"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთს ორი ფეხბურთელი შეემატა, ადნან იანუზაი და გილერმო ვარელა 21-წლამდელთა გუნდში თამაშისას დაშავდნენ.
ადნანმა, რომელსაც ლუი ვან გაალის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება უჭირს, პირველ ტაიმში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, თამაშის დასაწყისში კი კარგად თამაშობდა.
ბელგიელი "იადონებს" მარჯვენა ფლანგიდან უტევდა და საჯარიმოში ბევრ პრობლემასაც უქმნიდა, მაგრამ 33-ე წუთზე სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუხდა.
რაც შეეხება ვარელას, რომელიც "იუნაიტედის" პირველ გუნდში მცირე ხნის წინ გამოჩნდა და წარმატებულადაც თამაშობდა, მან ოდნავ მოგვიანებით დატოვა მოედანი.
ტრავმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
მატჩი "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის გამარჯვებით 7-0 დასრულდა და "იუნაიტედში" ახლახანს დაბრუნებულმა უილ კინმა 5 გოლი გაიტანა.