თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2016, 20:00
ავტორი: ViDa,
ნანახია: 13235,
კომენტარები: 6
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: Au Revoir, კანტონა
"ჩვენ ჩემპიონთა თასს მოვიგებთ". მსგავს დაპირებას არავითარი ფასი არ აქვს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო- ადამიანს, რომელმაც ეს სიტყვები თქვა, ერიკ კანტონა ერქვა.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: Au Revoir, კანტონა
"ჩვენ ჩემპიონთა თასს მოვიგებთ". მსგავს დაპირებას არავითარი ფასი არ აქვს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო- ადამიანს, რომელმაც ეს სიტყვები თქვა, ერიკ კანტონა ერქვა. გარეთ 1996 წლის დეკემბერი იდგა, დასვენების დღე გვქონდა და პაბში, სახელად "ხარის თავი" ვისხედით. ჰეილში ჩვენმა ფრანგმა ადგილი ჩემსა და ბექსს შორის დაიკავა. ახალგაზრდები ერიკს პატივისცემით ეგებებოდნენ. ერიკს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ იმ საღამოს ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. და მაშინ, როდესაც მორიგი ჭიქა დავცალეთ, ერიკმა განაცხადა, რომ დრო იყო ევროპის მეფეები გავმხდარიყავით.

მაშინდელი გუნდისთვის ეს საკმაოდ მამაცური განცხადება იყო. დიახ, მართალია, ჩვენ ინგლისის მორიგი თასი მოვიგეთ, მაგრამ ევროპის მთავარ თასამდე ძალიან ბევრი გვაკლდა. ათ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონთა თასი მოიგო. ყველა გამორჩეული ფეხბურთელი ესპანეთს ან იტალიას უმიზნებდნენ.

ერთი წლით ადრე უეფას თასის პირველივე რაუნდიდან გამოვვარდით, როდესაც ვოლგოგრადის "როტორთან" დავმარცხდით. ის, რომ ინგლისის ჩემპიონები ვიყავით, კონტინენტზე არავის აშინებდა და 1996 წელს ჯგუფური ეტაპი ძლივს დავძლიეთ. ჩვენ, იმის გარდა, რომ შევწყვიტეთ სახლში 40-წლიანი წაუგებელი სერია, დავმარცხდით "ფენერბახჩესთან" და ასევე, ორივე მატჩი დავუთმეთ "იუვენტუსს"- ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომლის წინააღდეგაც მომიწია თამაში.

ისინი ზედმეტად კარგები იყვნენ- მოზრდილები, ძლიერები და საშინლად ნიჭიერები. სტადიონზე გასავალ გვირაბში მათთან ერთად დგომაც კი მაშინებდა. ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგეს პირველად შევხვდი- ფერარა და მონტერო დაცვაში, დეშამი, კონტე და ზიდანი ნახევარდაცვაში, ხოლო შეტევაში დელ პიერო და ორი უძლიერესი ფორვარდი- ბოკშიჩი და ვიერი. უდიდესი სახელები და უდიდესი ფეხბურთელები ყველა ასპექტში. ტურინში 0-1 დავმარცხდით, მაგრამ ანგარიში სავსებით შესაძლებელი იყო, 0-10 ყოფილიყო. ასეთი თავსატეხი არასდროს მომცემია- მათ ფონზე როგორც სკოლის მოსწავლეები ისე გამოვიყურებოდით. მატჩის მანძილზე არცერთი მომენტი არ შეგვიქმნია. „მანჩესტერ იუნაიტედს“ მთელი 90 წუთის განმავლობაში კარის მიმართულებით არ დაურტყამს. არავითარი შანსი არ გვქონდა, მინიმალურიც კი. „იუნაიტედში“ 602 მატჩი ჩავატარე, მაგრამ მსგავსი არ გამეორებულა.

დელ პიერომ უმაღლესი კლასი აჩვენა- მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. მწვავედ და ხარისხიანად თამაშობდა. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებმაც იციან, როგორ მოექცნენ ბურთს, მაგრამ ნაკლებად შეუძლიათ გახსნა და პარტნიორების გაგება. ზიდანზე და დეშამიზე მსგავსს ვერ იტყვი, თუმცა ორივე „იუვენტუსში“ თამაშობდა. ამის გარდა, ორივე ქუჩაში გაიზარდა და თავისებური განათლება აქვთ და იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ თუ ვინმე მათ წინააღმდეგ წამოიქაჩებოდა- მონტერო იქვე იყო.

