გავიხსენოთ 5 საუკეთესო მატჩი, მას შემდეგ რაც ალექს ფერგიუსონმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა.
2 თებერვალს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მორიგ, რიგით 24-ე, ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "სტოკ სიტის" უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლიც გაუტანა, თუმცა ეს მატჩი იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, როცა ანგარიში თამაშს არ ასახავს, მეტიც "ეშმაკებს" 4-5 გოლის გატანაც შეეძლოთ.
თუმცა იყო ეს პერფორმანსი საუკეთესო სერ ალექსის წასვლის შემდეგ?
მოდი, გავიხსენოთ 5 საუკეთესო შეხვედრა, რომელიც "იუნაიტედმა" ფერგის არ ყოფნაში ჩაატარა.
"ლევერკუზენი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-5 2013/14 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი. დევიდ მოიესის გუნდი პრემიერ ლიგაში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად მიდიოდა, 4 მატჩში 8 დაგროვილი ქულა და არცერთი მარცხი, ასეთი შედეგით გაემგზავრა "წითელი არმია" გერმანიაში, რათა ჯგუფის ლიდერობა გაენაღდებინა.
მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა 22-ე წუთზე უეინ რუნის კარგ ჩაწოდებას ანტონიო ვალენსია დაუხვდა და ანგარიშიც გაიხსნა. 8 წუთში სტუმართა უპირატესობა ორამდე გაიზარდა, ბურთი საკუთარ კარში სპაჰიჩმა ჩაჭრა და "იუნაიტედი" შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა. მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით წარიმართა 20 წუთში ჯონი ევანსმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და შუქ-ფარზე სამიანი აანთო, ამას კიდევ ერთი მცველის, კრის სმოლინგის, გოლი მოჰყვა და "ეშმაკები" უკვე გამანადგურებელი ანგარიშით იგებდნენ, თუმცა თავის გამოჩენა ნანიმაც მოისურვა, რომელმაც ულამაზესი დარტყით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0-5.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ოლიმპიაკოსი" 3-0 იგივე სეზონი.... იგივე ტურნირი... თუმცა ამჯერად "იუნაიტედი" ურთულეს მდგომარეობაში იყო და მოიესის ბიჭებს დიდი ანგარიშით მოგება მხოლოდ სიამოვნებისთვის არ სჭირდებოდათ. მერვედფინალურ სტადიაზე, "იუნაიტედს" თითქოს ძალიან გაუმართლა და მეორეადგილოსანთაგან ყველაზე სუსტი, "ოლიმპიაკოსი" ერგოთ მეტოქედ, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც "ეშმაკებს" სურდათ.
პირველი შეხვედრა საბერძნეთში გაიმართა და "წითელი არმია" ძალიან დაიჩაგრა, 2-0 ბერძნების სასარგებლოდ. 3 კვირის შემდეგ ამ გუნდთა საპასუხო შეხვედრას "ოლდ ტრაფორდმა" უმასპინძლმა და "ოცნებათა თეატრად" ცნობილ სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ერთი მსახიობის თეატრი იხილა. ანგარიში 25 წუთზე გაიხსნა, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული თერთმეტ-მეტრიანი რობინ ვან პერსიმ გოლად აქცია, მანვე მოახერხა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეორე გოლის გატანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გათანაბრება. თუმცა ჰოლანდიელი ამას არ დაჯერდა და 52-ე წუთზე ჰეთ-ტრიკის გაფორმებით ინგლისური გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიტყვანა, რობინს ასისტენტობას კიდევ ერთი მოთამაშე დავიდ დე ხეა უწევდა, რომელმაც საუცხოო ბურთების აღება მოახერხა და კარი მშრალად შეინახა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0
ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამზე არა შოტლანდიელი სპეციალისტი, არამედ ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი იჯდა. ლუის სეზონის სტარტიდანვე აკრიტიკებდნენ, რადგან იგი მუდმივ ძიებაში იყო და ვერც სათამაშო გეგმა, ვერც ტაკტიკა და ვერც სასტარტო შემადგენლობა გულშემატკივართა სიმპატიას ვერ იმსახურებდა.
