ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ კვირას "ჩელსისთან" გამარჯვებას შეუძლია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულისთვის ბრძოლაში დააბრუნოს.
ჰოლანდიელ მწვრთნელს "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი უსტვენდა, რის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა "დერბი ქაუნთისა" და "სტოკ სიტის" წინააღმდეგ.
"იუნაიტედი" 10 ქულით ჩამორჩება პრემიერ ლიგის მოულოდნელ ლიდერ "ლესტერ სიტის", ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურს 5 ქულით.
5 დღეში 2 გამარჯვების მოპოვებამ ვან გაალის ამბიციები არ გაზარდა. "არ უნდა შევაჯამოთ", -განაცხადა მან, როცა ჰკითხეს, გამარჯვებების შემდეგ კონკურენციაზე საუბარი ხომ არ განახლდა.
თუმცა მან აღნიშნა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვება გუნდის თვითრწმენას გაზრდის. "ვფიქრობ, მაშინ გაიზრდება, როცა "ჩელსის" დავამარცხებთ, რაც ადვილი არ არის, ეს რთულია, რადგან გუს ჰიდინკის მოსვლის შემდეგ გუნდი არ დამარცხებულა. ასე რომ, რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ჩემპიონატი ხელახლა იწყება, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
მაიკლ კერიკმაც მითხრა, მაგრამ მანამდეც ვფიქრობდი ასე. ტურნირი ჯერ კიდევ არ არის დასრულებილი, არც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", არც სხვა გუნდებისთვის.
ამას ვგრძნობთ და ამიტომაც ვიმარჯვებთ ზედიზედ ორჯერ სანახაობრივი ფეხბურთით, ჩემი აზრით, გოლებით, "მშრალი" მატჩებით, წინააღმდეგ გუნდებისა, რომლებიც კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ - "სტოკ სიტი" "ლივერპულს" ლიგის თასზე შესანიშნავად ეთამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა.
მაგრამ მქონდა, მე ყოველთვის მქონდა ეს გრძნობა. ყოველთვის ვამბობდი ამას, რადგან ამ სეზონში მხოლოდ "კრისტალ პალასმა" და "არსენალმა" გვაჯობა.
ვფიქრობ, "საუთჰემპტონთან" საშინაო მატჩში ორივე გუნდი ერთნაირად ცუდად თამაშობდა. ასე რომ, ჩემი გრძნობები არ შეცვლილა.
მაგრამ ეს ყველაფერი მოგებათა სერიაში უნდა ვაჩვენოთ, რადგან ამ ტურნირზე ყველაფერია შესაძლებელი. ყოველთვის კარგია გამარჯვება, ხოლო როცა რამდენიმეს ზედიზედ მოიპოვებ კარგი თამაშის ფონზე და მატჩში სამ გოლს გაიტან, როგორც, მაგალითად, ინგლისის თასზე და პრემიერ ლიგაში, ფეხბურთელებს უდიდესი ბიძგი მიეცემათ. ამას ვარჯიშებზეც ნახავთ".
ვან გაალი ასევე აღნიშნავს, რომ საკუთარი თავის კრიტიკოსი თვითონ არის და მედიის დახმარება არ სჭირდება.
"მე უფრო ვაკრიტიკებ საკუთარ თავს, ვიდრე მედია. მწყობრიდან არ გამოვდივარ, როცა ვიგებთ ისე, როგორც მოგვწონს, მაგრამ არც ისე იმედგაცრუებული ვარ, როცა ვაგებთ ისე, როგორც არ მოგვწონს".