კი, მარცხი მტკივნეული იყო, მაგრამ ყველაზე მეტად გიგზს მოხვდა. პირველ ნახევარში ბოსი ყველას დაგვეტაკა კრიტიკით და გიგზს მამაცობა ეყო, რათა მისთვის ენა შეებრუნებინა. ფერგის რეაქცია ელვისებური იყო და გიგზიც სკამზე გაუშვა. მსგავსი რამ ფერგის არ ახასიათებდა, იგი არასდროს აგდებდა საკუთარ გეგმას სანაგვე ყუთში ჯერ კიდევ პირველ ნახევარში.

ზოგადად, ბოსი არ კარგავს იმედს და სჯერა საკუთარი ფეხბურთელების. იგი უბრალოდ კონკრეტულ შეცდომებს უსვამს ხაზს. მაგალითად, თუ რომელიმე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი პრობლემებს გვიქმნის მოედანზე, ფერგი შემოდის და გვეუბნება: „ესა და ეს დღეს მაგარ ტალღაზეა. კარგი დღე აქვს, არა? ნუთუ, არ გითხარით მის შესახებ მატჩის წინ? თქვენ ორი თამაშობთ 10 მეტრით მაღლა, თქვენ ორი- ნახევარდაცვაში, ყველა გასავალსა და შესავალს უკეტავთ“. იგი ყველაფერს აკონტროლებს და ვიღებთ იმ დოზის კრიტიკას, რამდენსაც ვიმსახურებთ: „გარი, გახსოვდეს, რომ შენ ჯერ კიდევ ძირითადისთვის იბრძვი; პოლ, ყურადღება მიაქციე შენს ვარდნებს“. მაგრამ მთელი 15 წუთის განმავლობაში ფეხბურთელებთან ჩხუბი და საკუთარი გეგმის გადაგდება მისთვის დამახასიათებელი არ იყო. იმ საღამოს გიგზი მიხვდა, რომ ფერგი ენის შებრუნებას არავის არ პატიობდა. შედეგად, გიგზი სათადარიგოზე აღმოჩნდა და იქიდან უყურებდა, როგორ აგრძელებდა ჩვენს განადგურებას „იუვენტუსი“. მოედნიდან გასვლისას ვფიქრობდი: „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“.

ერიკი დარწმუნებული იყო, რომ აგერ ჩვენ „ხარის თავში“ ვისხედით, ხოლო ტრიუმფი კი უახლოეს კუთხეში გველოდებოდა. მე და ბექსი პაბიდან კარგი ხასიათით გამოვედით და ეს სულ არ იყო ლუდის დამსახურება. ერიკისთვის, რომელმაც ყველას ყველაფერი დაუმტკიცა, თუ რისი გაკეთებაც შეეძლო ინგლისურ მიწაზე, პრინციპის საკითხი იყო ევროპის დაპყრობა, თუმცა ამის შანსები არც ისე დიდი იყო.

არცერთი ჩვენგანი არ იცნობდა ერიკს კარგად, მაგრამ მას ყველა პატივს სცემდა. ვარჯიშებზე შენ თუ მას არ გაუკეთებდი გადაცემას, რომელსაც იგი ელოდა, ისე შემოგხედავდა, თითქოს შენს მოკვლას გეგმავდა. ერიკი პერფექციონისტი იყო, მაგრამ რაკი ეს ერიკი იყო, შენ თავს დაჩაგრულად არ გრძნობდი, უბრალოდ ცდილობდი, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ გეთამაშა. ჩვენ ტყავიდან ვძვრებოდით, რათა მისთვის კარგი შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა.

