ჯესი ლინგარდს მიაჩნია, რომ "დერბისთან" ინგლისის თასზე გამოყენებულმა შემტევმა სათამაშო სტილმა გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა.
"წითლებმა" "საწმისები" 3-1 დაამარცხეს და ტურნირის მეხუთე რაუნდში გავიდნენ, სადაც "შრიუსბერი თაუნს" დაუპირისპირდებიან.
ლინგარდმა "აიპრო სტედიუმზე" გამოყენებული სისტემის შესახებ ისაუბრა: "ნამდვილი პოზიტივი იყო. წინ მივიწევდით, თავისუფლად ვთამაშობდით და ვფიქრობ, გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან. ამიერიდან ყველა გუნდზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, დაცვაში ჩავკეტოთ და შეცდომების დაშვება ვაიძულოთ, ამის ხარჯზე კი მეორე ბურთსაც მოვიგებთ და ფეხბურთის თამაშს დავიწყებთ.
უეინის გოლმა ნერვები დაგვიოკა, მაგრამ პირველი ტაიმის ამოწურვამდე გაათანაბრეს, ამიტომ მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთის თამაში გვჭირდებოდა. წავიკითხე, რომ სეზონის საუკეთესო გასვლითი მატჩი გვქონდა. ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდებულია - მოვიგებთ, წავაგებთ თუ ფრეს ვითამაშებთ, ისინი მაინც გვქომაგობენ და ფეხბურთელები ამას ძალიან ვაფასებთ".
ლინგარდი მარჯვენა ფლანგიდან უტევდა და ბლინდს საგოლე გადაცემაც გაუკეთა, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს მარსიალი თავის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებდა: "ენტონი ბრწყინვალე იყო. კარგად ვიცნობ "დერბის" მარჯვენა მცველს იქ გატარებული დროიდან და თამაშის შემდეგ მითხრა, რომ ენტონიმ რამდენიმეჯერ აუარა გვერდი და საგოლე გადაცემაც გააკეთა. სწორედ ეს არის მისი ნიჭიერება.
ახლა უფრო რთული და სწრაფი მატჩები გველის წინ, რომელთათვის მენტალურად უნდა მოვემზადოთ; აღდგენითი პროცესი იმდენად კარგად უნდა გავატაროთ, რამდენიც შესაძლებელია. რაც შეეხება ჩვენს მენტალურობას, არც ძალიან შორს ვიხედებით და არც ძალიან უკან. თითოეულ მომდევნო მატჩს შესაბამისად ვუდგებით და ვიცით, რომ "სტოკის" დასამარცხებლად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ".