თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 9849,
კომენტარები: 5
დიალოგი (ნაწილი I)
თავი VIII
დიალოგი (ნაწილი I)
საუბრები

როგორც მწვრთნელს, ბევრ ადამიანთან მქონია ურთიერთობა და ყველასთან განსხვავებული მიდგომა იყო საჭირო: მფლობელთან, ასისტენტთან და კლუბის სხვა თანამშრომელთან, ფეხბურთელთან თუ გულშემატკივართან.

ძალიან მნიშვნელოვანია მმართველობასთან ჯანსაღი და გულწრფელი დიალოგი აწარმოო. მხოლოდ ცოტა ჩვენგანს არ ჰყავს ბოსი. შესაძლოა, წარმატებული კომპანიის დამაარსებლებმა ყველაფერი ისე მოაწყეს, რომ არავის მოთოკვა არ სურდათ (გარდა თავიანთი ეშმაკებისა), მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი საქმე. ფეხბურთელები "ბოსს" მეძახდნენ, მაგრამ ფეხბურთში ერთადერთი ბოსი არსებობს – ეს არის მფლობელი, რომელსაც შეუძლია დაიქირავოს და გააძევოს მწვრთნელი თავისი სურვილისამებრ.

ამას "სენტ–მირენში" მივხვდი, სადაც ხშირად ვეკამათებოდი კლუბის პრეზიდენტს, უილ ტოდს, რომელიც ამავდროულად დიზაინერულ კომპანიას ფლობდა და კლუბი ჩემს მისვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. ფეხბურთი კარგად არ ესმოდა, მე კი ყველაფრის გაგებაში ვეხმარებოდი. მალე იფიქრა, რომ ფეხბურთზე ყველაფერი იცის და კამათიც დაიწყო.

საშინელი გამოცდილება იყო, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებოდით. ახლა მესმის, რომ ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გადაწყვეტილება არსებობს – ჩემთვის საკმაოდ სამწუხარო. დიახ. გამაძევეს. მწვრთნელმა მფლობელთან მიდგომა უნდა გამოძებნოს, მიუხედავად სხვადასხვა ხასიათისა, თორემ ყველაფერი ცუდად დასრულდება.

"აბერდინში" ეს შეცდომა კინაღამ განმეორდა. დიკ დონალდს, 1970–დან 1993 წლამდე "აბერდინის" პრეზიდენტს სხვანაირი ხასიათი ჰქონდა, ვიდრე უილ ტოდს და მასთან უფრო ადვილი იყო საერთო ენის გამონახვა. მიუხედავად იმისა, რომ დავახლოვდით, ჩვენს საუბრებს ოფიციოზის ჩრდილი დაჰკრავდა. მას "მისტერ პრეზიდენტით" მივმართავდი, ის კი ყოველთვის "მისტერ ფერგიუსონს" მეძახდა, ეს ყველაფერი სუბორდინაციის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. ურთიერთობის ეს ჩარჩოები მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით.

ერთ–ერთი გადამწყვეტი იყო არჩი ნოქსთან, "აბერდინში" ჩემს ასისტენტთან საუბრები. სამუშაოზე ყოველთვის ერთად მივდიოდით, ხანდახან კი ჩვენს ცოლებთან ერთად ვვახშმობდით. როცა "იუნაიტედში" გადავედი, ჩემთან ერთად წამოსვლა ვაიძულე. მისთვის გვარად ფერგიუსონის მიცემაც კი შეიძლებოდა, მაგრამ როცა "რეინჯერსში" უოლტერ სმიტის დამხმარედ გადავიდა, ჩვენი მეგობრობა დასრულდა.

ამ დროს მე უკვე "იუნაიტედში" ვიყავი 44 წლის ასაკში საკმაო გამოცდილებით (ათი ტიტული, ბევრი ფეხბურთელის დებიუტი შოტლანდიის ნაკრებში) და მივხვდი, რომ კლუბის პრეზიდენტსა და მფლობელებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. კვირაში რამდენიმეჯერ შევდიოდი "იუნაიტედის" მფლობელის, მარტინ ედვარდსის კაბინეტში, რომელიც წიგნებითა და თასებით იყო სავსე. აკრძალული თემა არ გვქონია და კლუბისა და სამუშაოს შესახებ ჩემს აზრებს ვუზიარებდი. ბევრ რამეზე ერთნაირად ვფიქრობდით, გარდა კონტრაქტის გაწყვეტისთვის კომპენსაციისა.

