თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6093,
კომენტარები: 4
ყურადღების მოკრება (ნაწილი III)
თავი VII
ყურადღების მოკრება (ნაწილი III)
ნაწილი II

გაგრძელება

დიდი ანგარიშით წაგება შესაძლოა, გუნდის მორალურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახოს. წაგებას შეუძლია მათი თვითრწმენის შერყევა და, თუ ამას უშიშრად შეხვდები, შედეგები საშინელი იქნება. როცა კარგი თამაშის მიუხედავად მაინც ვერ ვიგებდით, ვცდილობდი, არაფერი მეთქვა. ასეთ დროს ხალხი სიტყვებს ერთ ყურში შეუშვებს და მეორიდან გამოუშვებს. შეგიძლიათ მრისხანების ნიაღვარი გადმოაფრქვიოთ, მაგრამ მას ვერავინ გაიგონებს. როგორც წესი, უბრალოდ მივდიოდი და თითოეულ ფეხბურთელს თავში წავუთაქებდი.

ჩემი ესმოდათ, ყველაფერი შეგრძენის დონეზე იყო. ფეხბურთში არ შეიძლება სისუსტის გამოვლენა. ნებისმიერ დაუცველ ადგილზე მოწინააღმდეგე ისეთ რეაქციას გამოავლენს, როგორსაც უძლიერეს დოპინგზე. როცა მარცხს მოგაყენებენ (განსაკუთრებით დიდი ანგარიშით), ყოველთვის გონებაში გიტრიალებთ ის. სულერთია, რამდენ ცვლილებას განახორციელებთ მომდევნო მატჩში – ირგვლივ ყველამ იცის, რით დამთავრდა წინა თამაში.

ეს იციან ფეხბურთელებმა, გულშემატკივარმა და გიენას ხითხითის მქონე ჟურნალისტებმა. ეს ყველაფერი კი ზურგზე სიმძიმეს გკიდებს. თითქოს შარვლის ჯიბე გაგეხვრიტაო – და თუ მას დროულად არ მოკერავ, ყველაფერი გაუარესდება. იგივე ხდება დიამეტრულად საწინააღმდეგო სიტუაციაშიც. როცა გამოდიხარ ისეთ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, შეგიძლია თამამად განაცხადო, რომ 1–2 გოლის ფორა უკვე გაქვს.

დარწმუნებული ვარ, ჩემგან გაქცევა სურდათ. მე ვეუბნებოდი: "ის, რომ გულშემატკივართა მოლოდინს ვერ ვამართლებთ – მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენი თავის გარდა არავინ არ უნდა დავადანაშაულოთ. უკეთესად თამაშიც შეგვიძლია, მაგრამ ამჯერად ჩავფლავდით. ჩვენი წაგებები – სენსაციაა, მოდით მომავალში თავიდან ავირიდოთ ისინი. მინდა, პრესკონფერენციაზე ასეთი სიტყვები ვთქვა: "ფანტასტიკა. დიდებულად ვითამაშეთ! რუნი, უელბეკი, ჩიჩარიტო – ყოჩაღ!". ფეხბურთელებმა იცოდნენ, რამდენად ძლიერ მწყუროდა გამარჯვება. ამ გრძნობას ხანდახან იწოვდნენ და ახალწვეულებს გადასცემდნენ. გუნდში გვქონდა ვირუსი, რომელიც ყველას აოცებდა. მას ერქვა – გამარჯვება.

2012 წელს პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტის" გამარჯვება განსაკუთრებულად მტკივნეული იყო, რადგან ბურთების სხვაობის გამო დავმარცხდით. თუმცა ამან ჩვენში გარკვეული კატალიზატორები გამოიწვია და მომდევნო სეზონში წარმატება ვიზეიმეთ. "სიტიმ" მეორე ადგილი დაიკავა და ჩვენ 11 ქულით ჩამოგვრჩა. მას შემდეგ, რაც 1993 წელს პრემიერ ლიგა პირველად მოვიგეთ, ხუთჯერ დავიკავეთ მეორე ადგილი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათ ისევ მოიპოვეს თასი. წაგებაში დადებითიც მოიძებნება. მაგრამ ჩვევაში არ უნდა გადაგეზარდოს. მოთამაშეები, რომლებიც დიდებასა და გამარჯვებაზე არიან დამშეულნი, სხვებზე მეტად ცდილობენ წაგების შემდეგ რეპუტაციის აღდგენას.

