თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2016, 17:00
ავტორი: ViDa,
ნანახია: 17587,
კომენტარები: 3
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: გლენი
თავი X
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: გლენი
მე არ ვარ პირველი, ვისაც ეს უთქვამს, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ იმას, რაც სრული სიმართლეა: გლენ ჰოდლს საფეხბურთო ინტელექტის გარდა, მწვრთნელის ნიჭი ჰქონოდა.

უტყუარი ფაქტია, რომ გლენი არაჩვეულებრივი ფეხბრთელი გახლდათ და დღესაც ძლიერია ამაში- საკმარისია, მის გადაცემას მოვუსმინოთ, სადაც ექსპერტად მუშაობს. ამ ადამიანმა ყველა ფეხბურთელი იცოდა და ყველა თამაშის ნიუანსში ერკვეოდა. იგი მართლაც, რომ კარგი მწვრთნელი იყო და სურდა, ინგლისის ნაკრებს ლამაზი ფეხბურთი ეთამაშა- დაფუძნებული ბურთის კონტროლზე.

როდესაც საქმე ტაქტიკას ეხებოდა, მას შეეძლო, დაწვრილებით და გასაგებად აეხსნა ფეხბურთელისთვის, თუ რას ითხოვდა მისგან. თუმცა იგი ძალიან შეყვარებული იყო 3-5-2 სქემაზე. მის წინამორბედს, ტერი ვენეიბლს სურდა, რომ გუნს ტაქტიკური ელასტიურობა გამოეჩინა, ხოლო გლენს კი პირდაპირი მნიშვნელობით უნდოდა, რომ ეს ტაქტიკა შეგვეხორცა. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, გლენმა ნამდვილად იცოდა, რა სურდა და დარწმუნებული იყო, რომ გუნდს წარმატებას მოუტანდა.

პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ გლენს არასდროს ჰქონია ისეთი დამოკიდებულება ფეხბურთელებთან, როგორც ტერის. ვენეიბლსის ავტორიტეტი უკამათო იყო, ხოლო გლენის კი მერყეობდა, რადგან შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. მე პირადად, მწვრთნელის შეცვლა პირველივე შეკრებაზე ვიგრძენი.

როგორც ყოველთვის, ჩვენ სასტუმრო Burnham Beeches-ში გავჩერდით. მინდოდა, მანქანა ამეყვანა, რათა მაღაზიაში წავსულიყავი და რამდენიმე ჟურნალი მეყიდა. მაგრამ ნაკრების წარმომადგენელმა მითხრა, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, რადგან ახალ მწვრთნელს ასე გადაეწყვიტა. შემდეგ შევეცადე, სენდვიჩის შემეკვეთა ჩემს ნომერში. ისევ არ შეიძლება. გლენს უნდოდა სცოდნოდა სად ვიყავით, რას ვჭამდით და რაც მთავარია, რომელზე ვიძინებდით. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდით. მთელი გუნდი შოკირებული იყო. შეიძლება ეს უმნიშვნელო დეტალებია, მაგრამ ტერი ვენეიბლსი, როგორც ალექს ფერგიუსონი, თვლიდა, რომ ჩვენ უკვე დიდები ვიყავით და სწამდა, რომ ჩვენ თვითონ შეგვეძლო სწორი გადაწყვეტილების მიღება.

როდესაც გლენი პირველად მოვიდა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. იგი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ალბათ, ისეთი არა, როგორებსაც ვაღმერთებდი, მაგრამ მისი ნიჭის არდანახვა შეუძლებელი იყო. ამას იგი სავარჯიშო მოედანზეც ამტკიცებდა. მაგრამ მუდამ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი უკმაყოფილო იყო ტექნიკის ნაკლებობით გუნდში. საკმარისი იყო, ბურთი ცუდად დაგემუშავებინა ან არასწორი გადაცემა გაგეკეთებინა, რომ მას შენი გაკიცხვა დაეწყო. იყო ეპიზოდი, როდესაც ბექსს სტანდარტულის მოწოდება სთხოვეს და მან იგი ცუდად შეასრულა. ჩვეულებრივი სიტუაცია ვარჯიშიდან, მაგრამ ესეც კი არ დარჩა შეუმჩნეველი გლენის მხრიდან: "შეუძლებელს ვითხოვ?".

ამის მიუხედავად, ფინალურ საფეხურამდე 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ რამდენიმე რთული გამოცდა გავიარეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვეთთან, პოლონეთთან და საქართველოსთან მოგვიწია თამაში, ეს აღმოსავლეთ ევროპის ტურს ჰგავდა. მოლდოვეთში მგზავრობა 1996 წელს სამახსოვრო აღმოჩნდა ბექსისთვის, მით უმეტეს არასაფეხბურთო მიზეზით. იმ დროს შეკრებებზე სულ ერთად ვცხოვრობდით ოთახში. ერთხელ ჩვენს დივნებზე დავეყარეთ და MTV-ის ვუყურებდით, როდესაც მან პირველად დაინახა ვიქტორია.

Spice Girls-ის კლიპს აჩვენებდნენ. როგორც მახსოვს, სიმღერას “Say Youl’ll Be There” ერქვა. ვიქტორია ძალიან ლამაზი იყო და ბექსმა წარმოუდგენელი დამაჯერებლობით თქვა: „იგი ჩემი უნდა გახდეს.“ და ძალიან მალე ისინი ერთმანეთს უკვე ხვდებოდნენ. ჩემი გამოთვლით, ბექს დაახლოებით სამი კვირა დასჭირდა საკუთარი სიტყვების ასასრულებლად.