ეს იყო "ოლდ ტრაფორდზე" და საერთოდ ფეხბურთში დიდი გარდაქმნების პერიოდი. 90–ანებში სატელევიზიო შემოსავლებისა ზრდისა და "ბოსმანის საქმის" შემდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფეხბურთელებმა კონტრაქტის ვადის ამოწურვის გარეშე კლუბის შეცვლის უფლება მიიღეს ყოველგვარი გადასახადების გარეშე) შერწყმით, 1995 წელს, როცა ბოლო მოეღო მრავალ სატრანსფერო შეზღუდვას, იმპულსი მიეცა ფეხბურთს, როგორც ბიზნესის მორიგ სახეობას. მას შემდეგ, რაც მარტინმა "იუნაიტედის" აქციები გამოიტანა IPO2 (აქციების პირველი სახალხო გაყიდვა ბირჟაზე), კლუბის ფლობის სისტემა შეიცვალა.

კლუბის აქციები მეტად აღარ იყო ერთი ადამიანის ხელში, მას ათობით საინვესტიციო ფონდი და ასობით ცალკეული პირი იყოფდა. ჩემთვის ეს ნიშნავდა, რომ ყოველწლიური შეკრების გარდა, კლუბის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კავშირში აღარ ვიყავი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ მარტინთან და დირექტორთა საბჭოსთან ახლო ურთიერთობა შემენარჩუნებინა.

კლუბის კომერციული შემოსავლის ზრდასთან ერთად გაიზარდა აღმასრულებელი დირექტორის ვალდებულებათა წრე. 2000 წელს ამან დევიდ გილის დანიშვნამდე მიგვიყვანა. დევიდი "იუნაიტედის" ფინანსების მართვაზე აგებდა პასუხს. ამ წლების განმავლობაში მე და დევიდი სისხლის მეგობრები გავხდით.

მას შემდეგ, რაც 2005 წელს გლეიზერებმა "იუნაიტედი" იყიდეს, ორგანიზაციის ფუძე კვლავ შეიცვალა. განსხვავებით "აბერდინის" მფლობელ დიკ დონალდისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელ მარტინ ედვარდსისგან, გლეიზერები კლუბის სიახლოვეს არ ცხოვრობდნენ. ამის ნაცვლად მათ ამერიკაში დაიდეს ბინა, დევიდ გილი კი დამაკავშირებელი საშუალება იყო.

მალკოლმ გლეიზერს ვესაუბრე, როცა მისმა ოჯახმა კლუბი შეიძინა, მაგრამ თვალით არასდროს მინახავს. ოჯახის ორი წევრი, რომელთაც ყველაზე ხშირად ვეკონტაქტებოდი, ჯოელი და ავრაამი იყვნენ, რომლებიც, უნდა ვთქვა, ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ სავსე ენთუზიაზმით. თუმცა სწორედ დევიდი აწვდიდა მათ კლუბის შესახებ ინფორმაციას და შენაძენებსა თუ სავარჯიშო პირობების გაუმჯობესების თაობაზე ჩემს მოთხოვნებს.

მფლობელის შემდეგ კლუბის მომდევნო მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სამწვრთნელო შტაბი. მათი საშუალებით მოთამაშეებამდე მიმქონდა ჩემი იდეები – იქნებოდა ეს ძირითადის თუ ახალგაზრდული შემადგენლობა. ვერ ვიხსენებ დღეს, როცა რომელიმე მწვრთნელთან არ მისაუბრია. იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როცა ავადმყოფის საწოლში ვიწექი, ტელეფონით მაინც ვესაუბრებოდი მათ.

ინტუიციურად მესმოდა, რომ, თუ სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობა აირეოდა ან ჩემს ინსტრუქციებს შეცვლიდნენ, მოედანზე ნამდვილი ქაოსი შეიქმნებოდა. ამიტომაც პირველი, რასაც დილით ვაკეთებდი – ეს იყო სამწვრთნელო შტაბთან საუბარი და დღის პრიორიტეტების განსაზღვრა.

ფეხბურთელებს სამიდან ერთ სიტუაციაში ვესაუბრებოდი – ვარჯიშის დროს, მატჩის დღეს ან პირისპირ. გარკვეულ ვითარებებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელსაც კარგად არ ვიცნობდი, მინდოდა გამეგო, ჩემი გზავნილი მივიდა თუ არა მასთან.

სწორედ ამიტომ გამიჩნდა ჩვევა – საკუთარი თავის წარმოდგენა მსმენელის ადგილზე. ჩემი სათამაშო კარიერის წყალობით ვიცოდი, რამდენად გამაღიზიანებელია მწვრთნელისგან ტვინის ბურღვა, მით უმეტეს, მატჩის წინა დღეს, როცა სავარჯიშო მოედნამდე მისვლა და ოფლის გამოდენა გინდა.

ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი საუბრები გუნდთან მოკლე და ენერგიული ყოფილიყო. მახსოვს, ერთხელ როგორ ვუთხარი ფეხბურთელებს: "ეს, ალბათ, ჩემი მეათასე საუბარია გუნდთან". ბრაიან მაკკლერმა კი, რომელმაც "იუნაიტედში" 1987 წლიდან 1998 წლამდე 471 მატჩი ჩაატარა, განაცხადა: "მათი ნახევარი არც მომისმენია". მწვრთნელი ყოველთვის ყველაფერს ართულებს.

დიალოგი (ნაწილი I)

ბრაიან მაკკლერი


იმისათვის, რომ ჩემი აზრები სხვებამდე მიმეტანა, მოკლედ და გასაგებად უნდა მესაუბრა. ეს გამოცდილება ლეგიონერების რაოდენობის ზრდისას დამეხმარა, რადგან ზოგიერთ მათგანს სუბტიტრები სჭირდებოდათ, რათა ჩემი შოტლანდიური აქცენტი გაეგოთ. დარწმუნებული ვარ, რომ იყო რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც, ვინც ვერ მეუბნებოდა, ინგლისურად ვლაპარაკობდი თუ უელსურად.

ვცდილობდი, ფეხბურთელების თავში ჩამებეჭდა, რომ თუ მე არ მაშინებს მოწინააღმდეგე, არც მათ უნდა აშინებდეს. ფრთხილად ვახსენებდი ინდივიდუალური დაპირისპირების მნიშვნელობას. და როგორც წესი, ფეხბურთელებს თამაშის მიწურულს მეტი რისკისკენ მოვუწოდებდი. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვეუბნებოდი იმას, რაც პირველ ტაიმში ვნახე, მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ შენიშვნებს ვაკეთებდი და ჩემი ბიჭების შეფუცხუნებას ვცდილობდი.

ჩვევად არ მქონია გარკვეული ფეხბურთელებისთვის წამდაუწუმ რამე შემეხსენებინა. ამას ეჭვების გაჩენა მოსდევს და ფიქრობენ, ენდობა თუ არა მწვრთნელი მათ. გარდა ამისა, ვთვლიდი, რომ მატჩის დროს აზრი არ ჰქონდა ფეხბურთელისთვის მუდმივად რაღაცის ყვირილს. თუკი ბოლოს იქამდე მიდიხარ, რომ ხმის ჩახლეჩამდე ყვირი, ნიშნავს, რომ ფეხბურთელი არ მოამზადე ან შენი გეგმა წესიერად არ აუხსენი, ან კიდევ, ფეხბურთელს მისსავე საქმეს არ ანდობ. ორივე ვარიანტში მწვრთნელისთვის უფრო ცუდად დასრულდება ყველაფერი, ვიდრე ფეხბურთელისთვის.

ბილ შენკლი, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში, შოტლანდიიდან მოვიდა, ისევე როგორც, მე, და ჰქონდა რეპუტაცია ადამიანისა, რომელიც მხოლოდ არსებითად ლაპარაკობდა. ხშირად მიცდია ბილის ერთ–ერთი საყვარელი ფრაზის ეფექტის გამეორება: "თუ ბურთს ვფლობთ, ერთმანეთს რატომ არ მივაწოდოთ პასები? როცა მეორე გუნდი ფლობს ბურთს, ამის გაკეთება უფრო რთულია". ინსტრუქციებს, რომელსაც ვიძლეოდი, უფრო ხშირად მოკლე იყო. რაღაც ასეთი: "ბურთს დაეუფლეთ" ან "გოლი არ გაატანინოთ".

ერთ–ერთი შეტყობინება, რომელმაც თითქოს მიაღწია მიზანს (ყოველ შემთხვევაში იმ ფეხბურთელთა რაოდენობიდან გამომდინარე, რომელთაც ახსოვთ) იყო სიტყვები, რომელიც 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესვენებაზე ვთქვი, როცა მიუნხენის "ბაიერნთან" 1:0 ვმარცხდებოდით. მე ვთქვი: "როცა ამ თასს საჩვენებლად გამოიტანენ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მას ვერც კი მიეკარებით, თუ დამარცხდებით – მას თქვენი წაგებულის მედლებითურთ ჩაუვლით იმის ცოდნით, რომ ვიღაც უკან მოგყვებათ თასის ასაწევად".

გზავნილის ეფექტი მისი მისვლის რაობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ფეთქებადი ხასიათის მქონე ადამიანის რეპუტაცია მქონდა, თვითკონტროლს იშვიათად ვკარგავდი (მით უმეტეს ბოლო წლებში) გადამწყვეტ მატჩებში, რომლებშიც დიდი ანგარიშით ვმარცხდებოდით. ასეთ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სიმშვიდის შენარჩუნება და მატჩის შემდგომ სიტყვის წარმოთქმაში სიფრთხილის გამოჩენა. ხანდახან მაიკ ფელანი მეტყოდა, რომ დრო მოვიდა ყველამ გამოსცადოს ბორგვა, მით უმეტეს ახალმა ფეხბურთელებმა, მაგრამ ისტერიკა მალე კარგავს ეფექტს.

