ახლახანს მოვედი სახლში. ვაპირებ, მოგწეროთ და სუპერბოულს ვუყურო.
დღეს ყველაფერი ისე სულაც არ მომხდარა, როგორც "ყოველ კვირას", სრულიად განსხვავებული დღე იყო. განსაკუთრებული კვირა გამოდგა. როგორც იცით, "ჩელსის" წინააღმდეგ ვთამაშობდით ლონდონში და 1-1 დასრულდა. როგორც მინიმუმ, როცა მოედანზე მეც ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ეს თამაში გულშემატკივრებს მოსწონდათ. დიახ, ბევრი გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ეს ორივე მეკარის დამსახურებაა, რომელთაც უბრალოდ დიდებული მატჩი ჩაატარეს. მინდა, ჩემი გუნდის თამაშიც აღვნიშნო. პირველივე წუთებიდან ერთადერთი მიზანი გვქონდა: გამარჯვება. კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვება ხელიდან გავუშვით ბოლო წუთებზე. ეს ძალიან გვიცრუებს იმედს, გამარჯვება ხომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო პრემიერ ლიგაში მაღალი საფეხურებისთვის მისაღწევად, მაგრამ "ჩელსიმ" მატჩის მიწურულს ძალიან მოუმატა და თავისი გოლი გაიტანა. ბოლო დროს ჩვენი თამაში გაუმჯობესდა და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მოცემული მიმართულებით მუშაობა არის მომდევნო მატჩებში წარმატებული შედეგის მიღწევის გარანტია. გუნდი უფრო კონცენტრირებულად და დამაჯერებლად თამაშობს. მომავალშიც ასე უნდა განვაგრძოთ.
მაგრამ დავუბრუნდეთ საწყისს... ჩემთვის "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ამ დღეებში ყოველთვის განსხვავებული შეგრძენა მაქვს, მაგრამ როგორც კი მსაჯი მატჩის დაწყებას ანიშნებს, ყველაფერს ვაკეთებ ჩემი გუნდის დასახმარებლად და მოედანზე გატარებული ყოველი წამით ვტკბები. უნდა ვაღიარო, რომ "ჩელსის" გულშემატკივართა მადლიერი ვარ ასეთი თბილი დახვედრისა და ჩემი შეცვლისას აპლოდისმენტების გამო. ასეთი რამეები საფეხბურთო რეალიებს ალამაზებს და სამუდამოდ გამახსოვრდება.
ვერ დავივიწყებ კურტ ზუმას ტრავმასაც. ძალიან ახლოს ვიყავი მასთან და დავინახე, რაც მოხდა. მოედანი საკაცით, ტკივილისგან აყვირებულმა დატოვა. იმედი მაქვს, ტრავმა სერიოზული არ იქნება და მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება.
მოკლედ რომ ვთქვა, ეს დღე ჩემთვის ბევრი მიზეზის გამო იყო ემოციური: თვითონ თამაში - გამარჯვებასთან ხომ ასე ახლოს ვიყავით, მაგრამ ქულები დავკარგეთ, შევხვდი მეგობრებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ამასთან ერთად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მომცეს... ამ დღეს ვიგრძენი, რომ სპორტსმენად ყოფნა - პრივილეგიაა.
გამომშვიდობების დრო დადგა, მაგრამ მანამდე მინდა, ჩემს ჩინელ გულშემატკივრებს და მათ, ვინც ამ დიდი აზიური ქვეყნის კულტურის მიმდევარია, ახალი წელი მივულოცო. მაიმუნის წელიწადს გილოცავთ!