თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2016, 20:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 16552,
კომენტარები: 4
ლიდერი, მაგრამ არა - მენეჯერი (ნაწილი I)
თავი IX.
ლიდერი, მაგრამ არა - მენეჯერი (ნაწილი I)
მფლობელები

მწვრთნელის გავლენა და ყველაფრის კონტროლის შესაძლებლობა მისი დამსაქმებლების ნდობაზეა დამყარებული. ვერცერთი ლიდერი ვერ დაჯდება ადგილზე, თუკი ხალხი, რომელთაც ემორჩილება, ეტყვიან, რომ მისი ნამუშევარი არადამაკმაყოფილებელი იყო. ფეხბურთში ყველაფერს მფლობელები მართავენ. ისინი თუ ნათლად დააფიქსირებენ მენეჯერისადმი რწმენას, მუშაობა გაცილებით ადვილდება. როცა პირველად მოვირგე მწვრთნელის როლი "ისტ სტირლინგშირში" ნახევარგანაკვეთით მუშაობისას, იმდენად გამიტაცა კარიერულ კიბეზე აღმასვლამ, რომ საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას კლუბისა და ადამიანთა მდგომარეობას, რომლებიც მას სიმებივით ჭიმავდნენ. წლებთან ერთად მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია იმ ხალხის გაგება, რომლებისთვისაც შრომობ, რომელთა წინაშე ვალდებული ხარ.

ჩვენგანთა უმრავლესობა არ ფიქრობს დამსაქმებლის/დირექტორის ხასიათზე, არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორი ატმოსფეროს შექმნა სურს ორგანიზაციის შიგნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ფეხბურთში, სადაც მრავლადაა ცუდი მფლობელები. შემიძლია, დაუსრულებლად ვისაუბრო ორგანიზაციის ხანგრძლივი და სტაბილური ხელმძღვანელობის შესახებ, რომელიც მზად იქნება ამასთან ერთად მუდამ დაუჭიროს მხარი თავისი სტრუქტურის დონეს ინვესტიციის დახმარებით. ეს ნებისმიერი სფეროს წარმატებული მენეჯმენტის ბაზისია. უორენ ბაფეტისა და "ბერკშაიერ ჰეტევეის" (ჰოლდინგური კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელიც იგივე ბაფეტია) შესახებ ბევრი რამის წაკითხვამ მომიწია და მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციას მართავენ, მის ჰოლდინგში შედიან, უფრო მეტს ფიქრობენ ხანგრძლივი პერსპექტივის შესახებ, ვიდრე სხვა დირექტორები, რომელთაც სურთ, მხოლოდ კვარტლის განმავლობაში აჩვენონ დადებითი შედეგი, რათა ინვესტორებმა არ შეაწუხონ. თუკი თქვენი დამსაქმებლები ხანმოკლე პერსპექტივაზე არ არიან კონცენტრირებულნი, ჯოჯოხეთის შვიდივე წრეზე გაგატარებენ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ფეხბურთში.

საფეხბურთო მწვრთნელებმა თავიანთი უორენ ბაფეტები უნდა ეძებონ - ადამიანები, რომლებიც გრძელვადიან გეგმებს აწყობენ და ფულს ახმარენ გუნდის შენებას, რომლებიც მოთამაშეთა სამუშაოში არ ჩაერევიან, არ გავლენ კარში, რომელიც ყოველთვის ღიაა და რომელთაც ესმით, რომ მათ წინაშე მხოლოდ ორი დავალება დგას. პირველი - მწვრთნელისა და მმართველი დირექტორის დათხოვნა, როცა ეს მართლაც აუცილებელია; მეორე - კლუბის გაყიდვა. სამწუხაროდ, ასეთი ხალხის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ჩემი აზრით, ეს პრობლემა მხოლოდ ღრმავდებოდა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ახლა ადგილობრივ მფლობელებს უცხოელი ოლიგარქები, შეიხები და ჰეჯ-ფონდების მფლობელები ცვლიან, რომელთაც სატევიზიო უფლებიდან თავიანთი წილის მიღება სურთ.