შესვენებაზე, როცა რამდენიმე ბურთით ვაგებდით, ჩემს საუბარში ხშირად ვრთავდი საბრძოლველად მოსამართ სიტყვებს, რათა დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ფეხბურთელები კონცენტრაციას არ კარგავდნენ. ასევე მინდოდა, რომ გუნდს რაც შეიძლება მეტი გოლი გაეტანა იმ შემთხვევისთვის, თუ მთელს სეზონს ბურთების სხვაობა გადაწყვეტდა. სიჩუმე, პირიქით, ურთიერთობის ასეთივე ეფექტური სახეობაა. ცუდი თამაშის შემდეგ ხანდახან ფეხბურთელებს ყველაფერს ვეუბნებოდი, რასაც ვფიქრობდი, მერე კი სკამზე ვჯდებოდი და ჩუმად ვიყავი. სიჩუმე ჩემს ყოველ სიტყვაზე ძლიერი იყო.

სულერთია, აუდიტორია ერთი ადამიანისგან შედგება თუ 75 ათასისგან, აზრები უნდა მოიკრიბო, საჭირო აქცენტები დაალაგო და უბრალოდ თქვა ის, რაც საჭიროა. გუნდურ შეხვედრებზე მხედველობითი კონტაქტის დაჭერა და პირდაპირ ფეხბურთელისთვის ყურება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ურთიერთობის ეფექტს ზრდის, თუმცა მათ არ ვუმზერდი, ვინც ჩემი შეხედვისას თავს ხრიდა. არიან მწვრთნელები, რომლებიც შესვენებაზე გასახდელში ბლოკნოტში ჩანიშნული უამრავი შენიშვნით შედიან. როცა ისინი ფეხბურთელებს ესაუბრებიან, შენიშვნებს მინიშნებებად იყენებენ.

ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა აღმოჩნდეს ურთიერთობის ეფექტური მეთოდი. თუ საქმე კარგად გესმით, შენიშვნები არ გჭირდებათ. არც ერთი ფეხბურთელი არ დაიჯერებს, რომ ვიღაც კარგად ერკვევა მის თამაშში ან კარგად იცის საფეხბურთო საქმე, თუ მას ჩანაწერების გამოყენება სჭირდება. ჩემს მეხსიერებას და შეფასებას ვეყრდნობოდი, ამგვარად კი მშვიდად ვამყარებდი მხედველობით კონტაქტს გასახდელში. დარწმუნებული ვარ, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. გამომრჩებოდა რიკოშეტები ან ჯარიმები, მაგრამ საერთო მასშტაბში ამ პატარა დეტალების გარეშეც გახვალ.

ყველაზე მნიშვნელოვანია – შეტყობინების არსი და მისი ადრესატამდე მიტანა. ყველას თავისი სტილი აქვს, მაგრამ შენიშვნების გამოყენება ფეხბურთელების მოტივირების მცდელობისთვის – ჩემი არ არის.

თუ განსაკუთრებული შეტყობინების გადაცემა მინდოდა, ფეხბურთელს ჩემს ოფისში ვიბარებდი. გასახდელში გვქონდა ტელეფონი, რომელსაც ჩემთან ფეხბურთელის მოსაწვევად ვიყენებდი. ვფიქრობ, ბევრს ეგონა, რომ მათ დირექტორი იბარებდა პირადი გარჩევისთვის. ზოგიერთი მათგანი მართალი იყო.

დიალოგი (ნაწილი I)


მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ აქცენტს ვაკეთებდი, ძალიან ვფრთხილობდი და ფეხბურთელს არასდროს ვეუბნებოდი ფრაზას "დაღლილი ჩანხარ", მაშინ კი, როცა ვფიქრობდი, რომ სწორედ ასე იყო. ვიცოდი, თუ ამას ვიტყოდი, ფეხბურთელი საკუთარ თავს თვითონ დაარწმუნებდა დაღლილობაში. ამის ნაცვლად ვეუბნებოდი: "ახლა ძლიერი ხარ, ვერავინ დაგეწევა". მატჩის წინ, განსაკუთრებით "ოლდ ტრაფორდზე", ყურადღებას ვაპყრობდი ჩვენი გაზონის ზომას, რომელიც თითქმის სულს ხდიდა ჩვენს მოწინააღმდეგეებს. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ფეხბურთელები მოწინააღმდეგის დაღლილობის შესახებ 75–ე წუთზე გაიგებდნენ.

