The Sun-ის ინფორმაციით, ლუი ვან გაალი მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტი საკუთარი ნებით დატოვოს და გაგდებას არ დაელოდოს. მას შემდეგ, რაც "ოლდ ტრაფორდმა" სტვენით გააცილა, ჰოლანდიელმა აღიარა, რომ ფანებს იმედები გაუცრუა და მათ მოლოდინებს ვერ ამართლებს.
"ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს იმედებს ვუცრუებ. მათ აქვთ, ან ჰქონდათ დიდი მოლოდინი ჩემს მიმართ, მაგრამ ამ მოლოდინს ვერ ვამართლებ და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ" - განაცხადა ლუიმ "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ.
გამოცემის რწმუნებით, ვან გაალს გუშინ ედ ვუდვორდთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც მისი მომავალი განიხილეს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელები ლუის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. კლუბიდან წასვლა ჰოლანდიელის მხრიდან ღირსეული ნაბიჯი იქნება, ვინაიდან ის ამ შემთხვევაში კონტრაქტის ვადამდელი შეწყვეტისთვის კომპენსაციას ვერ მიიღებს. კლუბის მიერ მისი გაგდების შემთხვევაში კი ვან გაალს კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაცია აუნაზღაურდება.
კლუბის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, დევიდ გილის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედს" სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება სჭირდება და მწვრთნელმა ზაფხულში ჩადებული ინვესტიცია ვერ გაამართლა.
"გუნდის წარუმატებლობიდან გამომდინარე, სამწუხაროა და ფაქტია, რომ ზაფხულში ჩადებული ინვესტიცია არ გამართლდა. არ ვაპირებ თავი მოვიკატუნო და ვთქვა, რომ გუნდი სანახაობრივ თამაშს აჩვენებს - ჩემთვის, ის თამაში, რასაც ძველად აჩვენებდა გუნდი, შესანიშნავი იყო. დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტად სანახაობრივი ფეხბურთი სჭირდება" - განაცხადა დევიდ გილმა.