პატივისცემასთან ერთად მისი შიშიც გვქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რისი გაკეთებაც შეეძლო გაბრაზებულ ფრანგს, თუმცა ამავდროულად დარწმუნებულები ვიყავით, რომ არაფერი გვემუქრებოდა. კუნგ-ფუს დარტყმა, წითელი ბარათები და ჩხუბი „გალათასარაისთან“ საოცრება იყო, ვინაიდან ჩვეულებრივ ცხოვრებაში ერიკი აბსოლუტურად მშვიდი ადამიანი იყო. მასში არ იყო არავითარი ქედმაღლობა, იყო მხოლოდ თავაზიანობა და გონივრულობა. იგი ჩვეულებრივი იყო- დადიოდა ჩვეულებრივი მანქანით და ცხოვრობდა ჩვეულებრივ სახლში სოლფორდზე. დადიოდა ყველა გუნდურ შეკრებაზე, შობის საღამოებზე, შეხვედრებზე, როდესაც ფეხბურთელებს თავიანთი მანდილოსნები მოჰყავდათ, ერიკი კი სამაგალითოდ იქცეოდა, როგორც სქოულზი და ენდი კოული. განა იმ მიზნით, რომ თავი გამოეჩინა, არა, უბრალოდ სიმშვიდეს ინარჩუნებდა დაქოქილი ხალხის ფონზე.

ერიკი თავისთვის იყო და ვერავინ ბედავდა მისთვის ხელის შეშლას, ბოსიც კი. ერთხელ ოფიციალური შეხვედრა ჩავატარეთ მანჩესტერის მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩვენს დუბლს მივუძღვენით. ყველა კოსტუმებში გამოწყობილი მოვიდა, ხოლო ერიკს ჯინსის მოსაცმელი ეცვა. ჩვენ ვუყურებდით მას და ვფიქრობდით, თუ რას უზამდა ბოსსი ასეთი საქციელის გამო. ალბათ, გაცოფდებოდა მის დანახვაზე, რადგან ბევრი ჟურნალისტი და გამორჩეული ადამიანი იყო მოსული. მაგრამ მწვრთნელმა თავი გააქნია, გაიცინა და თქვა: „ჰო, ბიჭებო... კანტონა უცნაური ტიპია“.

ერიკს ბევრი რამ ეპატიებოდა, როგორც გაზს ინგლისის ნაკრებში, რადგან იგი დიდი ნიჭის მქონე და გუნდის ერთგული იყო. იგი ახალგაზრდებთან ერთად ვარჯიშობდა, რათა მუდამ პროგრესი ჰქონოდა. და იმ სეზონში- 1996/97 იგი, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, ბოლომდე იხარჯებოდა ჩემპიონთა ლიგის გამო.

როგორც ყველა ახალგაზრდა გუნდის, ჩვენი მთავარი პრობლემაც არასტაბილურობა იყო. ჩვენ 4-0 გავანადგურეთ „ნიუკასლი“ თავის ვარსკვლავთან, ალან შირერთან ერთად, ხოლო უკვე ოქტომბერში აქეთ დაგვამარცხეს 0-5. ზოგჯერ უბრალოდ გინდება, რომ მიწა გასკდეს და ჩავარდე. ეს დღეც ასეთი იყო. „ნიუკასლის“ ყოველი დარტყმა გოლი აღმოჩნდა. ერთ-ერთ მომენტში, რამდენიმე მეტრით გავუშვი დავიდ ჟინოლა. მე უფრო მჭიდროდ უნდა მეთამაშა, მაგრამ შევცდი. იგი შემოტრიალდა და ზედა კუთხეში დაარტყა 30 მეტრიდან. ეს უმაღლესი კლასი იყო. ასეთ მომენტებში გული გიჩერდება და ხვდები- ახლა რაღაც საოცრება მოხდება. ვლოცულობდი, რათა შმეიხელს ჩემი ტყავი გადაერჩინა, მაგრამ იმ მომენტში პიტერიც კი უძლური იყო.

ძალიან მაგარი იყო, მაგრამ უარესებიც გადამხდენია თავს. იმ ბიჭს ჯეი-ჯეი ოკოჩა ერქვა. ერთ მომენტში იგი ჩემ წინ იდგა და წამში გაუჩინარდა, რა თქმა უნდა, ბურთთან ერთად. ნახეთ YouTube-ზე, უეჭველი უნდა იყოს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეძლო ამის გაკეთება.