ხშირად ვიწექი და ვფიქრობდი, რა სიახლეზე მესაუბრა ფეხბურთელებთან, რადგან არ მინდოდა, ყოველდღე ერთი და იგივე თემა მემეორებინა. ერთხელ, მას შემდეგ, რაც კარლუშ კეირუში პირველად ეწვია კლასიკურ კონცერტს მანჩესტერში, ფეხბურთელებს ამ გამოცდილების შესახებ ვესაუბრე. მათ, ალბათ, იფიქრეს, რომ გავაფრინე, მაგრამ უნდა ამეხსნა როგორ ცდილობდა დირიჟორი ანდრეა ბოჩელი თავისი ორკესტრისგან იმის მიღებას, რის მიღებაც მე მსურდა ჩემი ქვეშევდრომებისგან: კონტროლი, ჰარმონია, ტემპი, სინქრონი, რიტმი.

ვიცოდი, რომ მოთამაშეებს ასეთი რამ არასდროს გაუგიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი სიტყვები ზოგიერთმა ცალ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. რამდენიმე მონათხრობი მაქვს გუნდზე, რაც ჩემი აზრით, გიგზსა და სქოულზს ზეპირად ახსოვთ, რადგანაც ეს ლაყბობა ბევრჯერ მოუსმენიათ. მაგალითად, კანადური იხვების დიდ გუნდზე, რომელიც ათასობით კილომეტრს გადახალავს მხოლოდ იმიტომ, რომ შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ჩიტები რიგ–რიგობით ამცირებენ ჰაერის წინაღმდეგობას, როცა გუნდის წინა მხარეს გადაფრინდებიან, ხოლო, თუ რომელიმე ტრავმას იღებს, მასთან რამდენიმე იხვი რჩება. მე ფეხბურთელების ათასობით კილომეტრის გადაფრენას არ ვთხოვდი, მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ 38 საფეხბურთო მატჩი ჩაეტარებინათ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ფეხბურთელებს კლუბში თავიანთი ადგილი კარგად სცოდნოდათ. თითოეული ჩვენგანის მსგავსად ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ძალიან ადვილია რაღაცის წამოყრანტალება. თუ ფეხბურთელს კონკრეტულ მატჩში არ ვათამაშებდი, მიზეზს ყოველთვის ვუხსნიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი აღელდება, რომ მას არ სწყალობენ ან მის ნაცვლად სხვას ირჩევენ. ამის ნაცვლად ფრთხილად ვაგებინებდი ჩემი გადაწყვეტილების არსს და სიმშვიდეში ვამყოფებდი.

ხანდახან ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ უფრო მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვასვენებდი. ძალისხმევას არ ვიშურებდი მთელი სურათის დასახატად – რომ მთელი სეზონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი თამაში და რომ დრო სწორად უნდა გაანაწილო, რათა ყოველ შეხვედრაში გაიმარჯვო. დიდი ევროპული მატჩის წინ, როცა გუნდი 24–კაციანი შემადგენლობით მოგზარუობდა, 13 ფეხბურთელს უნდა დავლაპარაკებოდი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდნენ. მათ ვარწმუნებდი, რომ ისინი – გუნდის ნაწილი არიან, გუნდი კი ცალკე აღებულ მატჩში 11 ფეხბურთელისგან შედგება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დიდ ჯგუფთან საუბარი, მაგრამ ბრბოს წინაშე გამოსვლა – სულ სხვა საქმეა. როგორც კი წარმატებას მიაღწევთ, უფრო მეტ ადამიანს სურს თქვენი აზრის მოსმენა. როცა პირველად გავხდი მთავარი მწვრთნელი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე 75 ათას ადამიანს მივმართავდი, რომ არაფერი ვთქვა მილიონზე, რომლებიც ტელევიზორით მიყურებდნენ – ეს კი "ოლდ ტრაფორდზე" ჩემი ბოლო მატჩის შემდეგ მოხდა.

რამდენიმე ადამიანი მეუბნებოდა, რომ დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა რთულია. ჩემთვის კი ეს არასდროს ყოფილა პრობლემა. ბავშვობაშიც კი ორგანიზატორი ვიყავი, ასე რომ, პუბლიკის წინაშე გამოსვლას დიდი ხნის წინ მივეჩვიე, თუმცა ჩერჩილსა და ლინკოლნს ნამდვილად ვერ ვბაძავ. მოზარდობისას მაღაზიის მმართველად ვმუშაობდი და მოგვიანებით, როცა ორი პაბი გავხსენი, ხშირად უნდა მეთქვა რამე მუშტარისთვის. არც ერთი ამ შემთხვევათაგანი არ მოითხოვს დიდ ორატორულ ოსტატობას, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ მათი წყალობით არ ვყოფილვარ ქვეშაფსია პუბლიკის წინაშე.

ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლო ზოგიერთი ორატორის მჭერმეტყველებას აზრების ადრესატამდე მიტანა. 1960–ან და 1970–ან წლებში შოტლანდიაში ყველა ჯიმი რიდს, დიდი ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის ერთ–ერთ მთავარ საყრდენ ძალას და პროფსაბჭოთა ლიდერს აქცევდა ყურადღებას. შეიძლება გძულდეთ ან გიყვარდეთ, მაგრამ მან ნამდვილად იცოდა ხალხის დამორჩილება.

დიალოგი (ნაწილი I)

ჯიმი რიდი პუბლიკის წინაშე


იგი ერთ–ერთი ბოლო დიდებული პოლიტიკური ორატორი იყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, კლაიდბანკის გემთსაშენზე გამოდიოდა თუ უფრო ნაკლებად ხმაურიან ყრილობაზე. 2010 წელს ჰოვანის ეკლესიაში მის დაკრძალვას დავესწარი და მახსოვს, როგორ ვთქვი, რომ მაშინ, როცა ჩემი განათლება მხოლოდ ერთი ფეხბურთით შემოიფარგლებოდა, ჯიმიმ ჰოვანის ბიბლიოთეკაში დაიკავა ადგილი.

სიტყვები მისგან მდინარედ გადმოდიოდა. სიტყვები, რომლებიც რექტორის ხარისხში წარმოთქვა 1971 წელს გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს მუდმივი ურთიერთწინააღმდეგობის გაწევისა და თავზე ხტომისგან თავშეკავებულობას სთხოვდა, New York Times-ში სრულად დაბეჭდეს. გაზეთმა მის სიტყვით გამოსვლას საუკეთესო უწოდა ავრაამ ლინკოლნის მიერ გეტისბერგის სიტყვების (სამოქალაქო ომში კონფედერატებზე ჩრდილოელთა გამარჯვების შემდეგ წარმოთქმული სიტყვები. იგი მიმართული იყო დაღუპულთათვის პატივის მიგებისა და საერთო მიზნისთვის მოქალაქეთა ერთად დგომისკენ) შემდეგ.

როცა Laureus Sports–ის სპორტული ჯილდოების გადაცემის ცერემონიის საზეიმო ვახშამზე სიტყვა აიღო ნელსონ მანდელამ, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. ბევრი არ ულაპარაკია, მაგრამ მისი რეპლიკებისგან თმა ყალყზე დგებოდა – იმდენად ძლიერი ეფექტი ჰქონდა მის იქ ყოფნას.

ჩემი ერთ–ერთი მეგობარი, ჰიუ მაკაივანი პოლიტიკოსი არ ყოფილა, მაგრამ იმდენად ენამახვილი იყო, რომ სიამოვნებით ვუსმენდი მთელი დღე.

მანდელას, რიდს ან მაკაივანს ვერ გავუტოლდები, მაგრამ როცა მწვრთნელი ვიყავი, ძალიან ხშირად მიხდებოდა პირთამდე სავსე ტრიბუნების წინაშე სიტყვის წარმოთქმა. პატარა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა კარგი ვარჯიშია. ამის შემდეგ უფრო ადვილია ფართო მასასთან საუბარი.

პრინციპი ყველგან ერთნაირია: ზუსტად უნდა იცოდე, რის თქმა გინდა, ამის მიტანა უნდა შეგეძლოს და მსმენელთა ყურადღება მიიპყრო. თუკი ვინმეს აქვს დარწმუნების უნარი, ყოველთვის იპოვის მისი დემონსტრირების საშუალებას.

1974 წელს, "ისტ სტირლინგშირის" ოთხწლიანი მართვის შემდეგ, "სენტ მირენში" გადავედი სამუშაოდ, სადაც მკაცრი დაგეგმარების ნაცვლად უფრო მეტად ვემორჩილებოდი ინსტინქტებს. ჩემთვის არავის უსწავლებია პუბლიკის წინაშე გამოსვლა; ამგვარად, ვამბობდი და ვაკეთებდი იმას, რასაც მართებულად ვთვლიდი ამა თუ იმ სიტუაციაში.

დიალოგი (ნაწილი I)

"სენტ-მირენის" მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი და მისი თანაშემწე


"სენტ–მირენი" პეისლიში, ბამბისა და მანქანის წარმოების მკვეთრი ვარდნის შედეგად ეკონომიკურად ძალზედ დაზარალებულ ქალაქში ბინადრობდა. პეისლი ყოველთვის გლაზგოს ჩრდილში ექცეოდა (ქალაქები ერთმანეთისგან 10 მილით იყო დაცილებული)  და ადგილორივი მუშები ამის გამო ყოველ უქმეებზე ავტობუსში სხდებოდნენ, რათა "სელტიკისა" თუ "რეინჯერსის" თამაშები ენახათ.