კლუბის მფლობელს უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი არ ჰგავს მათ პირად ბიზნესს, რომელშიც წარმატებას მიაღწიეს. კლუბები - ეს სუპერმარკეტი, ბანკი ან გიგანტი ელექტრონიკა არ არის.

ფეხბურთი - ეს ისეთი გასართობია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ყოველთვის ვერ მიაღწევ შესანიშნავ შედეგს განსხვავებით ტელეფონისა და ელექტრო სამართებლის წარმოებისგან, რადგანაც ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი ათასობით ფაქტორმა იქონიოს გავლენა - ემოციები, ტრავმა და უიღბლობა. ყოველი მფლობელი რეალისტი უნდა იყოს. მატჩზე გულშემატკივარი შესაძლოა, ყოველთვის გამარჯვებას ელოდეს, მაგრამ მფლობელი თავს ამის უფლებას არ უნდა აძლევდეს.

იმ დროიდან, როცა "იუნაიტედს" ჩავუდექი სათავეში, პენსიაში ჩემს გასვლამდე პრემიერ ლიგის 48 კლუბმა 267 მწვრთნელი შეიცვალა (არ ითვლება მოვალეობის შემსრულებლები). ხანდახან საინტერესოა, საერთოდ რატომ იტვირთავენ თავს კლუბები მწვრთნელის დაქირავებით. 2014/15 წლების სეზონის დაწყებამდე არსენ ვენგერმა პრემიერ ლიგაში თითქმის იმდენივე მატჩი ჩაატარა, რამდენიც მისმა კოლეგებმა ერთად. ალბათ, პრემიერ ლიგის მწვრთნელთა უმრავლესობა "მოვალეობის დროებითი შემსრულებელის" როლს ასრულებს.

სანამ "იუნაიტედში" ვიყავი, "ჩელსიმ" 13 მწვრთნელი შეცვალა, "მანჩესტერ სიტიმ" - 14 (კვლავ არ ითვლებიან მდშ). არ მიკვირს, რომ "ჩელსიმ" დაახლოებით 40 მლნ. ფუნტი გადაუხადა ყოფილ მწვრთელებს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო. "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ბევრი "მიმდევარი" ჰყავს. პრემიერ ლიგა წარუმატებელი დანიშვნის მრავალ მაგალითს სცნობს. ავიღოთ მაგალითისთვის 2010 წლის "ლივერპული", მას შემდეგ, რაც რაფაელ ბენიტესი გააძევეს. მფლობელებმა მოიხედეს და დანიშნეს როი ჰოჯსონი, რომელმაც მანამდე "ფულჰემი" გაიყვანა უეფა-ს თასის ფინალში. "ლივერპულის" ხელმძღანელობამ მოიწვია როი, 6 თვის შემდეგ კი დაითხოვა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. "ბაიერნმა" 14 მწვრთნელი შეიცვალა, სანამ "იუნაიტედში" ვიყავი, თუმცა მათგან რამდენიმეს ორჯერ ეჭირა თანამდედობა სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს საკმაოდ სულელურია, რადგანაც არ არსებობს არავითარი დასტური იმისა, რომ ხშირ დათხოვნებს უკეთესი შედეგები მოაქვს.

ადრე მწვრთნელები თანამდებობას გაცილებით დიდხანს ინარჩუნებდნენ, შესაძლოა, იმიტომ, რომ კლუბის მფლობელები ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც გრძელვადიანი წარმატებისა და სტაბილურობის მაძიებლები იყვნენ, განსხვავებით დღევანდელი მფლობელებისგან. "იუნაიტედს" ჰყავდა მეტ ბასბი, რომელიც გუნდს 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 1945 წლიდან 1969 წლამდე (კლუბში 1970-1971 წლებში დაბრუნდა), ჯო ჰარვი "ნიუკასლის" მწვრთნელი 13 წელი იყო (1962-1975), გერბერტ ჩეპმენი - 9 წელი "არსენალში" (1925-1934), მისი მემკვიდრე ჯორჯ ელისონი - 13 წელი (1934/1947). სკოტ საიმონი "რეინჯერსში" - ასევე 13 წელი (1954-1967), მანამდე იყო ბილ სტრუტი, რომელიც კლუბს მთელი 34 წელი ხელმძღვანელობდა (1920-1954).