‘ნიუკასლთან“ მარცხი საშინელება იყო. ერთი კვირის შემდეგ „საუთჰემპტონმა“ 6 გაგვიტანა. ამ დროს იძულებულები გავხდით, გვესწავლა როგორ დაგვეღწია თავი ასეთი სიტუაციიდან. მსგავსი ჩავარდნები ყოველ სეზონში ხდება და მწვრთნელის მოვალეობაა, რომ ფეხბურთელები გაამხნევოს, რათა ყურადღება არ მიაქციონ მათ ირგვლივ შექმნილ ვითარებას. მწვრთნელისგან გამხნევებულებმა შემდეგი მატჩი როგორც ჩემპიონებმა ისე ჩავატარეთ.

ევრო თასების შედეგებიც წარმოუდგენელი იყო. ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე უკანასკნელ გასვლით შეხვედრაში „რაპიდთან“ მხოლოდ გამარჯვება გვაწყობდა. იმ მომენტისთვის ერიკის იდეა ჩემპიონობასთან დაკავშირებით, ასე თუ ისე, ძალიან ამბიციურად ჟღერდა. რწმენამ საკუთარ თავში პირველ მეოთხედფინალში „პორტუს“ 4-0 განადგურების შემდეგ იმატა. ჩვენ დავფრინავდით მოედანზე 100 მილით საათში და გავანადგურეთ ისინი კონტრშეტევებზე გიგზისა და ენდი კოულის ფანტასტიკური გოლების ხარჯზე.

პირველად გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და არავითარ შიშს არ ვგრძნობდით თამაშის წინ, რომელშიც გერმანიის ჩემპიონებს, დორტმუნდის „ბორუსიას“ ვეთამაშებოდით. პირველ შეხვედრაში, დორტმუნდში, ჩვენ სამი 100-პროცენტიანი მომენტი გვქონდა: ბატიმ ძელს გაარტყა, კანტონამ 14 მეტრიდან ვერ გაიტანა, ხოლო ბექსის დარტყმის შემდეგ ხაზიდან ბურთი მცველმა გამოიტანა. ჩვენ მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა და 0-1 დავმარცხდით. საპასუხო მატჩის წინ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, კინის დისკვალიფიკაციის მიუხედავად. მის არყოფნაში, ადგილი კანტონამ კოულ-სულშერის დუეტის ქვეშ დაიკავა. თამაში დაიწყო და ლარს რიკენმა ანგარიში იქვე გახსნა. ახლა სამი ბურთი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და არაჩვეულებრივი მომენტები შევქმენით. ერთ-ერთი იყო კანტონას მომენტი-კოულის ჩაწოდება და ერიკის თავური. თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ იურგენ კოლერი ბურთს შეუვარდა და დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო. ორი მარცხი 0:1.

ერიკისთვის ეს ნოკაუტი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იგი გუნდს მორიგი ჩემპიონობის გაფორმებაში დაეხმარა და ყველასთან ერთად აღნიშნა გასიენდეში- ღამის კლუბში, სადაც „HAPPY MONDEYS” და “STONE ROSES” უკრავდნენ. მიყვარს ასეთი მუსიკა, მაგრამ გიგზის, ბექსისა და ბენ ტორნლის დამსახურებით, ჩვენი კომპანია უფრო “TAKE THAT-ს“ უსმენდა. ჩემპიონობა „მიდლსბროსთან“ გავიფორმეთ. მატჩი 3-3 დამთავრდა და მაშინ ჩემი პირველი გოლი გავიტანე „იუნაიტედის“ რიგებში. დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით ჩემს უდიდეს შეტევას, მაგრამ სიმართლე ასეთია: მე წინ წავედი და ისე დავიღალე, რომ უკან დაბრუნების თავი აღარ მქონდა. ბურთი ერიკმა მიიღო და იდეალური პასი გამიყოლა. მახსოვს, რომ მთელი ჩემი სხეული ამ მომენტისთვის იყო კონცენტრირებული და იდეალურად დავარტყი. ბურთი ბადეშია, აჰჰ, რა გრძნობაა! საუკეთესო გოლი ჩემს კარიერაში! სამწუხაროა, რომ მხოლოდ 7 გოლის გატანა მოვახერხე 687 მატჩში „იუნაიტედისა“ და ნაკრების რიგებში. როგორც არ უნდა ატრიალო, საშინელი შედეგია. ზოგჯერ ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეუბნები: „ღმერთო, მხოლოდ ამას მივაღწიე?!“