დადგა 15 მარტიც, "ეშმაკების" გულშემატკივარს კიდევ ერთი საექსპერიმენტო შემადგენლობა დახვდათ მატჩის საყურებლად მოკალათებულებს, თუმცა ამჯერად მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა, "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლდათ, ანგარიში უკვე მე-9 წუთზე გაიხსნა, თავი მარუან ფელაინიმ გამოიჩინა. 10-იოდე წუთში კიდევ ერთმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა გაიტანა, "დეზების" რბევას წერტილი 34-ე წუთზე უეინ რუნიმ დაუსვა, რასაც ცნობილი აღნიშვნა - "ბოქსიორი" მოჰყვა.
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2
როგორც ამბობენ გამარჯვებული გუნდი შეუცვლელიაო, ლუიც "ხალხურ" გამოთქმას ენდო და "ენფილდზე" ნაცადი 11-ეულით გავიდა.
"იუნაიტედმა" საუცხოო პირველი ტაიმი ჩაატარა, "ლივერპულის" წინააღმდეგ ასეთი დომინირება თვით სერ ალექსის პერიოდშიც კი იშვიათი იყო. ვან გაალმა ვიზავის თავბრუდამხვევი ტემპი შესთავაზა და ამან შედეგიც გამოიღო, მე-14 წუთზე ანდერ ერერას მახვინგონივრული, გამჭოლი პასით ხუან მატამ ისარგებლა და "იუნაიტედი" დააწინაურა - პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.
შესვენების შემდეგ ბრენდან როჯერსმა საკუთარი გუნდის მხსნელად სტივენ ჯერარდი მოიაზრა და იგი ლალანას ნაცვლად შეუშვა მოედანზე, თუმცა "სკაუზერთა" რვიანმა მოედანზე იმდენივე წუთი დაჰყო რამდენი პრემიერ ლიგის მედალიც აქვს მოპოვებული - ანდერ ერერას წინააღმდეგ განზრახ უხეშობისთვის მარტინ ატკინსონმა იგი გააძევა.
მიუხედავად ამ ფაქტისა მატჩის საუკეთესო მომენტი გულშემატკივრებს წინ ჰქონდათ: 59-ე წუთი მატა-დი მარია- მატა, ეს გოლი კიდევ დიდი ხანი დარჩება "იუნაიტედის" გულშემატკივართა მეხსიერებაში. მასპინძლება მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, 69-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა "იუნაიტედს" კვლავ მიეცა შანსი მოსისხლე მტერი ორბურთიანი სხვაობით დაემარცხებინა, მაგრამ კაპიტანმა თერთმეტ-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" 4-2
ლუის ვან გაალმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიყვანა ერთი და იგივე შემადგენლობა და ეს მხოლოდ მოწონებას იმსახურებდა. "ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ, "წითლებმა" "ასტონ ვილაც" იოლად დაამარცხეს და თანაქალაქელ "სიტის" ერთი ქულით გადაასწრეს.
ბოლო პერიოდში მანჩესტერული დერბი ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო სანახავი გამოდიოდა, მითუმეტეს თუ ეს ორი გუნდი ცხრილში ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ: ახლაც სწორედ ასეთი რამ მოხდა მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფი მანჩესტერელები ერთმანეთს "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თითქოს "იუნაიტედი" ამისთვის მზად არ იყო. მე-8 წუთზე ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა და "სიტის" უპირატესობა ტაბლოზეც აისახა, თუმცა "წითლები" გონს მალევე მოეგნენ და 6 წუთში ანგარიში ეშლი იანგმა გაათანაბრა, პირველივე ტაიმში მასპინძლები წინ გავიდნენ და ეს მარუან ფელაინის გოლის შემდეგ მოხდა. "იუნაიტედმა" ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და 67-ე წუთზე ხუან მატამ 2 ბურთიანი სხვაობით გაიყვანა გუნდი წინ. თუმცა ეს დასასრული არ იყო, გოლის გატანა კრის სმოლინგმაც მოახერხა, რომლმაც ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში ძალიან სულელური ქმედებების გამო წითელი ბარათი დაიმსახურა და გუნდის წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლი გავიდა, თუმცა ამჯერად მასპინძელთა კარში - სერხიო აგუერომ დუბლი გაიფორმა.