არ არსებობს მწვრთნელისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ხელმძღანელობის მხარდაჭერა. ეს მართალია როგორც ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ, ასევე გამოცდილი ლიდერებისთვისაც. თქვენი ბოსი კარიერის მოწყობაში დაგეხმარებათ, ან შეიძლება დაგინგრიოთ კიდეც. ვგრძნობდი ამას, როცა "აბერდინში" ვიყავი დიკ დონალდის ხელმძღანელობისას. მისი საუკეთესო საჩუქარი ჩემი შესაძლებლობებისადმი სრული რწმენა იყო.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო "აბერდინში" მუშაობის პირველი წლის განმავლობაში, როცა ყველაფერი არცთუ კარგად მიმდიოდა. საქმის დაჭერა წინა მწვრთნელის, ბილი მაკნილის მემკვიდრეობასთანაც მომიხდა, რომელიც "სელტიკის" გასაწვრთნელად წავიდა და ფეხბურთელთა შორის პოპულარული იყო. 1979 წლის მარტში დეპრესია მქონდა, რადგანაც "რეინჯერსმა" შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში 2-1 დაგვამარცხა.

centercenter
ბილი მაკნილი და ალექს ფერგიუსონი


რამდენიმე ფეხბურთელი არც კი მალავდა, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე ჩემი წინამორბედის ხილვას ამჯობინებდა. ამასთან ერთად, ადგილობრივი გაზეთები "პრესი" და "ჯურნალი" ჩემს შესაძლებლობებში დაეჭვდა. ამით დიკთან მივედი, მან კი უბრალოდ მითხრა: "იმისთვის დაგიქირავეთ, რომ თქვენი საქმე აკეთოთ. პრესა არ მაინტერესებს. უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ. ნუ იღელვებთ. ვაჟკაცობა გამოავლინეთ". ამან განწყობა ამიმაღლა.

ასეთივე მხარდაჭერა ვიგრძენი "იუნაიტედში", როცა პირველ წლებში ვერაფერს ვიგებდით. 1990 წელს ინგლისის თასზე "ნოტინგემ ფორესტს" ვეთამაშებოდით და ყველა იმას ამბობდა, რომ ეს მატჩი ნებისმიერ ფასად უნდა მომეგო. თამაშამდე ერთი დღით ადრე მარტინ ედვარდსი მირეკავს და მეუბნება: "რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, თქვენი თანამდებობის გამო არ იდარდოთ".

გამიმართლა, რომ "აბერდინისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას უყოყმანოდ იღებდნენ. დიკ დონალდი კლუბში 1949 წლიდან იმყოფებოდა, 1970 წელს კი თავმჯდომარე გახდა. აქციონერების მხრიდან არავითარ ჩარევას არ იღებდა. მისი ყოვეწლიური საერთო ყრილობა 3 წუთზე მეტხანს არ გრძელდებოდა, ყველაზე ხანგრძლივმა კი 7 წუთს გასტანა, როცა ადგილობრივი მეწარმე რაღაც აგიტაციას ეწეოდა. თუმცა დიკი ცოტა ხანს იყო პროფესიონალი ფეხბურთელი, ნათლად ავლენდა საზღვარს მფლობელსა და მწვრთნელს შორის.

არასდროს მაძლევდა საბაბს მეფიქრა, რომ ფეხბურთი მას უკეთ ესმოდა, ვიდრე მე. ეს უდიდესი ღვთის წყალობა იყო. უდიდესი ბოსები ამაყობენ იმით, რომ თანამშრომლები, რომლებმაც კეთილი სამსახური გასწიეს და ორგანიზაცია დატოვეს, უფრო მაღალ თანამდებობას აღწევენ.