ასე თუ ისე, მომდევნო დღეს „ლივერპული“ დამარცხდა, ხოლო „ნიუკასლმა“ ფრედ ითამაშა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდით. „ჩემმა გოლმა ტიტული მოგვცა!“, - ვხუმრობდი, როდესაც გასიენდეში ვერთობოდით. აღვნიშნეთ უმაღლეს დონეზე, მაგრამ ერიკი ფიქრებით შორს იყო. „ბორუსიასთან“ მარცხი დიდი დარტყმა იყო მისთვის. ჩვენ არ დავმარცხებულვართ სუპერ გუნდთან, უბრალოდ ხელიდან გავუშვით იდეალური შანსი. ჩვენ გავიმარჯვებდით, გამართლება ჩვენკენ რომ ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, გასახდელში ერიკს არავინ ადანაშაულებდა. ალბათ, ერიკი საკუთარ თავს მხოლოდ თვითონ სჯიდა. მაგრამ იმ ლაპარაკის შემდეგ პაბში, დარწმუნებული ვიყავი, რომ სულს გაყიდდა ამ თასის გამო. კანტონა უდიდესი ფეხბურთელი იყო პრემიერ ლიგაში და მას უნდოდა, რომ ჩვენ ახალ დონეზე გავეყვანეთ. ჩვენ მას ვუღალატეთ, თუმცა მისი მხრიდან არცერთს მსგავსი რამ არ გვიგრძვნია. 30 წლის ასაკში ერიკმა გადაწყვიტა, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო საშუალება მას უკვე ჰქონდა. მან ყველაფერი გააკეთა. წასვლის დრო იყო.

ერთი კვირის შემდეგ წავიკითხე, რომ გუნდს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება სურს. ვფიქრობდი, რომ ახალი ფეხბურთელი გავიფორმეთ, მაგრამ ამის ნაცვლად მარტინ ედვარდსმა, ჩვენმა პრეზიდენტმა, თქვა, რომ ერიკ კანტონამ კარიერა დაასრულა. „იუნაიტედის“ ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ჩვენ შოკში ვიყავით. რამდენიმე დღის ადრე მასთან ერთად გამოვედი მოედანზე. მატჩში, რომელიც დების ბასტის საპატივსაცემოდ გაიმართა. მან ავტობუსი დატოვა სიტყვებით: „ყველას სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ, მალე შევხვდებით!“ მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, იგი ისე წავიდა, როგორც მას შეეფერებოდა. იგი საკუთარ თავს უფლებას არ მისცემდა, რომ მისი ვარსკვლავი ჩამქრალიყო. კარიერა უმაღლეს დონეზე დაამთავრა ან ახლოს მასთან- გუნდის კაპიტანი და პრემიერ ლიგის ჩემპიონი. მარამ ამავდროულად, მშივრები დაგვტოვა მომავალ ურთულეს შეხვედრებში.

რა თქმა უნდა, მე მინდოდა, რომ ერიკი დარჩენილიყო- ვფიქრობ, რომ იგი მოიგებდა „იუნაიტედთან“ ერთად ჩემპიონთა თასს. მაგრამ იგი არ იყო ისეთი კატეგორიიდან, რომელიც მარცხს შეეგუებოდა. ჩვენ კი ახალგაზრდები ვიყავით, არასტაბილურები და ყოველდღე ვსწავლობდით. ერიკის წასვლა იმას ნიშნავდა, რომ მან საკუთარ ოცნებაზე უარი თქვა, მაგრამ ამის გამო იგი არ დამცირებულა ჩემს თვალებში. მასთან ერთად ორი სრული სეზონი ჩავატარე, სადაც ორივეჯერ გავიმარჯვეთ, ერთ-ერთი მათგანი კი სრულიად კანტონას დამსახურება იყო. გულშემატკივრების გულებში იგი სამუდამოდ დარჩება- მისი ხასიათის გამო. მას ბევრი რამე გასდიოდა თავს, რის გამოც იგი ყველას უყვარდა.