ვერ ვიტყვი, რომ ბექსი ძალიან მიზანდასახული იყო, მაგრამ თუ მან რამე ამოიჩემა, იგი მას მიიღებს. იგი სულ თავდაჯერებული და კონცენტრირებული იყო მიზანზე, არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთი იყო ეს თუ რამე სხვა.

მე მომწონდა ბექსთან ერთად ცხოვრება, მაგრამ გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს ვერ ვეგუებოდით. მე საღამოს ათზე ვიძინებდი, იგი კი პირველ საათამდე ფხიზლობდა. მე ექვსზე ვდგებოდი, იგი კი რვაზეც ვერ სწევდა თავს.

სწორედ, როდესაც მან ვიქტორიასთან დაიწყო ურთიერთობა, მისი პოპულარობა მწვერვალს აღწევდა. მან „უიმბლდონის“ კარში ცენტრიდან გაიტანა, რაც მის კლასზე მეტყველებდა. დაახლოებით მაგ დროს, ბექსმა აგენტ ტონი სტივენსონთან მოაწერა ხელი. სტივენს ბევრი გამორჩეული კლიენტი ჰყავდა. ჯერ კიდევ მაშინ, მისი ნიჭისა და სილამაზის გათვალისწინებით, ნათელი იყო, რომ მალე ბილბორდების სახე გახდებოდა.

ბუნებრივია, ბექსის მიზანი იყო, რომ ვარსკვლავი გამხდარიყო. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო.

მალე ბექსმა ადიდასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა მისი პირველი წყვილი Predator-ის ბუცები მას მე ვაჩუქე. მე ერთ-ერთი პირველი საგამოცდო მოდელები მომცეს. მაგრამ ის ახალი ტექნოლოგიები ბურთის ჩასახვევად მე არ მადგებოდა და ამიტომ ბექსს ვაჩუქე. და, რა თქმა უნდა, მისი დაბრუნების იმედიც არ მქონდა. გადაცემებსა და ჩაწოდებებზე ბექსი ყოველდღე მუშაობდა. იგი გიჟდებოდა ამ პროცესზე, ხოლო ახალმა ბუცებმა მეტი საშუალება მისცა ამის გასაკეთებლად.

***

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ვიყავი, რადგან ჰოდლი სხვადასხვა ფეხბურთელებს იყენებდა დაცვაში. მე ვეგუებოდი ამას, მაგრამ ნამდვილად დამწყდა გული, როდესაც ვერ მოვხვდი თერთმეტეულში კვალიფიკაციის გადამწყვეტ მატჩში 1997 წლის ოქტომბერს რომში, როდესაც ფრეც კი საკმარისი იყო, რათა უსიამოვნო პლეიოფის მატჩებისგან დაგვეღწია თავი. მწვრთნელმა მაშინ გარეთ საუტგეიტი აირჩია და იმით ახსნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თამაში მეორე სართულზე.

ჩვენ უგოლო ფრეს მივაღწიეთ და ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადავედით. ბევრმა ჩაიწერა ის მატჩი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც კი გუნდს ბოლო ათწლეულის მანძილზე უთამაშია. გასაკვირია, მაგრამ რა ცოტაა ინგლისის ნაკრებისგან საჭირო, რათა გულშემატკივრები გაახარო. რა თქმა უნდა, ჩვენც გახარებულები ვიყავით, როდესაც პლეიოფში გადავედით, მაგრამ იმის თქმა, რომ იტალიელებს გადავუარეთ- ზედმეტია. ჩვენ ბევრი ვებრძოლეთ- ინსი მეომარივით გამოვიდა მოედანზე და, საბოლოოდ, გადაბინტულმა დაასრულა თამაში.

ზოგადად, არ მიყვარს მაისურების გაცვლა, მაგრამ არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა დანახვაზეც კი ხელები მიკანკალებს და მალდინი ერთ-ერთი მათგანი იყო. ერიკ ჰარისონი მაშინდელი უდიდესი „მილანის“ ჩანაწერებს გვაჩვენებდა და გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა დაცვის ხაზზე და როგორ უნდა დაგვეჭირა მეტოქე „ხელოვნურ ოფსაიდში“. ხშირად ვუყურებდი Channel 4, რომელიც “Football Italia-ს“ აჩვენებდა და იქ ხშირად ვხედავდი ფრანკო ბარეზის, რომელიც ასევე ძალიან მომწონდა. იგი ნამდვილი ვაჟკაცი იყო. ნამდვილი ლიდერი.

ის მატჩი რომში პიველი იყო, რომელშიც მალდინისთან მომიწია მეტოქეობა, ამიტომ იქვე გავიფიქრე: „მე აუცილებლად უნდა მივიღო მისი მაისური!“. იტალიელთა გასახდელისკენ გავეშურე გარკვეული ნერვიულობით და გაუბედაობით. კარზე დავაკაკუნე, არ ვიცოდი, რა მელოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მალდინი ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანია. მან უფლება მომცა, შევსულიყავი, მომილოცა მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ეტაპზე გასვლა, ხელი ჩამომართვა, მაისურს ხელი მოაწერა და მომცა. ნამდვილი ლეგენდა და უბრალოდ კარგი ადამიანი.

იმ დღემდე მეგონა, რომ თუ დამარცხდი, მაშინ მეტოქე უნდა დაამცირო. მარამ მალდინისთან შეხვედრის შემდეგ, შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ მარცხის შემდეგ პატივით არ გამეშვა მოწინააღმდეგე. პაოლომ მაჩვენა, თუ რას ნიშნავს იყო მეტი, ვიდრე იმედგაცრუება.

