"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა მცველმა, დეილი ბლინდმა, "დერბის" წინააღმდეგ გატანილ გოლზე ისაუბრა, რომელმაც "წითლების" გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
"პრაიდ პარკზე" გამართული შეხვედრა "იუნაიტედის" უპირატესობით წარიმართა, უკვე მე-16 წუთზე კაპიტანმა "ეშმაკები" ულამაზესი გოლით დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა მეტოქის დაცვის შეცდომით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ მატჩის მიმდინარეობის სცენარი არ შეცვლილა, "წითლები" განაგძობდნენ დიდი ძალებით მეტოქის შეწუხებას, რამაც 65-ე წუთზე შედეგი გამოიღო: ჯესი ლინგარდის გადაცემის შემდეგ სკოტ კარსონის კარი დეილი ბლინდმა აიღო. მატჩის მიწურულს თავი ხუან მატამაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
MUTV-სთან საუბრისას, ბლინდი შედეგით და გოლით ძალიან გახარებული იყო და ამას არც მალავდა:
"ბურთი ხუანს გადავაწოდე და ამან თავისუფლად მოქმედების საშუალება მომცა, შემდეგ დავინახე რომ ჩემს წინ არავინ იყო და ვიმოქმედე როგორც თავდამსხმელმა, რამაც მაიძულა მეტოქის საჯარიმოში შემერბინა. მე გადაწყვეტილება მივიღე და შემდეგ ბურთი მოვიდა ჩემამდე. ჯესის გადაცემა იდეალური იყო, მისი დამუშავება არ იყო საჭირო, პირდაპირ კარისკენ გადავგზავნე და გოლიც გავიდა.
"დერბი" ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. წინა მატჩთან შედარებით უფრო სწრაფად ვმოქმედებდით, შევქმენით უამრავი მომენტი და გავიტანეთ ორი გოლი. ვფიქრობ, მეტის გატანაც შეგვეძლო, თუმცა საბოლოო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ.
მატჩს მთლიანად ვაკონტროლებდით, თუმცა ერთხელ დავუშვით შეცდომა და დავისაჯეთ კიდეც. მათ მხოლოდ 1 შანსის შექმნის უფლება მივეცით. ასეთ შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა არასდროს ხარ ბედნიერი, როდესაც გასახდელში საყაიმო ანგარიშით გიწევს გასვლა."
კითხვაზე, თუ რა გრძნობა დაეუფლა, მაშინ როდესაც 5,742 "იუნაიტედის" ქომაგთან ერთად აღნიშნა გოლი, დეილიმ შემდეგი რამ თქვა:
"ეს ენით აღუწერელი გრძნობა იყო და თქვენ ხედავთ, რომ კიდე ძალიან ბევრი ხალხი დადის ჩვენს საგულშემატკივროდ - ისინი ყველგან არიან, სულ ჩვენს გვერდით. დიდ მადლობა მათ და ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, მათთვისაა."
ბლინდმა მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, მოგება ყოველთვის სასიამოვნო და ბიძგის მომცემია, მაგრამ უნდა განაგრძო კარგი თამაში ნაბიჯ-ნაბიჯ. სამშაბათს გასამართი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წინ უნდა წავიდეთ და შევინარჩუნოთ განწყობა."