ფეხბურთში სხვა უბედურებაც ხდება, მაგრამ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გამოსავლენ ცრემლებში არ უნდა ჩაიხრჩო. არ მახსენდება, თუნდაც ერთხელ გვყოლოდა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი და ფორმის პიკში. ყოველთვის იყვნენ ტრავმირებულები. როცა გუნდის მეათედი ნაწილია ლაზარეთში, ეს ნორმალურია. ძალიან ხშირად იძენდნენ ჩვენი კონკურენტები ფეხბურთელებს, რომელსაც ხელიდან ვუშვებდით. მახსოვს 2009 წლის დეკემბერი – ნამდვილი საშინელებათა ფილმი. ძირითადი შემადგენლობის 14 ფეხბურთელი ტრავმირებული: ორი მეკარე, 7 მცველი, 3 ნახევარმცველი, 2 თავდამსხმელი. ამ 14–დან 11 ფეხბურთელი თავისუფლად შეძლებდა თამაშს ევროპის ნებისმიერ კლუბში. მიუხედავად ამისა, სათადარიგოზე ან ფიზიოთერაპევტის კაბინეტში ისხდნენ, ჩვენ კი "ასტონ ვილასა" და "ფულჰემთან" ვმარცხდებოდით. უფრო სერიოზული ეპიდემიაც გვქონდა. 1994 წლის მიწურულს–1995 წლის დასაწყისში, იმდენად ცუდი სიტუაცია გვქონდა, რომ სავარჯიშო მოენდის დახურვაზეც კი ვიფიქრე. ჩვენმა ცხრა ფეხბურთელმა გრიპი აიკიდა და სანამ საწოლში იწვნენ, ქულებს ვკარგავდით "ნოტინგემ ფორესტთან", "ლესტერთან", "საუთჰემპტონთან", "ნიუკასლსა" და "კრისტალ პალასთან". ტრავმებსა თუ ავადმყოფობაზე ვერავითარ გავლენას ვერ ვახდენდი, თავი იმით უნდა გამეტანა, რაც ჩემს განკარგულებაში რჩებოდა.

რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე წარუმატებლობა მოსდევდა, მაგრამ ისტორიას ვერ ვცვლიდით. "იუნაიტედი"აუცილებლად მოიგებდა კიდევ რამდენიმე ტიტულს რომ შეგვეძინა ისინი, ვისაც ვაკვირდებოდით, მაგრამ ვერ შევიძინეთ. 2003 წელს "რენისა" და "ოსერის" მატჩზე გავემგზავრე, რათა პეტრ ჩეხს დავკვირვებოდი. გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო პრემიერ ლიგისთვის, მაგრამ პეტრი "ჩელსიში" გადავიდა და მომდევნო ათწლეულში "არისტოკრატთა" რიგებში 220 "მშრალი" მატჩი ჩაატარა. 1999 წელს ჩიხში შევედით, როცა პეტერ შმეიხელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ვაკვირდებოდით "ასტონ ვილაში" მოთამაშე ბოსნიჩს, ძალიან მაინტერესებდა "აიაქსის" მეკარე ედვინ ვან დერ სარიც. თუმცა, როცა ბოსნიჩის თამაშის შესახებ ცუდი ცნობები მივიღეთ და ეს მარტინ ედვარდსს ვაცნობე, უკვე გვიანი იყო. მარტინი უკვე ყველაფერზე მოელაპარაკა ბოსნიჩს, ვან დერ სარი კი "იუვენტუსში" გაემგზავრა.