როდესაც ამას ვყვები, იქვე მახსენდება ჩვენი მარცხი „პორტუს“ წინააღმდეგ, როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან იმ დრო არავისთვის ცნობილმა ჟოზე მოურინიომ გამოგვაგდო. ვიცოდი, რომ მათთვის ეს მიღწევა და ის საღამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, შევედი მათ გასახდელში, მივულოცე ფეხბურთელებს და ხელი ჩამოვართვი მწვრთნელს. ოდნავ მოგვიანებით, ანალოგიური გააკეთა ჩვენმა მწვრთნელმაც.

„ლივერპულთან“ მატჩის შემდეგაც კი, მივდივარ და ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. სულ ვდილობდი, ჩემი ღირსება დამეცვა, მაშინაც კი, როდესაც ვმარცხდებოდი. რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში ამას არ ვაკეთებდი, მაგრამ ნამდვილად არ მავიწყდებოდა ამის გაკეთება მნიშვნელოვან შეხვედრებში. „იუნაიტედში“ ასეა მიღებული. ხალხმა იცოდა, რომ ფერგიუსონი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელიც მარცხს ეგუებოდა, მაგრამ დამიჯერეთ, მან ყველაზე კარგად იცის, როგორ მიულოცოს მეტოქეს გამარჯვება.

***
შეიძლება ფავორიტებად არავის მივეჩნიეთ, მაგრამ „შავი ცხენები“ ნამდვილად ვიყავით. შემადგენლობაში კიდევ ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელიც ევრო-96-სგან შემორჩა, პლუს სქოულზი და ბექსი, რომლებიც პერსპექტიულ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ. და, რა თქმა უნდა, მაიკლ ოუენი, „ლივერპულის“ ახალი სუპერმინიატურული და სწრაფად პროგრესირებადი ვარსკვლავი. მსოფლიო ჩემპიონატი გვიახლოვდებოდა, მაგრამ უთანხოება ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის გრძელდებოდა.

ტურნირის დაწყებამდე ტედი შერინგემმა საკუთარი თავი გაზეთების პირველ გვერდზე აღმოაჩინა. მან პორტუგალიაში გაფრენა გადაწყვიტა და ვიღაცამ კადრში დაიჭირა, როდესაც ცალი ხელი ქალზე ჰქონდა შემოხვეული, ხოლო მეორეში სიგარეტი ეკავა. მსგავსი საქციელი არავის არ შვენის, მაგრამ სინამდვილეში ეს შემთხვევა უმნიშვნელო იყო სხვა პრობლემებთან. ნამდვილი მწვრთნელი დასჯიდა ასეთ ფეხბურთელს და დაიცავდა საზოგადოებისგან. ასე იქცეოდა ჩვენი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედში“: ისტორიას დაწყებამდე „კლავდა“ და პირადად არჩევდა საქმეს ფეხბურთელთან. მაგრამ გლენმა იძულებული გახადა ტედი, საჯაროდ მოეხადა ბოდიში. ისე გამოვიდა, თითქოს შერინგემმა ბოდიში მთელ ქვეყანას მოუხადა, რაც ძალიან ზედმეტი იყო.

პირადად მეც არ ვიყავი კმაყოფილი მწრთნელის გადაწყვეტილებებით. ჩვენ ბელგიასთან ვთამაშობდით ამხანაგურ შეხვედრას კასაბლანკაში. პირველი ნახევარი, სიმართლე გითხრათ, საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგონე: „ფილ და გარი, მოედანი დატოვეთ“. მთელი მეორე ნახევარი გასახდელში გავატარეთ ისე, რომ არცერთი მწვრთნელისგან ახსნა არ მიგვიღია. არ ვამბობ, რომ მადლობა უნდა გადაეხადათ, მაგრამ მათი საქციელის ახსნა ყველაზე კარგი იქნებოდა იმ შემთხვევაში. ურთიერთგაგების უკმარისობა აშკარა იყო.

ლა მანგაში დასკვნითი ეტაპისთვის მოსამზადებლად დავბრუნდით . რთული და ხანგრძლივი დღეების შემდეგ, მწვრთნელმა ერთადერთი საღამო გამოგვიყო, რათა დაგვესვენა. იმედი გვქონდა, რომ სადმე ბარში გავერთობოდით, მაგრამ თავი დახურულ წვეულებაზე ამოვყავით მოხუც პიანისტთან ერთად, რომელიც სინატრას ძველ სიმღერებს უკრავდა. ეს ახლოც არ იყო დასვენების საღამოსთან.

როგორც ნებისმიერი ჩვენი ასაკის ბიჭი, ჩვენც გვინდოდა გართობა, ამიტომ, როგორც კი გლენი წავიდა, გაზამ მიკროფონს სტაცა ხელი და რამდენიმე სიმღერა იმღერა საკუთარი რეპერტუარიდან. შემდეგი მარტინ კიოუნი იყო, რომელიც საუკეთესო წვეულების წამყვანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მან ხალხური სიმღერის «Danny Boy-ს” საზიზღარი შესრულებით გაგვახარა. ძლივს მოვითქვით სული და დასვენება დაიწყეთ, თითოეული ჩვენგანის სახეზე ღიმილი გამოისახა. გაზამ მე, სქოულზს, ფილსა და ბექსს უცნაური ვარდისფერი კოქტეილი მოგვიტანა მარილით. ჩემთვის, ბიჭისთვის ბიერიდან, სიახლე იყო მარილის გამოყენება სხვა რამისთვის კარტოფილის ნაცვლად.