ხშირად მესმის, რომ ფული და პოპულარობა ცუდად აისახება ფეხბურთელზე- აფუჭებს მის ხასიათს და ცვლის შეხედულებებს. და ხშირად ასეც ხდება. მაგრამ ერიკი გამონაკლისი იყო. როგორც კინო, იგი იყო ისეთი, როგორსაც ვხედავდით. ზოგს, როცა ისინი გაცეცხლებულები არიან, სჭირდებათ ათამდე დათვლა, რათა დამშვიდდნენ. სხვები კი, როგორებიც არიან ერიკი და კინო, ამოსუნთქვასაც ვერ ახერხებენ ასეთ დროს. და ეს არ ხდება ფულის გამო- ისინი უბრალოდ ბუნებით არიან ასეთები და მიხარია, რომ მათთან ერთად გუნდში ვთამაშობდი.

ერიკის წასვლამ შოკში ჩააგდო მთელი ინგლისის ფეხბურთი, მაგრამ გუნდი არ აპირებდა ხელის ჩაქნევას. ალბათ, სწორედ ეს არის უდიდესი მიღწევა ფერგის ეპოქაში. შენ შესაძლოა ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა ხარ გუნდის ისტორიაში, მაგრამ შენ მიდიხარ, ხოლო გუნდი სვლას აგრძელებს, ისე რომ უკან არ იყურება. იამაყე, თუ კარი გაიხურე და ამას ვინმემ ყურადღება მიაქცია. არავითარი გამოსამშვიდობებელი წვეულებები, თუ ვინმე არ მიდიოდა სამწვრთნელო შტაბიდან. ვინმე აუცილებლად დაიკავებს შენს ადგილს, ხოლო გუნდი მორიგი ტიტულისკენ გააგრძელებს სვლას.
ერიკი 1997 წლის ზაფხულს წავიდა და ბოსმა გამოცდილი ტედი შერინგემი გაიფორმა. მე ვიცოდი, რომ იგი მაგარი ფეხბურთელი იყო, ვინაიდან ნაკრებში ერთად ვთამაშობდით. და ამასთან ერთად სქოულზმაც ყურები დაგვიხვრიტა. მათ უყვარდათ ერთად თამაში, რადგან პირველივე დღიდან კარგად გაუგეს ერთმანეთს მოედანზე. სქოულზი დღემდე იხსენებს, როგორ კითხულობდა ტედი თამაშს, ხედავდა მოედანს, იღებდა ბურთს ურთულეს შემთხვევებში. მას არ ჰქონდა ერიკის აურა, მაგრამ ისინი რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს.

ტედი კარგი შენაძენი იყო, მაგრამ მე და ფილიც მზად ვიყავით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მე სულ მსურდა, რომ დარწმუნებული მომავალი მქონოდა. ასე რომ, როდესაც გუნდმა შვიდწლიანი კონტრაქტი შემოგვთავაზა, ჩვენ დაუფიქრებლად მივჯღაბნეთ ხელმოწერა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვეუბნებოდა დავფიქრებულიყავით. შეხვედრა 15 წუთი გრძელდებოდა. მამაჩემი მაშინ ევროპაში ისვენებდა და შემთხვევით ტერი ვენეიბლს შეხვდა. მას გაუკვირდა, რატომ მოვაწერეთ შვიდწლიან კონტრაქტს ხელი. „იმიტომ, რომ ათწლიანი არ შემოგვთავაზეს“,-უპასუხა მამაჩემა და იგი არ ხუმრობდა.

ერიკის დაკარგვა ნებისმიერ გუნდს დაასუსტებდა. ორი თვის შემდეგ, 1997/98 სეზონში, ჩვენ კინოც დავკარგეთ ტრავმის გამო. მაშინ საშინლად არ გვიმართლებდა ტრავმების გამო. შემდე ხანგრძლივი ვადით გამოგვეთიშა დენის ირვინი პოლ ბოსფელტის საშინელი ვარდნის გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ფეინორდის“ წინააღმდეგ. საშინელი საღამო გამოდგა, ჰოლანდიელები ჩვენს დამტვრევას ცდილობდნენ და დამთავრდა იმით, რომ თითოეული შეჯახების დროს ფეხებით წინ მივდიოდით, რათა ტრავმა არ მიგვეღო. ხულიო კრუსმა სახეში შემაფურთხა და გვირაბში შეხვედრა შემომთავაზა მატჩის შემდეგ, მაგრამ როდესაც დანიშნულ ადგილს მივედი, მისი კვალიც კი გაქრა.