სწორედ ასე იყო დიკის საქმეც, როცა 1986 წელს ვახსენე, რომ უფრო დიდ კლუბში გადასვლა მეწადა. რაც საინტერესოა - მითხრა, რომ ერთადერთ კლუბში უნდა გადავსულიყავი - "მანჩესტერ იუნაიტედში". ეს მოხდა დიდი ხნით ადრე მანამ, სანამ "იუნაიტედი" ჩემდამი ინტერესს გამოავლენდა. მაგრამ დიკის მინიშნებებმა არა მარტო მისი შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა, არამედ ჩემი ძალებისადმი რწმენაც მაპოვნინა. როცა "აბერდინი" დავტოვე, მესმოდა, რომ დიკს ჩემი გაშვება არ უნდოდა. მაგრამ წავედი და ამასთან ერთად მისი წყალობაც მქონდა.

ახლა მწვრთნელებს, რომლებიც ახალ კლუბს ეძებენ, ვურჩევ, რომ იპოვონ მფლობელი, რომელსაც მათი სამუშაოს სირთულე ესმით. მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება - კლუბის განვითარებისთვის საკმარისი დრო ან მისი პოზიციის გაუმჯობესებაა. საკუთარი იდეების დანერგვასა და სტრუქტურის შექმნას წლები სჭირდება. თუ გაგიმართლათ და იპოვეთ დამსაქმებელი, რომელსაც თქვენი ესმის და საკმარის დროს მოგცემთ (ასეთ ადამიანებს იშვიათად შეხვდები), მაშინ კარგი შანსი გაქვთ. თუ შედეგი არ იქნება, მწვრთნელს დაითხოვენ. ცხოვრებაში ერთხელ ყველა დაუთხოვიათ. მე, თუმცა არა საფეხბურთო მიზეზით, ჟოზე მოურინიო, არსენ ვენგერი, კარლო ანჩელოტი - ყველა. ერთადერთი საფეხბურთო მწვრთნელი, რომელიც არ გაუძევებიათ - ეს არის ის, ვინც თავის პირველ კლუბში მხოლოდ 2 წუთი მუშაობს.

კლუბის კარგი მფლობელებიც არსებობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი უმცირესობაში არიან. კობოლდების ოჯახი, რომელიც "იპსვიჩ თაუნს" ფლობდნენ მრავალი წლის განმავლობაში, ნამდვილი აღმოჩენა იყო. ამ საზოგადოებაში ღრმად გაიდგეს ფესვები, ლუდის მხარშავები და პაბების მფლობელები იყვნენ. ალფ რემზისა და ბობი რობსონისთვის, რომლებიც ერთ დროს "იპსვიჩს" წვრთნიდნენ, ეს მფლობელები ღვთის მადლი იყვნენ. დღეს "იპსვიჩში" არის ვიპ-კლუბი, რომელსაც "კობოლდ ქლაბს " ეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახი უკვე დიდი ხანია არ ერევა კლუბის ცხოვრებაში.

ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ბევრი კლუბი, ალბათ, ყოფილი მფლობელების დავიწყებას ისურვებდა. "არსენალსაც" გაუმართლა მფლობელების მხრივ, რომლებიც კლუბს დიდხანს ფლობდნენ. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კლუბს რამდენიმე ოჯახი ფლობდა - ბრესვოლ-სმიტი და ჰილვუდი, შემდეგ დევიდ დეინი (აქციის მფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი), რომელმაც "არსენალში" არსენ ვენგერი მიიყვანა და მრავალი წლის განმავლობაში კლუბის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

center
დევიდ დეინი და არსენ ვენგერი


როცა "იუნაიტედში" მივედი, კლუბის პრეზიდენტი მარტინ ედვარდსი იყო, კლუბის აქციების ძირითად პაკეტი მის მფლობელობაში იყო. თანამდებობა და აქცია მამისგან, ლუი ედვარდსისთგან მიიღო მემკვიდრეობით, მამამ კი კლუბი 1970 წელს შეიძინა.