საღამო ასე გაიმართა: ცუდი არავის არაფერი გაუკეთებია, ბიჭები უბრალოდ ისვენებდნენ. მაგრამ მუსიკა დიდხანს არ მღეროდა. დაახლოებით 10 საათისთვის ალან შირერმა გლენს დაურეკა და სთხოვა, რომ ბარში გავეშვით. პასუხად არა მივიღეთ. მალე მთავარი მწვრთნელი დამხმარესთან ერთად ჩამოვიდა. თავიდან დასაძინებლად მაიკლ ოუენი და რიო ფერდინანდი გაუშვეს, რომლებიც ბანქოს თამაშობდნენ. შემდეგ ჩვენამდეც მოაღწიეს და ანალოგიური გვიბრძანეს.

საინტერესოა, რადგან იმ „წვეულებაზე“ ძალიან ბევრი დაიწერა და ისე იყო სიტუაცია აღწერილი, თითქოს ჩვენ ალკოჰოლის სმით ვიყავით მთელი ღამე დაკავებული. ყველაზე მთავარი და არანაკლებად საინტერესო ის არის, რომ ეს ისტორია ჟურნალისტებს სწორედ იმ პიანისტმა მიჰყიდა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. ფა-ს წარმომადგენლებს კონფედენციალურობაზე დაავიწყდათ ხელის მოწერა, რამაც შედეგი გამოიღო.

უმეტესობისთვის ლა მანგა თბილი და დასამახსოვრებელი ადგილია, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით. მაგრამ ზოგს ნაკლებად გაუმართლა და მოგვიანებით გაიგეს, რომ საფრანგეთში არ გაემგზავრებოდნენ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს წუთი დადგებოდა. ეს კვირის ბოლოს უნდა მომხდარიყო და ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობდნენ. რა თქმა უნდა, მარტივი მეთოდი არ არსებობს იმისთვის, თუ როგორ უთხრა ფეხბურთელს, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება, მაგრამ გლენმა, ალბათ ყველაზე მტანჯველ ხერხს მიმართა და ყველა თავის ოთახში დაიბარა ხუთწუთიანი საუბრისთვის. სანამ შეხვედრა იმართებოდა, ფეხბურელები შესასვლელში იცდიდნენ. ბიჭები ისე ნერვიულობდნენ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდათ. პროცესი სასჯელის ტოლფასი იყო.

საბედნიეროდ, მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი. ოთახში დამაჯერებლად შევედი. არც ჩემზე და მით უმეტეს, არც ფილზე არ ვნერვიულობდი. ჩემი ძმა ძირითადის ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ ჯონ გორმენმა, გლენის დამხმარემ, რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ არ გვეშინოდა.

„ერთ-ერთი მარტივი გადაწყვეტილებაა“,- დაიწყო გლენმა, როდესაც შევედი. „თავი კარგად გამოიჩინე“. მაგრამ, როდესაც მწვრნელი მომიყვა, რომ იგი სამი ცენტრალური მცველით და ორი ლატერალით აპირებდა თამაშს, ფილის გამო ნერვიულობა დავიწყე, რის გამოც კონცენტაცია დავკარგე და შემდეგ არაფერი გამიგონია. შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ძმა ცუდ ამბავს გაიგებდა. ვიცოდი, რომ იგი ცუდად გადაიტანდა ამ ამბავს, ჩემპიონატზე რომ არ წაეყვანათ.

როდესაც ფილი დავინახე, უბრალოდ ვუთხარი, რომ შემადგენლობაში მოვხვდი. მე არ შემეძლო, მისთვის ჩემი ეჭვები გამეზიარებინა, მაგრამ ამის დამალვაც ცუდი ვარიანტი იყო.

მოგვიანებით ფილმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალებში ამოიკითხა, რა საკვირველია, მაშინ ნამდვილად განადგურებული ვიყავი. ცოტახანში მის ნომერში ჩავედი, სადაც ჩემი ეჭვები დადასტურდა. იგი საწოლზე იწვა და ცრემლებად იღვრებოდა. იმ მომენტში მას ვერაფერი დაამშვიდებდა.

შემდეგ, დერეფანში ხმაური გავიგონე. ოთახიდან გავედი და მითხრეს, რომ გაზაც ვერ მოხვდა შემადგენლობაში. იგი ისე გაბრაზებულა, რომ ყველაფერი დაულეწია გლენის ნომერში. გაზას არაფერში ვადანაშაულებ, რადგან მთელი ეს პროცედურა ძალიან არაადამიანური იყო.

ეს ეპიზოდი ყველაზე საშინელია ჩემს საფეხბურთო კარიერაში. თავს საშინლად ვგრძნობდი, არამხოლოდ ფილისა და გაზას გამო, არამედ ბატის და დიონ დაბლინის გამოც, რომლებიც ასევე გაემგზავრნენ სახლში. როგორც ვთქვი, არ არსებობს მარტივი ხერხი აცნობო ფეხბურთელს, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდება, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეული იყო. ამასთან ერთად, ბიჭებს საათზე ნაკლები მისცეს, რათა ბარგი ჩაელაგებინათ და ბანაკი დაეტოვებინათ.

იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, რომ სქოუზლთან გადავბარგდი ნომერში. მანამდე ფილთან ერთად ვცხოვრობდი, ხოლო პოლი- ბატისთან.

პირადად მე, გაზასა და ფილს უეჭველად შევიყვანდი შემადგენლობაში. ზემოთ ხსენებულებთან ერთად გლენმა უარი ენდი ხინჩკლიფზეც თქვა. მაგრამ ფილის არყოფნა იმას ნიშნავდა, რომ ლე სოს შემცვლელი არ ეყოლებოდა. ეს ძალიან უცნაური ნაბიჯი იყო, რომელიც გამოიჩენს თავს ტურნირის მსვლელობისას. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში რიო ფერდინანდი გვყავდა, მაგრამ მისი ნიჭის გათვალისწინებით, რომელიც მან 19 წლის ასაკში გამოავლინა, ვერანაირად ვერ უწოდებდი მას მარცხენა ლატერალს. შედეგად, რიოს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა იმ ტურნირზე, ხოლო გლენი იძულებული იყო, საუტგეიტი გამოეყვანა მოედანზე ლე სოს ნაცვლად არგენტინის წინააღმდეგ.