კიდევ ერთი შემთხვევა – დროგბა. "მარსელში" თამაშობდა და მასზე დასაკვირვებლად გავემგზავრეთ, მაგრამ მისმა კლუბმა დიდიესთვის 25 მლნ. ფუნტი მოითხოვა. სანამ განვიხილავდით, "ჩელსიმ" დაგვასწრო და შეთანხმებას მიაღწია. ტომას მიულერი, 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების მაისურით გატანილი 5 გოლის ავტორი, ათი წლის ბიჭუნა იყო, რომელიც მიუნხენიდან რამდენიმე მილის დაშორებით სამოყვარულო გუნდში თამაშობდა. მის თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტები გავგზავნეთ, მაგრამ მან მომდევნო დღესვე "მიუნხენს" დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება.

"კრუზეიროში" მოთამაშე რონალდოს შეძენაც გვსურდა, მაგრამ მისთვის ინგლისში მუშაობის ნებართვა ვერ მივიღეთ და პსვ–ში გადავიდა. 16 წლის რობინ ვან პერსისაც ვაკვირდებოდით, რომელიც მაშინ "ფეიენოორდში" ასპარეზობდა. მისი ფასი ჯერ კიდევ მაშინ შეადგენდა 6 მლნ. ფუნტს. ჯიმ რაიანმა, რომელიც შტაბში 11 წელი მუშაობდა, შემდეგ კი "იუნაიტედის" აკადემიის განვითარების დირექტორი გახდა, დაინახა, როგორ მიიღო რობინმა წითელი ბარათი და შეურაცხყოფა მიაყენა გულშემატკივარს.

ჯიმი არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვან პერსის ტემპერამენტი აღელვებდა, რადგანაც ჰოლანდიურმა კლუბმა მაშინვე დააჯარიმა რობინი. ბევრი სხვა ფეხბურთელის შეძენაც მსურდა: ალან შირერი, რომელიც მუდმივად პრობლემას გვიქმნიდა, როცა "ნიუკასლის" ფეხბურთელი იყო, გაბრიელ ბატისტუტა, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა ან სამირ ნასრი, რომელიც 2011 წელს "სიტიში" გადავიდა. იმავე 2011 წელს ლილისკენ მიმავალ გზას დავადექი, რათა ახალგაზრდა რაფაელ ვარანი შემეძინა. დევიდ გილს "ლენსთან" უკვე შეთანხმებული ჰქონდა პირობები, როცა ზინედინ ზიდანი გამოჩნდა და რაფაელი ცხვირწინ აგვაცალა. არა მგონია, "რეალის" მაშინდელ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს თუნდაც ერთხელ ენახა ვარანის თამაში.

ამ უიღბლობებს ჩემი შიგნიდან გატეხვა შეეძლოთ, მაგრამ მისგან თავს ვაღწევდი. ცხოვრებაში არჩევანს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ და არა სხვები. მოედანზე ვერ გაიყვან გუნდს იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტებულს, რომლებიც არ გყავს. რაღატომ უნდა იდარდო?

დროსთან ერთად ეს უიღბლობები, წაგებები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები მხოლოდ მაძლიერებდნენ. ახალგაზრდობაში წაგება არ შემეძლო. ნებისმიერი მარცხის შემდეგ დიდხანს ვშფოთავდი. "აბერდინში" ერთი ძალიან მტკივნეული წაგების შემდეგ, ფეხბურთელებს ვაიძულე ქალაქის ცენტრში გაევლოთ, სადაც უკმაყოფილო გულშემატკივარს შეხვდებოდნენ. ყოველ გამარჯვებულს ეზიზღება წაგება. ფეხბურთში ყოველმა დიდმა მოთამაშემ რაღაც მხრივ წაგება არ იცის, უბრალოდ ყველაზე სხვადასხვაგვარად აისახება.