მთელი ქალაქი – არასრულფასოვნების მუდმივი მსხვილი კომპლექსია. სულ იმის ცდაში ვიყავი, რომ პეისლის მცხოვრებლები თავიანთი კლუბის ნათელ მომავალში დამერწმუნებინა. ამ მიზნის მიღწევის მთავარი საშუალება, რა თქმა უნდა, პუბლიკის წინაშე გამოსვლა იყო.

იმ დროს "სენტ–მირენს" უფრო ნაკლები გულშემატკივარი ჰყავდა, ვიდრე ეკლესიას მგალობლები, ასე რომ, ერთხელ დახმარებისთვის ადგილობრივ მშრომელ ხალხს მივმართე. ელექტრიკოსები ფურგონის სახურავზე სპიკერის აღმართვაში დამეხმარნენ და მეც, როგორც გასამართი პოლიტიკის ელექტორატი, მთელს ქალაქში დავეხეტებოდი და ხალხს მშობლიური კლუბის მხარდაჭერას თითქმის ვევედრებოდი. ჩემი თხოვნით ფურგონი პეისლის ცენტრში შეჩერდა, მე კი მიკროფონში გუნდის ფასეულობის ფრქვევა დავიწყე. ამან გაამართლა – "სენტ–მირენის" ტრიბუნები ნელ–ნელა ივსებოდა.

შოტლანდიაში მუშაობის დროს დროდადრო პუბლიკის წინაშე გამოსვლა მიხდებოდა, მაგრამ საქმიანობის მასშტაბი, მასთან ერთად კი კირტიკოსები, ერთი ორად გაიზარდა, როცა სამხრეთში გადავედი. ყოველი თვის პირველ ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" საქველმოქმედო საღამოს აწყობდა და ხანდახან ასეთ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლა მიხდებოდა. პირველ ასეთ შემთხვევაში ფიასკო განვიცადე. მინდოდა, აუდიტორია ინგლისსა და შოტლანდიაზე ხუმრობებით მომემარაგებინა, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ დუმილი მივიღე.

ხუმრობა – ბრძნული რამეა. უნდა ისწავლო. უკვე მესმოდა, რატომ ვითარდებოდნენ სთენდაპ–კომიკები ადგილობრივ კლუბებში, სანამ ტელევიზიაში გამოჩნდებოდნენ.

მხოლოდ ხუმრობის უნარი ცოტაა. პუბლიკასთან მხედველობითი კონტაქტის დამყარებაც უნდა შეგეძლოს – როგორც კი ფურცელს დახედავ, მაშინვე დაკარგავ მას. დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას თავიდან ვიბნეოდი, როცა ვიღაცის მოჭყერილ მზერას გადავაწყდებოდი. დაბნეულობის სულ უფრო და უფრო ხშირად გამოცდის შემდეგ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის ყურება შევწყვიტე, ამის ნაცვლად კი აუდტორიის ბოლოში მსმენელთა თავს ვირჩევდი და მას ვუყურებდი.

კონკრეტულობაზე დაკვირვება აზრებს აგირევს და შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდება. 1992 წელს ერიკ ჰარისონმა, ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ახალგაზრდების მწვრთნელმა გამოსვლასთან დაკავშირებით რჩევა მთხოვა. ვუთხარი, რომ დარბაზის ბოლოში თავის დონეზე ოდნავ მაღლა ეცქირა და ასევე ემოძრავებინა თავი, რათა აუდიტორიას თავი ჩართულად ეგრძნო. ამის მაგივრად კი სულ ერთ–ერთ მსმენელს უყურებდა.

შეცდომა სავალალო აღმოჩნდა – ერიკი "საყვარელ" ლივერპულში გამოდიოდა, სადაც ბრბოს "ლივერპულისა" და "ევერტონის" გულშემატკვრები შეადგენდნენ. ადამიანმა, რომელსაც ჰარისონი უყურებდა, საჩვენებელი თითი ყელზე გაისვა ("შენი საქმე წასულია"), როცა დაინახა, რომ ამან არ გაჭრა, დაუცხრომელმა გულშემატკივარმა თეთრი დროშის ფრიალი დაიწყო ("დანებდი"). ამჯერად მზაკვრულმა გეგმაც გაჭრა და შეშინებული ერიკიც დაჯდა.

