უეინ რუნის მიაჩნია, რომ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება ოთხეულში მოხვედრაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
"წითლები" 26-ე ტურს "სანდერლენდთან" მატჩით გახსნიან, მოგვიანებით კი ცხრილის პირველი ოთხი გუნდი ერთმანეთში გაარკვევენ ასპარეზობას, როცა "არსენალი" "ლესტერს", ხოლო "სიტი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.
"იუნაიტედი" ამჟამად 6 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მაგრამ კაპიტანი ფიქრობს, რომ მომდევნო მატჩები შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა სხვაობის აღმოფხვრისთვის.
"ნამდვილად მოსაგები თამაშია. ოთხეულში დაბრუნება გვინდა და ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ასვლა. ამას კი მხოლოდ მატჩების მოგებით შევძლებთ.
"სანდერლენდის" სტადიონზე ბოლო წლებში კარგ შედეგს ვაღწევდით, ახლა კი კარგი თამაშიც გვინდა, თუმცა შაბათს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შედეგია.
ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და აღეველებული გულშემატკივარი ეყოლებათ, ასე რომ, ვიცით, რთული მატჩი გველის.
მათ ქომაგებს საშუალება არ უნდა მივცეთ ფეხბურთელებს მოედნის დაპყრობაში დაეხმარონ. უნდა ვეცადოთ და გულშემატკივარი ნებისმიერ შესაძლო მომენტში დავადუმოთ, მაგრამ ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, ბოლომდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის", - განაცხადა რუნიმ.
რუნის შეტევაში კვლავ ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი დაუჭერენ მხარს, კაპიტანს კი მათი თამაში ძალიან მოსწონს. ლინგარდის შესანიშნავი გოლი "ჩელსის" კარში მისთვის მეორე გამოდგა ზედიზედ მეორე თამაშში, ხოლო ენტონი მარსიალი კი გუნდის სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრია.
"ვფიქრობ, ორივე მათგანს ნათელი მომავალი აქვს. კარგად თამაშობენ და მცველებს თავ-გზას უბნევენ, რაც სხვა შემტევ და ნახევარდაცვის ფეხბურთელებს სივრცეს უქმნის.
იმედი მაქვს, ასევე ითამაშებენ და დარწმუნებული ვარ, უკეთესი შანსიც გვექნება".
რუნიმ ლინგარდის მიერ "დაბ" აღნიშვნაზეც ისაუბრა: "ცდილობდა, მეც მასთან ერთად გამეკეთებინა. 10 წლით ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ალბათ, გავაკეთებდი! ვფიქრობ, ეს ინტერნეტში უკვე გავრცელდა და ჯესიც ამ ტრენდს მიჰყვება".