ოტმარ ჰიტცფელდმა, "ბაიერნის" მწვრთნელმა 1998–2004 და 2007–2008 წლებში, ყველაზე კარგად მიჩვენა, როგორ უნდა გავმკლავებოდი წაგებას. ეს 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუნაიტედის" გამარჯვების შემდეგ მოხდა. იმ დღეს ბოლო სამ წუთში ორი გოლი გავიტანეთ (არადა, იმ სეზონში "იუნაიტედმა" 63 მატჩი ჩაატარა და 96 საათი ითამაშა). ვფიქრობ, ჰიტცფელდი გამოფიტული იყო. 180 წამში გაიფანტა მისი ოცნებები თასზე, რომელიც უკვე ხელში დაჭერილი ეგონა. მაშინებს იმის წარმოდგენაც კი, თუ რას გრძნობდა გულის სიღრმეში, მაგრამ თვითონ კეთილგანწყობილი იყო. მისმა კეთილგაწყობამ კიდევ უფრო გამაკვირვა, როცა ერთი წლის შემდეგ "ბაიერნისა" და "რეინჯერსის" მატჩს დავესწარი, რათა მათ ფეხბურთელებს დავკვირვებოდი. მატჩის შემდეგ თავის ძმებთან ერთად სავახშმოდ დამპატიჟა და ყველა კეთილად მექცეოდა. ჩემთან "ბაიერნის" რამდენიმე მოთამაშე მოვიდა, ხელი ჩამომართვა და წინა გამარჯვება მომილოცა, თუმცა წაგება სძულდათ. ასეთი მომენტები ბევრ რამეს გვეუბნება კლუბზე.

უიღბლობის დაძლევის საუკეთესო მაგალითი დედამ მიჩვენა. 21 წლის ასაკში "სენტ ჯონსტონში" ვთამაშობდი, ნახევარგანაკვეთიანი კონტრაქტი მქონდა და ოთხი წლის განმავლობაში მათ შემადგენლობაში დაახლოებით 50 მატჩი ჩავატარე. როცა რეზერვებში ვთამაშობდი, ცხვირი და ყვრიმალის ძვალი მოვიტეხე, რეზერვების შეხვედრამ კი გამოჯანმრთელების შემდეგ კინაღამ შემიწირა. იმდენად მეზიზღებოდა "სენტ–ჯონსტონში" თამაშის წარმოდგენაც კი, რომ გლაზგოში მდებარე კანადის საელჩოში წასვლა და ემიგრაციისთვის საბუთების მიღება გადავწყვიტე (მამის მთელი ოჯახი ამ დროისათვის უკვე კანადაში ცხოვრობდა).

ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემი ძმის მეგობარმა გოგონამ თავი დედაჩემად გაასაღა, ბობი ბრაუნს დაურეკა და უთხრა, რომ გრიპის გამო თამაშს ვერ შევძლებდი. ბობი ხრიკს არ წამოეგო და დედას ტელეგრამა გაუგზავნა (ჯერ კიდევ არ გვქონდა ტელეფონი), სადაც ეუბნებოდა, რომ მე თვითონ უნდა დამერეკა. ყურმილთან მივედი, მისი ნომერი ავკრიფე და... ბრაუნმა ნაფლეთებად მაქცია: "შენ რა, ვიღაცას სთხოვე დედაშენად გაესაღებინა თავი? ფიქრობ, ეს სასაცილოა, შერცხვენილო? ჯანდაბა, ასე გუნდის ნახევარი ჩაწვება გაციების გამო! ხვალვე გამოეთრიე მოედანზე და შუადღეს სასტუმროში იყავი!" იმ დღეს "აიბროქსზე" ჰეთ–ტრიკი გავიფორმე.

იღბლიანმა დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა – აღარსად წასვლა აღარ მინდოდა. როცა დედამ მომხდარის შესახებ გაიგო, მორალი წამიკითხა. მასწავლა, რომ არასდროს დავნებებულიყავი და მოგვიანებით სხვებსაც იგივეს ვეუბნებოდი.

