ჯესი ლინგარდმა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ სამშაბათს გამართულ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.
23 წლის ფეხბურთელმა კამერონ ბორტუიკ-ჯექსონის პასით ისარგებლა და თავური დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა. ჯეკ ბატლენდის კარი მოგვიანებით ენტონი მარსიალმა და უეინ რუნიმაც აიღეს, რითაც საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირეს.
"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ლინგარდმა ლუი ვან გაალის მსგავსად ადრეული გოლის მნიშვნელობა აღნიშნა: "უმნიშვნელოვანესია. გულშემატკივრებისთვის, მწვრთნელისა და ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია.
ძალიან კარგად დავიწყეთ და როგორც კი პირველი გოლი გავიტანეთ, მეორე და მესამის გატანის უკვე გვჯეროდა. გოლების გატანა გვჭირდებოდა, შეტევა და გულშემატკივართა გართობა. როცა ამას ვაკეთებთ, თამაშებს ვიადვილებთ, ასე რომ, ჩემი აზრით, ასე უნდა გავაგრძელოთ".
ვინგერმა სხვა გოლების ავტორებიც შეაქო: "თუ ბურთს ხშირად მივაწვდით ენტონი მარსიალს, ის რაღაცას შექმნის. "ლივერპულის" კარში მის მიერ გატანილი გოლის შემდეგ ვიცით, რის შეძენა შეუძლია გუნდისთვის, ეს არის სიმწვავე, ეს არის სიძლიერე და მას დიდებული საგოლე ალღო აქვს"
რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, ლინგარდმა დაამატა: "რუნის ყოველთვის სურს გოლის გატანა და გუნდს სამაგალითოდ უძღვება. შვიდ მატჩში შვიდი გოლი შესანიშნავი შედეგია და ვიმედოვნებ, რვაში რვაც ექნება".
"სტოკი" პირველი მეტოქე იყო გადატვირთულ თებერვლის თვეში, როცა გუნდს ევროპის ლიგისა და ინგლისის თასის მატჩები დაემატება, მაგრამ ლინგარდს მიაჩნია, რომ გუნდი მზად არის ვითარებასთან გასამკლავებლად.
"იდეალური სტარტია სერიისთვის, რომლის ჩვენებაც გვინდა. ყოველ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც მომდევნოს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთით ამჟამად სიამოვნებას ვიღებთ და იმედი გვაქვს, "ჩელსის" დავამარცხებთ"