ანდერ ერერა პარასკევს ღამით გასამართ ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩს განსაკუთრებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ტურნირზე გასვლით მატჩებში მონაწილეობა გამორჩეულად მოსწონს.
ესპანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში ინგლისის თასის ორ გასვლით მატჩში მოახერხა გოლის გატანა - "იოვილ თაუნისა" და "პრესტონ ნორტ ენდის" წინააღმდეგ მატჩებში.
"იუნაიტედი" მეოთხედფიანლურ ეტაპზე "არსენალთან" დამარცხდა, ერერას კი ინგლისური ფეხბურთის უძველეს ტურნირთან ახლოს გაცნობის საშუალება არ მიეცა.
მიმდინარე სეზონში ტურნირის მესამე რაუნდში "შეფილდ იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდი ჩემპიონშიპის გუნდ "დერბის" დაუპირისპირდება. ერერას გასული სეზონიდან კარგი მოგონებები გამოჰყვა და მომდევნო მატჩშიც გეგმავს თავის გამოჩენას.
"ინგლისის თასის გასვლითი მატჩები განსაკუთრებულია, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეა. ეს არის ტურნირი, რომელიც უყვარს ჩვენს გულშემატკივარს და ჩვენც. ვეთამაშებით "დერბის", რომელიც ჩემპიონშიპის პირველ ადგილთან ახლოსაა და ეს ნიშნავს, რომ რთული მატჩი გვექნება. ჩემპიონშიპის რამდენიმე შეხვედრას ვუყურე ძალიან რთული თამაში გამოდის. კარგი, ძლიერი გუნდი ჰყავთ, "იუნაიტედთან" თამაში კი მათთვის დიდი მოვლენაა.
გასული სეზონიდან და თასზე ჩატარებული გასვლითი მატჩებიდან ძალიან კარგი მოგონებები გამომყვა. ჩვენი გულშემატკივარი ფანტასტიკური იყო და მეც ორ მატჩში გავიტანე გოლი, ასე რომ, მომდევნო მატჩშიც ველოდები ამას".