როცა 1994 წელს მეტ ბასბი მოკვდა, დაკრძალვაზე სიტყვით გამოსვლა შემომთავაზეს ღვთისმშობლისა და წმ. იოანეს ეკლესიაში, რომელიც ჩორლტონ–კამ–ჰარდიში, მანჩესტერთან ახლოს მდებარეობს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო; "იუნაიტედის" ათასობით გულშემატკივარი შეკრებილიყო. ეკლესია ბოლომდე შეივსო. სიტყვა წარმოვთქვი, ხანდახან კი ვიყენებდი ჩანაწერს, რომელსაც სხვა დროს არ გამოვიყენებდი. ცერემონიის შემდეგ ჩემმა ცოლმა კეტიმ კრიტიკის მთები დამიდგა. "არასაიმედო იყავი. ხომ გთხოვე, ჩანაწერები არ გამოგეყენებინა. საშინლად გამოიყურები, როცა ქაღალდიდან ამოკითხვას ცდილობ. ხომ იცი, რომ ეს საშენო არ არის".

ქაღალდის გარეშე მოყოლა – სუსტებისთვის განკუთვნილი არ არის. ხანდახან ეს ჩემ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდებოდა. რამდენიმე წლის წინ "გოლდმან საქსის" ბანკირების წინაშე ანგარიშით გამოვედი. მეჩვენებოდა, რომ სიტყვები, რასაც ჰქვია, მოერეკებოდნენ, თუმცა მარკმა, ჩემმა შვილმა შეტყობინების მთლიანობის უკმარისობის გამო გამაკრიტიკა – თითქოსდა თხრობისას ერთი საკითხიდან მეორეზე დავხტოდი. მაშინ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: შენს გამოსვლას, ქაღალდებიანს თუ უქაღალდოს, ყოველთვის ეყოლება კრიტიკოსი.

წყარო: theatreofdreams
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2016 20:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის დროს როცა ვიხსენებთ ალბათ ყველაფერი გვენატრება, ყველაფერი ერთიანად დასრულდა. თუნდაც გილის წასვლა, რენეს, ფელანის, სქოულზის კარიერის საბოლოოდ დასრულება areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2016 21:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გე ნი ო სი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Martial
29 იანვარი 2016 01:37
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
არიან მწვრთნელები, რომლებიც შესვენებაზე გასახდელში ბლოკნოტში ჩანიშნული უამრავი შენიშვნით შედიან. როცა ისინი ფეხბურთელებს ესაუბრებიან, შენიშვნებს მინიშნებებად იყენებენ.

ლუი გამოდი
0
№4
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2016 09:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არიან მწვრთნელები, რომლებიც შესვენებაზე გასახდელში ბლოკნოტში ჩანიშნული უამრავი შენიშვნით შედიან. როცა ისინი ფეხბურთელებს ესაუბრებიან, შენიშვნებს მინიშნებებად იყენებენ.

ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა აღმოჩნდეს ურთიერთობის ეფექტური მეთოდი. თუ საქმე კარგად გესმით, შენიშვნები არ გჭირდებათ. არც ერთი ფეხბურთელი არ დაიჯერებს, რომ ვიღაც კარგად ერკვევა მის თამაშში ან კარგად იცის საფეხბურთო საქმე, თუ მას ჩანაწერების გამოყენება სჭირდება. ჩემს მეხსიერებას და შეფასებას ვეყრდნობოდი, ამგვარად კი მშვიდად ვამყარებდი მხედველობით კონტაქტს გასახდელში. დარწმუნებული ვარ, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. გამომრჩებოდა რიკოშეტები ან ჯარიმები, მაგრამ საერთო მასშტაბში ამ პატარა დეტალების გარეშეც გახვალ


ვიცანით ღაბაბა.

ამ კაცის იდეალურობა იმაში გამოიხატება, რომ სიტყვებს არ ართულებს. ზუსტად იმ სიტყვებს ხმარობს, რომელიც აზრს უტოლდება და არ ამძიმებს, ალბათ ბევრი ახალბედა პოლიტიკოსისთვის კაი მასწავლებელი იქნება.

ფეხბურთს კი მხოლოდ საერთო ენის გამოსანახად იყენებს ბევრ სხვადასხვა თემის აღსაწერად, ამით მკითხველს უფრო გვიადვილებს ბევრი რამის ჩაბეჭდებას ტვინში, რომელიც უმეტესობისთვის სასარგებლოა.

ბრაინს ალბათ პასუხ გაუცემელი არ დატოვებდა, რაღაც მძაფრ პასუხს შესთავაზებდა "ცუდი" ფერგი ძია tongue
0
№5
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2016 13:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სიმართლე რომ ვთქვა, უფრო მეტ იუნაიტედს ველოდი წიგნში, ვიდრე არის, მაგრამ ისედაც კარგი საკითხავია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top