როგორც ადრე ვთქვი, მარტინში დიკ დონალდის რამდენიმე ხასიათი შეიმჩნეოდა. ფეხბურთში თავისი ცოდნის გამოვლენა არ სჭირდებოდა. მფლობელსა და მწვრთნელს შორის სივრცეს სცნობდა და საერთოდ, ერთმანეთს ვუგებდით.

გლეიზერების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, როცა ისინი "იუნაიტედს" ფლობდნენ. ხალხი მათ იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მაღალ პროცენტებს უხდიდნენ ბანკებს, რომლებმაც კლუბის შესაძენად და სხვა გადასახადებისთვის კრედიტი მისცეს. სხვები ამბობენ, რომ გლეიზერები იყენებდნენ "იუნაიტედს", როგორც საბირჟო კომპანიას, თავისი ინტერესებისთვის. სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა ფან-კლუბის ხელმძღვანელები მირეკავდნენ და გლეიზრებისგან თავდასაღწევად დახმარებას მთხოვდნენ.

როცა ამ მცდელობათა შორის რომელიმე სვლას იწყებდა, დაიწყო იმაზე მსჯელობაც, რომ თუ კლუბიდან წასვლის შესახებ განვაცხადებდი, გლეიზერები კლუბს გაყიდნენ. არასდროს მესმოდა რა შუაში იყო. ასეთ აგიტატორებს ვპასუხობდი: "გგონიათ, თუ მე წავალ, "იუნაიტედი" შაბათსვე გამოვა მოედანზე მწვრთნელის გარეშე?"

სანამ მწვრთნელი ვიყავი, გლეიზერები არ მაწუხებდნენ. შეიძლება ხალხს გაუკვირდეს, მაგრამ ჩემი სამწვრთნელო გადმოსახედიდან, ძალიან კარგი მფლობელები არიან.

მწვრთნელს ოთხი რამ სჭირდება ხელმძღვანელობისგან: ჩაურევლობა, ინვესტიციები სხვადასხვა ტრანსფერისთვის საჭირო დროს, მხარდაჭერა და საკმარისი კომპენსაცია. როცა გლეიზერებმა კლუბი შეიძინეს, მას გრძელვადიანი ინვესტიცია უწოდეს, მე კი იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ იმ დროისთვის უკვე 10 წლის განმავლობაში იყვნენ "ტამპა ბეი ბაკანირსის", ამერიკული საფეხბურთო გუნდის მფლობელები.

მას შემდეგ, რაც მფლობელები გახდნენ, თითების ქნევით არ დადიოდნენ. სულ პირიქით იყო. კლუბის შეძენის შემდეგ არავინ გაუძევებიათ. გრძელვადიან მიდგომას აფასებდნენ. არავითარი ცვლილება არ მომხდარა კომერციული თუ სამწვრთნელო შტაბის საკითხებში, არასდროს მოუხდენიათ ჩემზე ზეწოლა გუნდის თამაშისა და ჩვენი შედეგების გამო. ეს ბევრ რამეს ცხადყოფს მათი მიდგომის შესახებ.

არასდროს ამბობდნენ "არა" და არც უარს მეუბნებოდნენ თხოვნაზე. მე, ალბათ, მათთვის ზეციური მანანა ვიყავი, რადგან არასდროს მითხოვია დიდძალი და სასაცილო თანხები. როცა 2012 წელს რობინ ვან პერსი შევიძინეთ 24 მლნ. ფუნტად, ეს ყველაზე დიდი თანხა იყო, რომელიც კლუბს ოდესმე გადაუხდია 29 წლის ფეხბურთელში. გლეიზერებმა მხოლოდ მისი ასაკის შესახებ მკითხეს. გამართლებული შეკითხვა იყო, რადგან 2008 წელს "ტოტენჰემიდან" 30,75 მლნ. ფუნტად 27 წლის დიმიტარ ბერბატოვი შევიძინეთ.

