"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელს შოტლანდიური "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ.
"სტოკ სიტისთან" სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" 3-0 მოიგეს, რაიან გიგზი ლუი ვან გაალის ასისტენტის სკამზე არ იჯდა. ჭორები კიდევ უფრო გამძაფრდა იმის თაობაზე, თითქოს უელსელი დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ ვან გაალმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
"სელტიკის" მთავარი მწვრთნელი რონი დეილა ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს შოტლანდიის ჩემპიონატის პირველი ადგილი უჭირავს, ლიგის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "როს ქაუნთისთან" დამარცხება გულშემატკივართა და ხელმძღვანელთათვის მიუღებელი შედეგია.
მაგრამ ვან გაალი უარყოფს, რომ უელსელის არყოფნა მატჩზე მომავალი სამსახურით არის გამოწვეული. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, გიგზს ოჯახის წევრი გაუხდა ავად და სწორედ ამიტომ გამოტოვა შეხვედრა.