კრიტიკა

ფეხბურთი – ეს საქმიანობის ერთ–ერთი ის სახეობაა, სადაც ყველას საკუთარი თავი შესანიშნავი ექსპერტი ჰგონია, მაშინაც კი, თუ მთელი მისი ცოდნა ხელზე ჩამოითვლება. თუმცა, ნებისმიერ სფეროში უფრო ადვილია გაკრიტიკება, ვიდრე რამის კეთება. ვიღაცას კვერცხის შეწვა ან კვადრატის დახაზვაც არ შეუძლია, მაგრამ რაც გინდათ ჰკითხეთ და აზრს მაინც გამოთქვამენ – რესტორანზე, ავიაკომპანიაზე, ფილმზე, ავტომობილზე, სურათზე.

სხვა საქმეა – რთული სამეცნიერო საქმიანობა და კვლევა. ამ შეთხვევაში, თუ ქუჩაში გამვლელს ჰკითხავთ, ასე ვთქვათ, ლაბორატორიული ექსპერიმენტის ან დაკიდებული ხიდის შესახებ, კომენტარისგან თავს შეიკავებს და ამას იმიტომ გააკეთებს, რომ თემის ასპექტებში ღრმა ცნობები არ გააჩნია. მაგრამ ფეხბურთი აქაც არ გამოგვადგება – დიდი კლუბების მწვრთნელებს მილიონი კრიტიკოსი ჰყავთ: უბრალო ქალაქელი მუშიდან დაწყებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები გულშემატკივრებით დამთავრებული.

ზოგიერთი მწვრთნელი იძულებულია, კლუბიდან წამოსულ კრიტიკას შეეგუოს – იქნება ეს ამბიციური ფეხბურთელების უკმაყოფილება თუ ხელმძღვანელთა მოთხოვნები. და ყოველთვის, როცა გუნდის ხელმძღვანელობას ახალი მწვრთნელი მოჰყავს, მის შესაძლებლობებში მანამ შეეპარება ეჭვი, სანამ იგი რამეს არ მიაღწევს. თუ მწვრთნელი, რომელიც დიდი ხანი იმყოფება თანამდებობაზე და დრო და დრო წარუმატებლობა სდევს, თავისი მისამართით ხშირად მოისმენს დაახლოებით ასეთ რამეს: "მისი ვარგისიანობის ვადა ხომ არ ამოიწურა?"

ასეთ სიტუაციაში მხოლოდ რამდენიმეჯერ ვიყავი. მათგან პირველი – "სენტ–მირენში", როცა ახალგაზრდობაში ხელმძღვანელობის კამათში არასწორი მხარე ავირჩიე. ეს ჩემი მისამართით დამატებითი ცეცხლის მიღებაში "დამეხმარა".

იყო ისეთი მომენტიც, როცა საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ კრიტიკას წონასწორობიდან გამოვყავდი. ვერ ვიხსენებ, რომ ოდესმე "იუნაიტედის" გულშემატკივარს ჩემთვის დაესტვინოს, მაგრამ 1989 წლის დეკემბერი განსაკუთრებულად რთული იყო. მთელი თვის განმავლობაში ვერ ვიმარჯვებდით, მანამდე კი წავაგეთ და ფრედ დავასრულეთ თხუთმეტიდან ათი მატჩი, რაც საშინლად ბევრია. და "სტრეტფორდ ენდზე" უცებ მომაკვდინებელი ბანერი გაჩნდა – "გამართლების სამი წელი და ისევ მძღნერი. ნახვამდის, ფერგი".

როგორც ჩანს, ჩემი თვითრწმენა შეირყა, რადგანაც მომდევნო დღეს ჩემს ძმას, მარტინს დავურეკე. ვიცოდი, რომ ყველაფერს ადეკვატურად შეაფასებდა და მეტყოდა, როგორ მოვქცეულიყავი. "უბრალოდ მუშაობა განაგრძე" – ეს აზრი იმედისმომცემად ჩავთვალე.

მცირე ხნის შემდეგ, იმ ბანერის მქონე ადამიანმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "ნახვამდის, ფერგი". ერთ–ერთი ეკზემპლიარი ჩემს სახლში აღმოჩნდა და მაშინვე გამომცემელს დავუბრუნე. თუმცა ჯამში, ვფიქრობ, კრიტიკა ნორმალურად გადავიტანე. დიახ, 2004–05 წლების სეზონში "იუნაიტედის" თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა და ამის გამო გულშემატკივარი ღელავდა, მაგრამ ეს არცთუ ძლიერ მანაღვლებდა.