centercenter

ბერბატოვის სტილური, მაგრამ დუნე თამაში "იუნაიტედში" ბოლომდე არ გაიხსნა, იმის მიუხედავადაც კი, რომ 2010/11 წლების სეზონში მან 21 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2012 წელს იგი "ფულჰემში" 3 მლნ. ფუნტად გავყიდეთ. ამიტომ გლეიზერების შეკითხვა სავსებით საფუძვლიანი იყო. მაგრამ როცა გაქვს ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა, უნდა იმოქმედო.

მე რომ ახალგაზრდა ან ამბიციური მწვრთნელი ვყოფილიყავი, ან დიდი კომპანიის მართვაზე მეოცნება, ხელმძღვანელობის შემადგენლობას ყურადღებით გადავხედავდი, სანამ სამუშაოს დავთანხმდებოდი. "ბირმინგემ სიტის" ყოფილი მწვრთნელი, კარსონ ენი (დაწერის მომენტში) ციხეშია. "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მფლობელი, ტაქსინ შინავატრი დევნილია და ტაილანდში ვერ ბრუნდება. ბრიტანელთა შორისაც არის ბევრი სულელი მფლობელი. სულერთია, საიდან არიან წარმოშობით, ფეხბურთს მოუფრთხილებლად ეპყრობიან. თუკი პრემიერ ლიგის ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდს ყიდულობდნენ, ევროპული ფეხბურთის შემოსავლის მიღება საშინლად სურდათ, რაც ძირითადად მაღალი დონის გუნდების წილია. თუკი დაბალი დივიზიონის გუნდებს იღებენ, პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ოცნებობენ.

ყველაზე სულელმა მფლობელმაც კი იცის, რომ თუ არსებობს გარკვეული უთანხმოება ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის, ფეხბურთელს არ უნდა დაუჭირო მხარი. თუ ამას იზამ, კლუბში ანარქია გამეფდება. ყოველთვის იქნებიან მწვრთნელები, რომლებიც მთელ გუნდს განაწყობენ საკუთარი თავის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ამბობდნენ, რომ პაოლო დი კანიო "სანდერლენდიდან" 2013 წელს იმის გამო გააგდეს, რომ მფლობელის ოფისში რამდენიმე ფეხბურთელი შევარდა, მაგრამ ასეთი მაგალითი იშვიათია.

ყოველთვის ვიცოდი, აგენტსაც რომ ეცადა ფეხბურთელის შებრალება, მფლობელები მას მხარს არ აუბამდნენ.

მწვრთნელობის სურვილის მქონე ყოფილ ფეხბურთელთა უმრავლესობა ჩემს თავს მახსენებს, როცა "ისტ სტირლინგშირში" გადავედი. მზად არიან, ნებისმიერ შეთავაზებას დათანხმდნენ. გულ-ხელდაკრეფილი ვერ ისხდებიან სატელეფონო ზარის მოლოდინში, უმუშევრობის პერიოდმა კი ნებისმიერში შეიძლება გამოიწვიოს საკუთარ ძალებში დაეჭვება. მაგრამ მწვრთნელი ხანდახან ძალიან ფრთხილობს და იმ დღეს, როცა ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ამავდროულად სასიკვდილო განაჩენსაც მოაწერს ხელს. პერსონალის ბრუნვა სისულელე არ არის. სახლის ბუზის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო გრძელია, ვიდრე პრემიერ ლიგის მწვრთნელის.

მიუხედავად ამ ასპროცენტიანი ფაქტებისა, სურვილი და ამბიცია ყოველთვის იმარჯვებს ცივ გათვლაზე. რამდენიმე წლის წინ ოლე გუნარ სულშერი, რომელიც ბრწყინვალე ფორვარდი იყო "იუნაიტედში" და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნს" გამარჯვების გოლი გაუტანა, "კარდიფ სიტისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც ოლემ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი მშობლიურ ნორვეგიაში დაბრუნდა, რათა "მიოლდე" გაეწვრთნა, რაც საკმაოდ წარმატებით მოახერხა.

