"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს სჯერა, რომ ინგლისის თასზე "დერბის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ნაჩვენები თამაშის გამეორება "სტოკ სიტისთან" წარმატების მიღწევის გარანტია იქნება.
"იმედი მაქვს, იგივე თამაშს ვაჩვენებთ, რაც "დერბისთან. "სტოკ სიტი" ისეთი გუნდია, რომელიც ყოველ კლუბს უქმნის პრობლემას. "ლივერპულის" წინააღმდეგ მათ თამაშს ვუყურე და ვფიქრობდი, რომ უკეთესად თამაშობდნენ - მომდევნო რაუნდში გასვლა დაიმსახურეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს "სტოკის" სათამაშო სტილი", - განაცხადა ვან გაალმა.
"მეთუნუქეთა" წაგებას "ლივერპულის" წინააღმდეგ პენალტების სერიაში "კრისტალ პალასთან" ინგლისის თასზე განცდილი მარცხი მოჰყვა. ერთი დღით ადრე კი "იუნაიტედმა" "დერბის" სძლია და ვან გაალმა გულშემატკივართა ღვაწლი აღნიშნა.
"ჩვენი გულშემატკივარი ფანტასტიკურ მხარდაჭერას გვიმჟღავნებდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანების ხმა უფრო მესმოდა, ვიდრე "დერბი ქაუნთის" ქომაგების.
კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი მოედანზე მაიკლ კერიკის დაბრუნება აღმოჩნდა. ნახევარმცველმა თითქმის ერთი თვის წინ მიიღო ტრავმა და სასტარტო თერთმეტეულს ჯერ ისევ არ დაბრუნებია.
"მას მხოლოდ 20 წუთი შეეძლო თამაში "დერბისთან" და მინდოდა, რომ მისთვის ეს 20 წუთი მიმეცა, რადგან მისი რეგულარულობა ისევ გვჭირდება. კარგად ითამაშა, საწუწუნო არაფერი მაქვს".