ყურადღების მოკრება (ნაწილი III)

სწორედ ის გულშემატკივარი, პიტ მოლინუქსი, წიგნით Tara Fergie, რომელშიც თავისი საყვარელი კლუბისადმი მიძღვნილ 50 წელზე მოგვითხრობს


ადვილი არ არის კრიტიკის მიღება, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, გუნდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება ან ვერ გამოიძინე. შესაძლოა, სწორედ ჩემთვის იყო ადვილი – მე გავიზარდე ჰოვანაში, ემოციურად და ფიზიკურად რთულ რაიონში. მე და ჩემს ძმებს სხვა გამოსავალი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ირგვლივ არსებულ ვითარებასთან გვებრძოლა. ჩვენ სამი ხშირად გადავეყრებოდით ძმები გრეიჯერების ხუთეულს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ. ბავშვობიდან მივეჩვიე ტკივილს, სისხლსა და ჭრილობებს.

ყოველთვის სასარგებლოდ მიმაჩნდა კრიტიკის სახვალიოდ გადადების უნარი – ამაში ბავშვობის მოგონებები მეხმარებოდა. ათწლეულების შემდეგ უფრო ადვილია ბავშვობისა და საფეხბურთო კარიერის ასპექტების გახსენება უკეთეს სამყაროში, მაგრამ სამწუხარო მომენტებიც საკმარისად მქონდა. და მაინც, ფიზიკური ტკივილი – ეს ერთია, სულიერი ტანჯვა და ფსიქოლოგიური ზეწოლა – სულ სხვა.

კარიერის მანძილზე ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც მმართველობის სირთულეს ვერ უმკლავდება ან ზეწოლა წცენზურატს. რა თქმა უნდა, მათი პირადი პრობლემების მიზეზი მე არ ვყოფილვარ, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან ვერსად წახვალ. ყველაზე საშინელი მაგალითი – გერმანიის ნაკრების მეკარე რობერტ ენკეა, რომელმაც 2009 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამ, სანამ ბუნდესლიგაში დაბრუნებოდა, მან რამდენიმე რთული წელი გაატარა ესპანეთში. ორი წლის ქალიშვილის სიკვდილმა კი საბოლოოდ გატეხა.

ენკეს გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლი გამოტყდა, რომ რობერტი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ღრმა დეპრესიას. საბედნიეროდ, "იუნაიტედში" ჩემი ყოფნის დროს არასდროს მქონია ასეთი შემთხვევა.

ყველას სხვადასხვა შიშები აქვს; ნებისმიერ ფეხბურთელს სურს ძირითადში თამაში, ვიღაც თავს იტანჯავს ტრავმების დროს პრობლემებზე ფიქრით ან დარდობს, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე მიიწურა. ბევრია ისეთიც, ვინც ალკოჰოლისა თუ აზარტული თამაშებისკენ ისწრაფვოდა – სასოწარკვეთის ხვრელი, რომელიც ფულს ისრუტავს.

არც მწვრთნელია ზეწოლისგან დაზღვეული, მათ ხომ იციან, რომ გილიოტინის დანა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაეშვას მათ კისერზე და კონტრაქტი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. რალფ რანგნიკი, "ჰანოვერისა" და "შალკეს" მწვრთნელი (კარიერა ჯანმრთელობის გამო დაასრულა, მაგრამ 4 წლის შემდეგ დაბრუნდა); ჟერარ ულიე, რომელმაც "ლიონსა" და "ლივერპულში" იმუშავა (მწვრთნელის კარიერა ჯანმრთელობის გამო დაასრულა); იოჰან კროიფი ("ბარსელონას" მწვრთნელის პოსტი 1996 წელს სტრესის გამო დატოვა) – თითოეული მათგანი ასე თუ ისე ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ.

ახლო წარსულის მაგალითებიდან, პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" დატოვების შემდეგ ერთწლიანი დასვენება მოიწყო, რათა დაესვენა და ძალები მოეკრიბა. საკითხავია, შეძლებდა თუ არა დიდებული კენი დალგლიში ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობაში დაბრუნებას ეიზელსკის ტრაგედიისა (35 მსხვერპლი) და "ჰილსბოროს" შემთხვევის (96 გარდაცვლილი) შემდეგ. და, რა თქმა უნდა, პირადად მე ყოველთვის ჩემი მეგობარი ჯოკ სტეინის ტრაგიკული სიკვდილით გამოწვეული ტკივილითა და მოგონებით ვცხოვრობდი.

თუკი თქვენი საქმიანობა ფართოდ ვრცელდება საზოგადოებაში, პრობლემების კიდევ ერთი ტალღა წამოვა. ეს განსაკუთრებულად ეხება სასპორტო ბიზნესს, სადაც პრესა მაქსიმალურად ცდილობს, გულშემატკივართა უკმაყოფილების ცეცხლს ნავთი დაასხას. მანჩესტერში მრავალჯერ შევცვალეთ ტელეფონის ნომერი, რადგან ბევრი მრისხანების ზარები და შეტყობინებები მივიღეთ.

როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემს თავზე ღრუბლები შეიყარნენ, კეტიმ მკითხა, რას ვიზამდი, თუ დამითხოვდნენ. მე ვუპასუხე, რომ შოტლანდიაში დავბრუნდებოდით. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ რომ მომხდარიყო – გამოვიფიტებოდი, მაგრამ ჩემი ოჯახის დახმარების თავი მაინც მექნებოდა. ეს არ იქნებოდა სამყაროს აღსასრული.

პრესა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ერთხელ მეტ ბასბიმ მითხრა, რომ წაგებების შემდეგ გაზეთებს არ კითხულობდა, რადგანაც იცოდა – ჟურნალისტები არ დაინდობდნენ. მეც მის მაგალითს მივდევდი და გაზეთებს არ ვკითხულობდი, თუმცა პრესისთვის მთელი ყურადღების არიდება რთული იყო. შოტლანდიაში ხშირად ვკითხულობდი მატჩის შემდგომ გაზეთებს, მაგრამ მანჩესტერში გადასვლისას ამაზეც ვთქვი უარი.

და თუ ტელევიზიას ან პრესას დააღწევ თავს, მეგობრებისგან ვერსად დაიმალები. ხშირად მეკითხებოდნენ, ვნახე ან მოვისმინე თუ არა ახალ ამბებში ჩემს შესახებ გაკეთებული რეპორტაჟი/ჩანაწერები და როცა ასეთი მასალა გაზეთების პირველ გვერდებზე ჩნდებოდა, ამის შესახებ ჩვენი პრეს–სამსახურისგან ვიგებდი. მიუხედავად ამისა, ყურადღებას არ ვაქცევდი და ბოლო ათი წლის განმავლობაში პრესის კრიტიკა თითქმის არ მაწუხებდა.

ენაჭარტალა არაკეთილმოსურნეთა წინააღმდეგ საუკეთესო დამცველად ისინი გამოდიოდნენ, ვის აზრსაც ვუფრთხილდებოდი. შეურაცხმყოფელი ხმების ურდოები შენში ინტერესს კარგავენ, როცა ნამდვილად პატივცემული ხალხის მხარდაჭერა გაქვს. "აბერდინში" ხშირად ვცდიდი თავმჯდომარის რისხვას საკუთარ თავზე, როცა ვმარცხდებოდით. ბუნტის განსაკუთრებული ნაირსახეობა იყო – "კოკა–კოლის" ყლუპი (თავმჯდომარეს ალკოჰოლი არ უყვარდა), შემდეგ ათწუთიანი ლექცია იმის შესახებ, რამდენად ცუდად შევარჩიე ფეხბურთელები მატჩისთვის. კაბინეტის მიღმა კი დაუჯერებლად ლოიალური იყო. ვერც შექება, ვერც ჩახუტება ვერ შეედრება იმას, რომ ზურგს უკან არასდროს მაკრიტიკებდა.

"იუნაიტედში" ყოფნის პირველ წლებში ბობი ჩარლტონი ყოველგვარ მხარდაჭერას მიცხადებდა. ეს ჩემი შთაგონება იყო, მაგრამ არასდროს მიცდია მისი გულის მოგება. ჩარლტონმა "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე რეკომენდაცია გამიწია და ვგრძნობდი, რომ ყოველთვის ჩემს მხარეზე იქნებოდა.

როცა გუნდს პრობლემები ჰქონდა, ბობი ჩარლტონი მეუბნებოდა: "ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც საჭიროა, ასე განაგრძე". 1989 წლის პირველ თვეებში, მათ შორის მანჩესტერულ დერბიში 1:5 წაგების შემდეგ, თავს არარაობად ვგრძნობდი, ბობი კი ასეთ რთულ პერიოდშიც მიჭერდა მხარს. არა იმიტომ, რომ მის აზრს ყველა ბრმად ენდობოდა კლუბში, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა საჭირო სიტყვები, რომლებიც თვითრწმენას მიბრუნებდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერ მწვრთნელს, მით უმეტეს საწყის წლებში, ხელს არ შეუშლიდა მისნაირი ყოვლისშემძლე მოკავშირე.

წყარო: theatreofdreams
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
4 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
21 იანვარი 2016 20:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუუ უგენიალურესს რო ქონდეს კიდევ უფრო აღმატებითი ფორმა ეგ არის ფერგი love

ტრავმები რო გვტანჯავს ხოლმე ეგ ტრაფიციად გვაქვს ქცეული, როგორ მახსოვს ფა ქაფ-ზე არსენალს რო 2-0 მოვუგეთ და სასტარტოში ერთად იყვნენ: რაფაელი, ფაბიო, ბრაუნი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა, ოში და გიბსონი wink wink

შირერს რო დასდევდა კაი ხანი ეგ ვიცოდი, მაგრამ დროგბა? ნასრი? ჩეხი??? კიდევ არ წერია რამდენიმე აქ მარა აზარიც აგვახიეს, მოურა ხო საერთოდ ზღაპარში დავკარგეთ :( მარა კი არ დავკარგეთ იმათმ დაგვკარგეს manunited

მადლობა დუმბო hi2
0
№2
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 21:02
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფეხბურთი – ეს საქმიანობის ერთ–ერთი ის სახეობაა, სადაც ყველას საკუთარი თავი შესანიშნავი ექსპერტი ჰგონია, მაშინაც კი, თუ მთელი მისი ცოდნა ხელზე ჩამოითვლება.


ეს მაგარი თქვა wink რამდენს ვიცნობ ასეთს და რაღაც დოზით ჩვენც ვართ ასეთები, მაგრამ გულშემატკივარი იმისთვის არსებობს, რომ აზრი გამოთქვას და უკმაყოფილება გამოხატოს. უბრალოდ ასეთ ფრაზებს: "ფეხბურთს გამორთულ ტელევიზორში უყურებ", "ფეხბურთის აზრზე არ ხარ" და ა.შ. მართლა ვერ მივიღებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2016 21:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც წესი, უბრალოდ მივდიოდი და თითოეულ ფეხბურთელს თავში წავუთაქებდი.


რა მაგარი კაცია wink love

თითქმის ყველა მწვრთნელის მაგალითი უნდა იყოს ალბათ, გიგზის იმედი მარტო იმიტომ შეიძლება გქონდეს რომ ფერგისთან ერთად ყველაფერი მოიგო და რამდენიმე თაობა გამოიცვალა
0
№4
ავტორი: AkkRed
22 იანვარი 2016 10:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ალბათ ერთ 10 წლეულის შემდეგ იქნება სამწვრთნელო კოლეჯებში ფერგის თეორიები და თვითონ ფერგის ბიოგრაფიაც. ყველაზე ძლიერი პიროვნებაა ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია და თან ამავდროულად ჭკვიანიც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top