რაც შეეხება გაზას, სულ მიმაჩნდა, რომ მას ნებისმიერი თამაშის გადატრიალება შეეძლო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა. გლენმა კი იფიქრა, რომ მისგან პრობლემების მეტს ვერაფერს მიიღებდა, მით უმეტეს, თუ ძირითადში ვერ მოხვდებოდა.

ყველამ იცოდა, რომ გაზას სულ დაჰქონდა ბოთლი და ამაში საკუთარ თავს უარს ვერ ეუბნებოდა. იგი მთავარი პერსონა იყო წვეულებაზე ლა მანგაში, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, ყოფილიყო სანამ გლენი არ მოვიდა. მე, რომელიც ვთვლი, რომ გაზასგან ძალიან განვსხვავდები, შევეგუებოდი მის ნაკლს და შემადგენლობაში ჩავსვამდი. მისი ქცევებით არასდროს ვყოფილვარ შოკირებული. ჩემი კარიერის დასაწყისში „იუნაიტედში“ ბევრი მინახავს, რომლებიც ბოთლებს ვერ სცილდებოდნენ, მაგრამ ისინი წელში გამართულები გამოდიოდნენ მოედანზე და აკეთებდნენ იმას, რასაც მწვრთნელი ითხოვდა. იგივე შემიძლია ვთქვა გაზაზეც. მას შეეძლო, თავი დაეძვრინა ისეთი სიტუაციიდან მოედანზე, სადაც არავითარი ადგილი არ იყო გასაძვრენად. ინგლისის ნაკრები არ გამოირჩეოდა მსგავსი ნიჭის მქონე ფეხბურთელებით. ამიტომ, ვთვლი, რომ გაზა გამართლებული რისკი იქნებოდა.

ბატიც სახლში გაემგზავრა. როგორც გაზა და ფილი, მასაც 45 წუთი ჰქონდა, რათა ბარგი ჩაელაგებინა და აეროპორტში წასულიყო. მარტო დარჩენილმა სასტუმროში თავი განადგურებულად ვიგრძენი. მთავარი ის კი არ არის, რომ იგი განაცხადში ვერ მოხვდა, არამედ ის, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი. დიდი იმედები, კოლოსალური იმედგაცრუება და მტკივნეული მეთოდი ამის გასაგებად.

მეორე დღეს ჯონ გორმენს ვკითხე, თუ რაში იყო პრობლემა: „შენ ხომ თქვი, რომ ფილი ჩემპიონატზე გაემგზავრებოდა?“

ჯონი პირდაპირი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. თავს ძალიან დარცხვენილად გრძნობდა: „ვიცი, გარი, იგი უნდა მოხვედრილიყო შემადგენლობაში. ძალიან გული დამწყდა. გლენმა გადაიფიქრა“.

ძალიან განადგურებული და იმედგაცრუებული დავრჩი ამ ამბის შემდეგ.

შემდეგ მოხდა ერთი ისტორია. გლენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პირველ თამაშში ტუნისთან ბექსს მოედანზე არ გამოიყვანდა, ვინაიდან იგი არ იყო კონცენტრირებული გუნდზე. იგი თავის ჩვეულ სტილში მოქმედებდა, ისევ ყველაფერი მოუყვა ჟურნალისტებს და ყველა პრობლემა ფეხბურთელებზე გადატყდა. ვფიქრობ, გლენს რომ 5-6 წლის გამოცდილება ჰქონოდა, იგი ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა ნაკრებისთვის, მაგრამ მაშინ იგი თავის გამოუცდელობას ამჟღავნებდა.

სერ ალექსი გაცოფებული იყო, როდესაც ბექსის ამბავი გაიგო. მაგრამ ჰოდლთან მას არასდროს ჰქონია კარგი დამოკიდებულება. მახსოვს, ერთხელ მცირედი ტრავმა მივიღე ვარჯიშზე და ეს ფერგიუსონთან საუბარში ვახსენე. მან იქვე მოითხოვა ჩემი დაბრუნება „ოლდ ტრაფორდზე“. ჰოდლს სურდა, რომ მე დავრჩენილიყავი. იმის ნაცვლად, რომ მე რომელიმეს მხარე დამეჭირა, ვურჩიე მათ, რომ ერთმანეთთან დაელაპარაკათ. მე ოთახში ვიყავი, როდესაც ეს საუბარი შედგა. ხუთი მეტრის მოშორებითაც კი მესმოდა, თუ როგორი გამწარებული ყვიროდა ბოსი ტელეფონში: „ბიჭი დღესვე სახლში დაბრუნდება!“. გლენს სახე გაუწითლდა. საბოლოოდ მან ყურმილი დააგდო და თქვა: „კარგი, ნებას გაძლევ დაბრუნდე, მაგრამ შემდეგში ასეთ რამეს აღარ ავიტან. აუცილებლად გადაეცი ეს მას“.

ამის მიუხედავად, ეჭვი მეპარება ,რომ პრობლემა ჩემში იყო.

ბექსი არ იყო ერთადერთი, რომელმაც ის თამაში გამოტოვა. გლენმა დაცვითი ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა სამი მცველით: სოლ კემბელის, ტონი ადამსის და საუტგეიტის დახმარებით. მაგრამ მას შემდეგ, როდესაც მეორე ტურში რუმინეთში დავმარცხდით, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მე საუტგეიტის ნაცვლად გამოვედი, ბექსმა დევიდ ბეტტი შეცვალა, ხოლო მაიკლ ოუენმა, რომელმაც რუმინელებს გაუტანა- ტედი შერინგემი.

ახალი შემადგენლობით ჩვენ კოლუმბია დავამარცხეთ ანგარიშით 2:0 ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ხოლო ბექსმა სტანდარტულიდან გაიტანა. 1/8 ფინალში გავედით, მაგრამ ეს არის ყველაზე დამახასიათებელი ჩვენი ნაკრებისთვის- ჩვენით გავირთულეთ ცხოვრება, რადგან ვერ შევძელით პირველი ადგილის დაკავება ჯგუფში. მეორე ადგილმა არგენტინასთან თამაში გაგვინაღდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომლის შემადგენობაში თამაშობდნენ ბატისტუტა, სიმეონე, ორტეგა და სხვები, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი ჩვენს ძალებში. ჩვენც გვყავდა ვარკსვლავები: შირერი, კემპბელი და ინსი. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ტიტანების ბრძოლა გველოდებოდა.

პირველი გამოცდა იყო, დროზე მივსულიყავით სტადიონზე სენტ-ეტიენში. გლენი არ იყო იმ კატეგორიიდან, რომელიც მატჩის წინ მოუწესრიგებელი ყოფილიყო, მაგრამ იმ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო, დაგვეგვიანა, რადგან ბევრმა გადაწყვიტა, რომ სპეციალური ინექცია მიეღო. რამდენიმე თვით ადრე, გლენმა ჩვენი სისხლის შემოწმება დაიწყო ვიტამიებზე, ჯირკვლებსა და სხვა მაჩვენებლებზე. იმდენ წამალს ვსვამდით, რომ ეს ცხოვრების წესად იქცა. ძალიან ბევრი იყო და სხვადასხვა ფერის. რამდენადაც ვიცი, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კრეატინსა და პროტეინს კუნთის მასის გასაზრდელად და ასევე ანტიოკსიდნტებს.

როდესაც ჩემპიონატი დაიწყო, რამდენიმე ფეხბურთელმა განსაკუთრებული წამლების სმა დაიწყო გლენის საყვარელი ექიმის, ფრანგი რუჟიეს რჩევით. ისინი არ ჰგავდნენ წამლებს, რომლემაც „იუნაიტედში“ ვსვამდით, მაგრამ არა მგონია, რამე არაკანონიერი ყოფილიყო ამაში. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ძალებს ვეღარ თოკავენ, მეც გადავწყვიტე იმ წამლები დალევა. არგენტინასთან მატჩის წინ კი იმდენმა გადაწყვიტა ამის გაკეთება, რომ ექიმის კაბინეტთან რიგი შეიქმნა.

მატჩს მივუსწარით და გლენმა მისი წინასამატჩო რიტუალი ჩაატარა: თითოეულ ფეხბურთელს ჩამოუარა, ხელი ჩამოართვა და გააკეთა ის, რასაც დაარქვა „გულის შეხება“- მკერდზე მეგობრული ხელის წამორტყმა.

ინიექციების გარდა, გლენს მომზადების ალტერნატიული მეთოდებიც ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მკურნალმა ეილინ დრევერიმ რამდენჯერმე მოგვინახულა სავარჯიშო ბაზაზე. მე ამ საკითხს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, ამიტომ არასდროს შემიხედავს მის კაბინეტში. თუ ფეხი მტკიოდა, მერჩივნა ექიმთან მივსულიყავი. მახსოვს, როგორ დააიგნორა სქოულზმა გლენის თხოვნა, მისულიყო ეილინთან წვივის პრობლემასთან დაკავშირებით. მე კი ასეთი პრობლემები არ მქონია, ამიტომ არ მეშინოდა, რომ გლენი მეც მთხოვდა იმ მკურნალთან შესვლას.

ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, დადებითი თუ უარყოფითი შედეგი გამოიღო მკურნალის გავლენამ ფეხბურთელებზე. მაგრამ ერთმა მასაჟისტმა მითხრა, რომ არგენტინასთან მატჩის წინ, გლენმა მთელ პერსონალს სთხოვა მოედანზე საათის ისრის საწინააღმდეგოდ ევლო, რათა გუნდში დადებითი ატმოსფერო შექმნილიყო. სამწუხაროდ, ვერც მაგან გვიშველა იმ ეპიკურ საღამოს.

ჩვენ კარგად ვთამაშობდით სწრაფ და დაძაბულ პირველ ნახევარში. ორივე გუნდმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა. ხოლო შემდეგ, მაიკლის შესანიშნავმა შესვლამ ცენტრალურ ხაზში დაგვაწინაურა. ძალიან რთული იყო იმ გოლის სილამაზის აღქმა იმ მატჩის მნიშვნელობის გამო. ამაზე უკვე მოგვიანებით ფიქრობ. ხოლო მოედანზე რწმენის ნაკადი ვიგრძენი, რომ ჩვენ შეგვეძლო არგენტინის დამარცხება, თუ ასე გავაგრძელებდით თამაშს.

მაგრამ ჩვენ ორი საშინელი შეცდომა დავუშვით. ჯერ მეორე გოლი გავუშვით შესვენებამდე. სამართლიანობის გამო უნდა ვთქვა, რომ ჯარიმის გათამაშება არაჩვეულებრივად გამოუვიდათ- ცოცხალი კედლიდან გამოქცეულმა ჰავიერ ძანეტიმ ძალიან დაგვაბნია. არ ვიცი, ეს განსაკუთრებული შემთხვევისთვის ჰქონდათ დადგმულ,ი თუ უბრალოდ გამოუვიდათ, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით.