მსოფლიო ჩვენს ახალგაზრდა გუნდს აკვირდებოდა. საშუალო ასაკი 23 წელი იყო, ხოლო ერთ მატჩში კი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი 26 წლის ენდი კოული იყო. ჩვენ გამოფიტულები ვიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ „არსენალის“ მიღწევებს, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო იმ სეზონში და ალბათ, საუკეთესო გუნდია ვისთანაც კი მითამაშია. 98 წლის „არსენალი“ უკეთესი იყო, ვიდრე მოურინიოს „ჩელსი“ ან „დაუმარცხებელი“ „კანონირები“ 2004 წლის სეზონში.

არსენ ვენგერი გასულ სეზონში მოვიდა „არსენალში“ და იმ მომენტისთვის მის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. მაგრამ ჩვენ თვალწინ სერიოზულ მეტოქედ გადაიქცა. მაშინდელი „არსენალი“ ყველანაირად კარგი იყო: გამოცდილი და ძლიერი, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მათ არ ჰქონდათ საკუთარ თავზე ისეთი წარმოდგენა, რომელიც ანრის დროს განჩდა: „ნუ გვეხებით, ჩვენ ფრანგები ვართ და ყველას ვჯობივართ“. არცერთ ხაზზე არ ჰქონდათ სუსტი წერტილი. დიახ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია, მაგრამ სცადეთ მათი შემადგენლობის ამოკითხვა პაუზის გარეშე და მიხვდებით, თუ რაოდენ ძლიერები იყვნენ. სიმენი, დიკსონი, უინტერბერნი, ადამსი, კიოუნი, ვიეირა, პეტი, პარლორი, ოვერმარსი, ანელკა და ბერგკამპი- ეს ბიჭები გამოდიოდნენ მოედანზე.

არასდროს შემხვედრია ასეთი ძლიერი შემადგენლობა, თუ „იუვენტუსს“ არ ჩავთვლით. „არსენალს“ უმაღლესი დონის მეკარე ჰყავდა, არაჩვეულებრივი ოთხეული დაცვის ხაზზე, ორი ცენტრალური ნახევარმცველი, რომლებიც იდეალურ გადაცემებს აკეთებდნენ, მოძრაობდნენ და არავისი ეშინოდათ. მარჯვენა ფლანგზე მუშა პარლორი, რომელსაც რეაკტიული ოვერმარსი ავსებდა მოპირდაპირე მხარეზე. ვის წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ ოვერმარსის წინააღმდეგ ყველაზე მეტად გამიჭირდა.

ჟინოლაც კარგი ფეხბურთელი იყო. მაგრამ იგი დიდი იყო და არასდროს გაირბენდა ზურგს უკან. იგი მარცხენა ვინგერი იყო. მას უყვარდა ბურთის მიღება, შემოტრიალება და შემდეგ გაქცევა. შენ თუ ამის საშუალებას მისცემდი, ნამდვილ კოშმარს დაგმართებდა. მსგავსი რამ მოხდა „უაით ჰარტ ლეინზე“ და შესვენებამდე გამაძევეს მოედნიდან. მაგრამ თუ მას იქვე ხისტად მიადგებოდი და ძაღლივით ჩაეჭიდებოდი ფეხში იგი ალბათ ფიქროდა: „აქ განსაკუთრებულს ვერაფერს გავაკეთებ. გადავალ ერთი ცენტრში ან შევამოწმებ როგორ მიდის მეორე ფლანგის საქმე“.

ოვერმარსისგან ასე მარტივად თავს ვერ დაიძვრენდი. ჰოლანდიელს ნებისმიერი მცველისთვის შეეძლო პრობლემის შექმნა. აგერ კიდევ პეტი, რომელიც თავისი ჯადოსნური მარცხენით ბურთს თავზე მიგდებდა და ოვერმარს აწვდიდა მოძრაობაზე. მჭიდროდ დაუდექი-ადგილზე გაგაქვავებს. მიეცი ბურთის მიღების საშუალება და ცხოვრების გზას აგიბნევს. ამის გარდა, მათ ბერგკამპიც ჰყავდათ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ათიანი, რომელიც იდეალურ გადაცემებს უკეთებდა ანელკას- ფორვარდი არაჩვეულებრივი საგოლე გრძნობითა და სიჩქარით. შემადგენლობა იდეალურად ბალანსირებული იყო 4-4-2-ის.

