უეინ რუნი აცხადებს, რომ გასული წლის სათასო გამოცდილების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ საბრძოლველად მზად არის.
"წითლები" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩს პრემიერ ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ ხვდებიან. მეოთხე რაუნდში კი "იუნაიტედმა" გაჭირვებით დაამარცხა "შეფილდ იუნაიტედი".
"დერბი" ჩემპიონშიპში კარგ სეზონს ატარებს და გაცილებით რთული მეტოქე უნდა გამოდგეს, ვიდრე "კემბრიჯ იუნაიტედი" ან "იოვილ თაუნი", რომელთაც "წითელი ეშმაკები" შარშან დაუპირისპირდნენ. "დერბი" შეხვედრაში აუთსაიდერად ითვლება, მაგრამ რუნის მიაჩნია, რომ გუნდს გულშემატკივართა მხარდაჭერა დაეხმარება.
"აქ ადრეც გვითამაშია და ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გვექნება პარასკევს კარგი ატმოსფეროთი. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი გულშემატკივარი მათდამი უდიდეს მხარდაჭერას აჩვენებს, ჩვენ კი ამას მიჩვეულები ვართ, რადგან გამოცდილება გვაქვს. მოთამაშეებმა, რომლებიც გასულ წელს შევიძინეთ და "კემბრიჯისა" და "იოვილის" წინააღმდეგ ითამაშეს, დაინახეს, რომ ინგლისის თასის მატჩები ბრძოლა უფროა, ვიდრე საფეხბურთო მატჩი. ამისთვის და რთული თამაშისთვის მზად უნდა ვიყოთ, ეს ტურნირი ხომ სავსეა მოულოდნელობებით.
"დერბის" არაფერი აქვს დასაკარგი. მათ გამარჯვებას არავინ ელოდება, ამიტომ მღელვარების გამოწვევას ეცდებიან. ეს ვიცით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რთული საღამო გვექნება, "შეფილდთანაც" კი გაგვიჭირდა სახლში, ასე რომ, ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ და ბრძოლა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ჩვენი უნარები კვლავ გამოჩნდება".