მოვედით თუ არა აზრზე, ზუსტად ორი წუთის შემდეგ, რაც მეორე ნახევარი დაიწყო, ბექსი მოედნიდან გააძევეს სიმეონესთან შეტაკების გამო. „ო, არა, მან მას დაარტყა“,-გავიფიქრე მე. „ახლა ბექსს წითელს უჩვენებენ“.

ჩვენ არ გვქონდა დრო მომენტის გასაანალიზებლად. თავიდან შოკირებული ხარ, ხოლო მერე ხვდები, რომ მკლავები უნდა აიკაპიწო და ბოლომდე იბრძოლო. თავი კარგად გავართვით და დრო დამატებით დრომდე მივიყვანეთ. ვფიქრობდი, რომ ჩვენ უეჭველი მოვიგებდით, როდესაც სოლმა თავურით გაიტანა. ზუსტად ასე ფიქრობდნენ დანარჩენი ფეხბურთელებიც, რომლებიც გატანილ გოლს აღნიშნავდნენ მოედნის მეორე ნახევარზე. მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა უხეში თამაშის გამო, ხოლო არგენტინელებმა სიტუაციით ისარგებლეს. შეტევა 4 2-ზე მიდიოდა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მე შევძელი ბურთის მისაკუთრება და მისი ამოტანა.

ზოგმა შეცდომად ჩათვალა, რომ ჩვენ გლენის ხელმძღვანელობით არასდროს ვმუშაობდით თერთმეტმეტრიანებზე. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ნაკრების ვარჯიშებზე დღე არ გადიოდა, რომ თერთმეტმეტრიანებზე არ გვემუშავა. პენლების დამუშავება კარგია, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშს ვერ ენდობი.

გლენი მოვიდა ჩვენთან, რათა გამოეცხადებინა ხუთეული თერთმეტმეტრიანებისთვის და მკითხა, ვიყავი თუ არა მზად ვყოფილიყავი მეექვსე. მე თავი დავუქნიე. „უბრალოდ კონცენტრირება შეინარჩუნე, შეარჩიე წერტილი და დაარტყი. მთავარია, გადაწყვეტილება არ შეცვალო“,- ისმოდა ჩემს თავში იმ მომენტში. მაგრამ ჩემამდე რიგი არ მოსულა. დევიდ ბეტიმ მეხუთე ააცილა და ჩვენ გამოვვარდით. მე შანსი ვერ მივიღე იმის შესამოწმებლად, შევძლებდი თუ არა ნერვების მოთოკვას.

ჩვენ ერთ-ერთ წყნარ გასახდელში შევედით, რაც კი ოდესმე მინახავს. ბექსი იატაკს უყურებდა. მე მის გვერდით დავჯექი ავტობუსში, როდესაც სტადიონს ვტოვებდით. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორი საზოგადო ქარიშხალი ელოდებოდა, მაგრამ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ უბრალოდ იმედგაცრუებულები ვიყავით დამარცხებით, ხოლო ბექსი წითელ ბარათზე ჯავრობდა. ეჭვი მეპარება, ვინმე ფიქრობდეს, რომ იმ ეპიზოდში წითელი ბარათის ჩვენება აუცილებელი იყო. იგი სულელურად მოიქცა, როდესაც ფეხი ასწია, მაგრამ ეს სისულელე იყო და არ იყო საჭირო მისი მოედნიდან გაძევება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება მსგავსი სისულელის გამო ასეთი ფეხბურთელის დაჩაგვრა თვეების მანძილზე. სამაგიეროდ, ეს ხალხის ხასიათს აჩვენებდა ქვეყნის შიგნით. ჩვენ არ დავადანაშაულეთ სიმეონე, როდესაც იგი წაიქცა დაჭრილივით. არ ვაკრიტიკებდით ფეხბურთელს, რომელიც სიმულირებდა. უბრალოდ შევჩერდით ბექსის გაძევებაზე. არავინ ეუბნებოდა სიმეონეს, რომ იგი ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო და ამდგარიყო. ამის ნაცვლად, ყველამ წყალს გაატანა ბექსი ერთი პატარა შეცდომის გამო.

მის წინააღმდეგ რამდენიმე ფაქტორი იყო. პირველ რიგში, ქვეყანაში ანტი-იუნაიტედის სექტორები იყო, რომლებიც იდიოტურ სიმღერებს მღეროდნენ „Stand Up If You Hate Man U“, ნაკრების თამაშებზეც კი. ყველამ გავიარეთ ეს, როდესაც „უემბლიზე“ ვთამაშობდით ნაკრების რიგებში. ბოლო მატჩი, რომელიც სანაკრებო ბანაკში გამგზავრებამდე ჩავატარეთ, იყო ამხანაგური შეხვედრა არაბეთის წინააღდეგ. მაშინ სიტუაცია ძალიან გართულდა. „იუნაიტედის“ რიგებში თამაში სირცხვილად ითვლებოდა.

მეორე იყო ის, რომ გლენმა ტურნირის დაწყებამდე ბექსის კონცენტრირებაზე ისაუბრა. ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ბექსის შემთხვევაში. როდესაც მას აკრიტიკებდნენ, მას სჭირდებოდა ხალხი, რომლებიც მის ირგვლივ დადგებოდა და მას დაიცავდა, მაგრამ ინგლისის ნაკრებს არავითარი მხარდაჭერა არ მიუცია მისთვის.