მოურინიოს „ჩელსი“ რამდენიმე სეზონი დამანგრეველი იყო. „დაუმარცხებელმა“ „არსენალმა“ კი საკუთარი სახელი რეკორდების წიგნში ჩაწერა. მათი თამაში ჰიპნოზურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხოლო ანრის წინააღმდეგ თამაში შეუძლებელი იყო. და რა გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, „დაუმარცხებელი“ „არსენალის“ წინააღმდეგ მატჩის დროს ისეთი შეგრძნება გიჩნებოდა, რომ შენ მათი დაშინება და გასრისვა შეგეძლო. მაგრამ ვენგერის პირველ ჩემპიონებზე ამას ვერ იტყოდი. ვფიქრობ, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ „დაუმარცხებლების“ წინააღმდეგ ორივე მატჩი ფრედ ვითამაშეთ, ხოლო „97/98 წლების „არსენალთან“ ორივე მატჩში დავმარცხდით. ისინი საუკეთესო მეტოქეები იყვნენ მთელი ჩემი კარიერის მანძილზე.

ჩვენ ცხრილის სათავეში ვიყავით, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ „არსენალი“ გვესტუმრა. ტრავმებმა ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, რომ მე დაცვის ცენტრში ვთამაშობდი, ხოლო ახალგაზრდა ჯონ კერტისი- მარჯვნივ. ანელკამ მოძრავ ოვერმარს დაუგდო ბურთი, უკანასკნელი ელვისებური სისწრაფით შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ფეხებს შუა გაუტარა შმეიხელს. იმ მატჩში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაზიანდა- პიტერ შმეიხელი. „არსენალმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ რვა წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

შედეგად, ჩვენ ერთი ქულით ჩამოვრჩით „არსენალს“. არც ისე ცუდი შედეგია ჩვენი ტრავმების გათვალისწინებით. მაგრამ ცარიელი ხელებით დავრჩით- ვენგერის გუნდი ნამდვილად ძლიერი იყო.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
6 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
3 თებერვალი 2016 20:50
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ცოტაც დარჩენილიყო და კი მოიგებდა სანატრელ ტიტულს :( 30 წელი არ არი ბევრი და მითუმეტეს ისეთი ხასიათის მქონე ფეხბურთელისთვის, როგორც კანტონა იყო. ჩვეულებრივად შეძლებდა უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაშს. ჩემი აზრით, სისულელე ქნა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: abrama
3 თებერვალი 2016 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ise makvirveb garii, fergis mowape iyavi amdeni rchevebi da gamocdileba daagrove da valensia mase ukan ukan unda wageyvanaa, imave doneze mainc dagetova, martla makvirveb.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2016 20:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მაშინ არ ვიცი როგორ იყო, მაგრამ დღეს რომ ეგეთ ასაკში კარიერის დასრულება მოენდომებინა ასეთი დონის ფეხბურთელს, ყველას გაუკვირდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი ფეხბურთელია ჩემთვის, რომელსაც ვერ ვუყურე და რომელსაც არ სწრებია ყველასთვის სასურველი ტიტული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2016 21:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა რომ კანტონამ ლიგა ვერ მოიგო, მანჩესტერიდან თუ ვინმე იმსახურებდა წარმატების მიღწევას ეგ კაცი იყო

თუმცა ყოველთვის მეფედ დარჩება, რაც არ უნდა ლიგა აყვედრონ winked
0
№5
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2016 22:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მორიგი საინტერესო თავი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 თებერვალი 2016 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორი განსხვავებულიც იყო კანტონა ისეთი განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ 30 წელი მაინც ადრეა იმისთვის, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულო. როგორც გარიმ აღნიშნა არ უნდოდა ერიკს, რომ დამარცხებული წასულიყო ფეხბურთიდან და ეს იყო ალბათ მთავარი მიზეზი რის გამოც კანტონამ ფეხბურთს თავი დაანება. არადა ნამდვილად ეკუთვნოდა რა თქმა უნდა კანტონას ჩემპიონთა თასი, მაგრამ მისი ვერ მოგება ერიკს ნამდვილად ვერასოდეს დააკნინებს winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top