. მაგრამ პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ნორმას, ჩემს მშვენიერ ცოლს და ჩემს ოჯახს მხარდაჭერისა და წაქეზებისთვის. ყველაფერი მათ ეძღვნებათ".