"იუნაიტედმა" თავის ჩვეულებას უღალატა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზა კვირას არატრადიციულად მშვიდი იყო და იქ არც ფეხბურთელები და არც მწვრთნელი არ შეინიშნებოდნენ, რაც უჩვეულოა იმის ფონზე, რომ "იუნაიტედი" ყოველი მატჩის მომდევნო დღეს მართავდა სავარჯიშო სესიას.
ვან გაალის ხელმძღვანელობისას პირველად მოხდა, რომ ჩატარებული შეხვედრის მომდევნო დღეს პირველმა გუნდმა 45–90 წუთიანი გარბენები არ განახორციელა. ვან გაალი წესების, ჩვეულებებისა და რეპეტიციების დიდი მიმდევარია. ჰოლანდიელმა თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ერთ საათშიც კი უხმო.
ამგვარად, კვირა დღის დასვენების დღედ გამოცხადება ძალზედ უჩვეულო ნაბიჯია. ვან გაალის მიერ ჰოლანდიაში თავისი ქალიშვილის დაბადების დღეზე გამგზავრება კი დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" "საუთჰემპტონთან" დამარცხდა.
შაბათს განცდილი მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ოთხეულისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემს" 5 ქულით ჩამორჩნენ. ჰოლანდიელს მატჩების 49% აქვს მოგებული, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში "იუნაიტედში" მომუშავე ყველა მწვრთნელზე უარესი შედეგია. ამ 30 წლიდან კი 27 წელიწადს სერ ალექს ფერგიუონის ეპოქა მოიცავს, 1–ს რაიან გიგზისა და დევიდ მოიესის პერიოდი, ხოლო 2 წელიწადს ლუი ვან გაალი.
რამდენ ხანს გამოიჩენს "იუნაიტედი" ტოლერანტულობას შედეგების – და რაც მთავარია, თამაშის – მიმართ, "ოლდ ტრაფორდზე" და უკვე კარინგტონზეც საკითხავია. ბოლო კვირებში კი მწვავედ დადგა კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი 17 თვის ამოწურვის სურვილის საკითხიც.
შედეგზე თავისთავად მეტყველებს ისიც, რომ ვან გაალის გუნდმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში "წმინდანების" წინააღმდეგ მატჩში – ისიც დეილი ბლინდის შორეული გასროლა – და გასულ კვირას "ლივერპულის' დამარცხება, სადაც ასევე ერთადერთი დარტყმის შედეგად გავიდა გოლი, ყველას დაავიწყდა.
კლუბთან დაკავშირებულმა წყაროებმა Goal.com-ს განუცხადეს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ შტაბისა და ფეხბურთელების განწყობა უმდაბლეს დონემდე დაეცა, ჟოზე მოურინიოს მიერ გაგზავნილი "სასიყვარულო წერილი" კი ვან გაალს განწყობას ნამდვილად ვერ გამოუკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის წარმომადგენლები "იუნაიტედთან" მოურინიოს კონტაქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ, ჟოზეს ჩრდილი მანჩესტერში მაინც დაძრწის.
"იუნაიტედმა" ისიც უარყო, რომ პარიზში პეპ გვარდიოლას შეხვდა და უფრო მოსალოდნელია, რომ "ბაიერნის" მწვრთნელმა მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტი" ჩაიბაროს, მაგრამ ამის ფონზეც კი არ მყარდება ვან გაალის პოზიცია.
პერსპექტიული ასისტენტი რაიან გიგზი კი ყოველთვის განიხილებოდა შესაბამის კანდიდატად, მაგრამ ფერგიუსონის მოსწავლეს ჯერ მხოლოდ კარგი ურთიერთობა აქვს ხელმძღვანელობასთან და საეჭვოა, მან რაიმე განსხვავებული შესთავაზოს.
ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ გილი, რომლის ადგილს ახლა ედ ვუდვორდი იკავებს, გიგზს სხვა კლუბის მოძებნას ურჩევს:
"საინტერესო შეკითხვაა და გიგზი ამაზე დაფიქრდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" გავლენიან პირებთან ერთად განიხილავს.
ვეთანხმები იმ აზრს, რომ სამუდამოდ მეორე ვერ იქნები. უნდა წახვიდე, დაამტკიცო, რომ რაღაც შეგიძლია და შემდეგ ამას სხვაგანაც გააკეთებ.
სულ სხვა რამ მოგეთხოვება, როცა ნომერი ორი ხარ და სულ სხვა, როცა ცხელ სკამზე ნომერ პირველად ზიხარ", – განაცხადა გილმა
"იუნაიტედს" არასდროს ჰქონია პრემიერ ლიგის 23 ტურის შემდეგ უფრო ნაკლები ქულა, ვიდრე მიმდინარე სეზონში (37).
გილი "იუნაიტედის" სათამაშო სტილსაც შეეხო და განაცხადა, რომ
"იჯექი და თქვი, რომ ასეთი მიმზიდველია", და ეს მაშინ, როცა ფერგიუსონის გუნდი ჯერ კიდევ შემონახულია მეხსიერებაში და როგორც ჩანს, მალე არ გაქრება.
ვან გაალის სტილი ერთია, მაგრამ მისი ფილოსოფიით მიღებული შედეგები – მეორე. 64 წლის სპეციალისტი გასახდელ ოთახში სიტუაციის დარეგულირებას ვერ ახერხებს.
პრემიერ ლიგაში მისი დრო კვირიდან კვირამდე მცირდება და თითქოს, თვითონაც ხვდება. ჟურნალისტებთან დავა ვერაფერს შეცვლის, ახლა მათ საკითხავი მხოლოდ ის დარჩათ, დაიწყებს თუ არა 2016/17 წლების სეზონს ვან გაალი "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში.
წყარო:
goal.com