ნორვეგიაში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ ოლეს ძალიან უნდოდა პრემიერ ლიგის გუნდის გაწვრთნა და წავიკითხე, რომ მოლაპარაკებებს ასრულებდა "კარდიფ სიტის" მფლობელ ვინსენტ ტანთან, რომელსაც ის-ის იყო მალკი მაკეი დაეთხოვნა. ჩემთვის გავიფიქრე: "დარწმუნებული ვარ, არც კი ფიქრობს ამ სამუშაოზე დათანხმებას - ეს ხომ კოშმარი იქნება". ამიტომ ოლეს მივწერე და გადამწყვეტი რჩევა მივეცი. ვუთხარი: "მფლობელთან უდრეკი იყავი. კონტრაქტი სრულად წაიკითხე, უმცირეს დეტალებში, რადგან ამას შენს სამწვრთნელო საქმიანობაში ხელის შეშლა შეუძლია".

ლიდერი, მაგრამ არა - მენეჯერი (ნაწილი I)
ვინსენტ ტანი და ოლე გუნარ სულშერი


9 თვის შემდეგ გარდაუვალი რამ მოხდა და ტანმა ახალი მწვრთნელი აირჩია. ოლესთვის კარგი ამბავი ის იყო, რომ შეუდარებელი კონტრაქტი ჰქონდა და მისი ნიჭი უფრო მადლიერი მფლობელის მიერ დაფასდება.

არსებობენ მოვლენათა წარუმატებლად განვითარების მსხვერპლებიც. ასე მოხდა "ბლექბერნში" სემ ელერდაისის შემთხვევაში, როცა კლუბი რაოს ოჯახმა, V.H.Group-ის მფლობელმა შეიძინა, რომელიც ამავდროულად ინდოეთში ფრინველთა ფერმას ფლობდა. გუნდის აქციების შეძენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ახალმა მფლობელებმა ელერდაისი, რომელიც მანამდე გუნდს ორი წელი წვრთნიდა, დაითხოვეს. სემი, რომელიც მიზერულ ბიუჯეტს ფლობდა, ყოველთვის ცდილობდა, გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მაღალ ადგილზე გაეყვანა.

რაომ აგენტი ჯერომ ანდერსონი კონსულტანტის რანგში დაიქირავა, ელერდაისი გააძევა და მის ნაცვლად მისი დამხმარე, სტივ კინი დანიშნა. შემდეგ, იმისათვის, რომ სამყაროსთვის ღიად ეჩვენებინა საფეხბურთო მენეჯმენტში თავისი უსახსრობა, რაო ამტკიცებდა, რომ კინი თავისი კონტრაქტის ამოწურვამდე მუდმივად ინდოეთში დაფრინავდა ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. ოდნავ მოგვიანებით კინი გააძევეს, მის ადგილზე კი "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ჰენინგ ბერგი დანიშნეს. როგორც კი სამუშაო შესთავაზეს, მან მაშინვე დამირეკა.

მფლობელების შესახებ გავაფრთხილე, მაგრამ ამ ადგილისკენ მას შემდეგ იღწვოდა, რაც ნორვეგიულმა "ლილესტრემმა" გააგდო. 75 დღის შემდეგ ინდუსებმა ისიც დაითხოვეს, მაგრამ სასამართლომ მფლობელებს კონტრაქტის გაწყვეტისთვის 2.2 მლნ. გადასახადი დააკისრა.

ბევრი სხვა ისეთი შემთხვევაც მოხდა, როცა მენეჯერი უნაკლოდ ასრულებდა თავის საქმეს, მაგრამ მფლობელი მაინც საშინლად ექცეოდა. ჯოკ სტეინი "სელტიკში" 13 წლის განმავლობაში მუშაობდა და 25 ტიტული მოიგო, სანამ 1978 წელს პენსიაზე გავიდოდა. რთულია უფრო ძლიერი ლიდერის წარმოდგენა, ვიდრე იგია.