ფა-ს და ინგლისი ნაკრების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მზად არიან, ზღვაში მოგისროლონ საკუთარი ინტერესების გამო. ამიტომ, ბექსი იძულებული იყო, მთელი დარტყმა საკუთარ თავზე მიეღო. ის, რომ ინგლისის ნაკრები გამოვარდა ჩემპიონატიდან, მხოლოდ ბექსს დააბრალეს.

ჩვენ არაჩვეულებრივი გუნდი გვყავდა 1998-ში და ერთადერთი ვისი დადანაშაულებაც შეიძლება, ჩვენ ვართ, რადგან ვერ შევძელით პირველი ადგილის დაკავება. კითხვა იმის შესახებ, ვიყავით თუ არა მზად, დაგვემარცხებინა იმ დროისთვის ბრაზილიის, საფრანგეთის ან ჰოლან
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2016 14:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადრე დაძინების გამო რუნიც უტრაკებდა ფეხბურთელებს, თუ არ ვცდები შოუს მოხვდა მაგის გამო wink

სიმეონეს კაცურ საქციელი უფრო კარგად უნდა გაეხსენებინა

პირველ რიგში, ქვეყანაში ანტი-იუნაიტედის სექტორები იყო, რომლებიც იდიოტურ სიმღერებს მღეროდნენ „Stand Up If You Hate Man U“, ნაკრების თამაშებზეც კი.


winked
0
№2
ავტორი: ViDa
15 თებერვალი 2016 17:04
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ჰოლადიის ნაკრებები რჩება საკამათო. მაგრამ რაში გვჭირდება ეს კამათი, როდესაც შეიძლება ყველაფერი ერთ ფეხბურთელს დავაბრალოთ?

ბექსი მალე მოვიდა მწყობში, არაჩვეულებრვი ძალა და ნებისყოფა გვაჩვენა, თუმცა მასში ეჭვი არასდროს არ მეპარებოდა. იგი ძალიან ჯიუტი და მიზან დასახულია. სპორტული ჟურნალისტები სხვა დატვირთვით გამოიყენებენ სიტყვა „ვაჟკაცობას“, მაგრამ მათ კრიტიკაზე დევიდმა თავისი ნებისყოფით გვაჩვენა. როდესაც საქმე მიზანის მიღწევას ეხება ბექსი უკონკურენტოა. იგი ბევრს მუშაობდა იმისთვის, რასაც მიაღწია, ამიტომ ვერც ერთი კრიტიკა ვერ გატეხავდა მას. მან ასევე იცოდა, რომ „იუნაიტედისგან“ და მისი ფეხბურთელებისგან 100 პროცენტიან მხარდაჭერას მიიღებდა.

გლენი კი ისეთ ვითარებაში მოხვდა, რომ საკუთარი თავი უნდა დაეცვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველი შეხვედრა წავაგეთ ევრო-2000-ის კვალიფიკაციაზე შვედეთის წინააღმდეგ, რომელიც მე გამოვტოვე. დავბრუნდი მეორე მატჩში, რომელიც საშინელ ფრედ დასრულდა ბულგარეთის წინააღდეგ.

ხალხმა ლაპარაკი დაიწყო, რომ გლენმა ფეხბურთელების ნდობა დაკარგა. ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ხაზს გავუსვებ, რომ გუნდი მისით კმაყოფილი არ იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, გლენს რომ გამოცდილება ჰქონოდა ზურგს უკან, იგი ინგლისის ნაკრების საუკეთესო მწვრთნელი გახდებოდა. ახლა კი, იმის თქმა მიწევს, რომ ინგლისის ნაკრებს ძალიან ადრე ჩაუდგა სათავეში. ვფიქრობ, ამას თვითონაც დაეთანხმება.

შედეგები უფსკრულისკენ მიდიოდნენ, მაგრამ მწვრთნელის დათხოვნა ფა-ს საუკეთესო ტრადიციებით შედგა. გაკეთდა ინტერვიუ, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ფეხბურთთან. კლასიკა:საფეხბურთო საქმე ცუდად მიდის, სმი უკმაყოფილოა და მწვრთნელს იშორებენ. თუ მათ მისი შეცვლა სურდათ, უნდა გაეკეთებიას ვაჟკაცურად და არა ისე, როგორც მოიქცენ. მათ გლენის კომენტარი არ მოეწონათ რელიგიასთან დაკავშირებით, რაც იდეალური მოტივი აღმოჩნდა მის გასაგდებად.

ეს ნაწილი არ ჩაეტია სტატიაში, ამიტო აქ წაიკითხეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 თებერვალი 2016 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხო როგორც ყოველთვის საინტერესო თავი იყო და სიმართლე, რომ ვთქვა ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა ინგლისის ნაკრების შიდა სამზარეულოში, რომ მათ ესე უჭირდათ წარმატების მიღწევა. 98 წლის ინგლისის ნაკრები ნამდვილად არ მახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისელებს გუნდურობა აკლდათ და ეს უმეტეს შემთხევავში მწვრთნელის ბრალი იყო. არავინ არ იცის ბექემს, რომ წითელი ბარათი არ მიეღო მერე რა მოხდებოდა, მაგრამ ეს ალბათ მაინც ვერ ხსნის მათი ნაკრების წარუმატებლობას.

გარიმ მალდინიც აღნიშნა და მეც მინდა ვთქვა, რომ ვისაც კი ოდესმე რამე უთქვია ამ დიდებულ ფეხბურთელზე, ყოველთვის კარგი უთქვიათ მასზე და იგი ნამდვილად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. ყოჩაღ გარის, რომ მისგან აუღია მაგალითი, თუ როგორ უნდა მოქცეოდა იმ გუნდების ფეხბურთელებს, რომლებთანაც გამარჯვებული რჩებოდა. მასზე უკეთეს მაგალითს ალბათ ვერავის ნახავდა winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top