ჯოკი არ სვამდა, არ ეწეოდა, გამარჯვებებს თავის დამსახურებად არ თვლიდა და მთელ ქება-დიდებას ფეხბურთელებისკენ მიმართავდა. ამ ყველაფრის შემდეგ მას უარი უთხრეს დირექტორთა საბჭოში ადგილის მიცემაზე. "სელტიკის" მაღაზიაში მუშაობა შესთავაზეს. იგივე უთხრეს მის ასისტენტს, შონ ფელონს, რომელმაც კლუბს თავისი ცხოვრების 28 წელი შესწირა. უბრალოდ შოკისმომგვრელი მოპყრობაა ადამიანებთან, რომელთაც კლუბის განვითარებისთვის თავი გასწირეს.

"იუნაიტედში" ჩემს ასისტენტებსაც სურდათ კლუბის დატოვება, რადგანაც იცოდნენ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი - ყოველთვის ვურჩევდი, რომ ახალი სამუშაო ადგილი ყურადღებით მოეძებნა. სტივ მაკლარენმა ბრაიან კიდი შეცვალა ჩემი ასისტენტის თანამდებობაზე და სამი წლის შემდეგ ძლიერ სურდა ადგილიდან დაძვრა, რათა დამოუკიდებელი სამწვრთნელო პრაქტიკა მიეღო. შეთავაზებები ჰქონდა "ვესტ ჰემისა" და "საუთჰემპტონისაგან", მაგრამ "მიდლსბრო" აირჩია მისი მფლობელის, სტივ გიბსონის რეპუტაციის გამო. გიბსონი ახალგაზრდა იყო, კლუბში თავისი რესურსების ჩადება სურდა.

"ბოროს" შესანიშნავი სამწვრთნელო მოედანი ჰქონდა და მაკლარენი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. სწორი დამსაქმებელი აირჩია. ეს აჩვენებს, რამდენმად მნიშვნელოვანია დროის აღება სიტუაციის სწორად შესაფასებლად. სტივმა დაწვრილებით შეისწავლა თავისი ახალი კლუბის პესპექტივები და ყველაზე მთავარი, უმცირეს დეტალებამდე შეისწავლა თავისი მფლობელების ზრახვები.

მოიტოვეთ დიდი დრო, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ და ნუ ეცდებით პირველივე მცურავ ნავზე შეხტომას.

წყარო: theatreofdreams
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2016 21:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიტოვეთ დიდი დრო, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ და ნუ ეცდებით პირველივე მცურავ ნავზე შეხტომას.


კარგი იქნებოდა ესე მოიესს ან სხვას ეფიქრა როცა ესეთი დიდი გამოწვევა მიიღო და თან კლუბის პერსონალის დათხოვნა აგდაწყვიტა. პირველი დიდი შეცდომა ეგ იყო და ჩემი აზრით ბევრი რამ გადაწყვიტა მაგან
0
№2
ავტორი: abrama
11 თებერვალი 2016 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ehh yvela rom shennairad azrovnebdes babuuu.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
11 თებერვალი 2016 21:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა წავიდა, სწორედ ის დაგვიბარა, რომ მწვრთნელს გვერდში უნდა ვედგეთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ, უფრო სწორად, საფუძველი ნაკლებად გვაქვს.

ოლეს მწვრთნელობის რა ვთქვა, მაგრამ აი გარის მაგრად აქვს საქმე!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: abrama
11 თებერვალი 2016 22:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ციტატა: RojoDiablo
როცა წავიდა, სწორედ ის დაგვიბარა, რომ მწვრთნელს გვერდში უნდა ვედგეთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ, უფრო სწორად, საფუძველი ნაკლებად გვაქვს.

ოლეს მწვრთნელობის რა ვთქვა, მაგრამ აი გარის მაგრად აქვს საქმე!

Pepis da klops hqoniyos awi egre saqme premierligashi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top