ჩვენთვის ბედნიერი დღე გამოდგა. ეს არ იყო უბრალო კვირა. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ: სამი ოქროს ქულა "ენფილდზე". ყველამ იცის, რომ ჩვენი კლუბების დაპირისპირების ისტორია მდიდარია და არც ეს მატჩია გამონაკლისი. მსოფლიოში საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა ასეთი ატმოსფეროს მქონე შეხვედრებში მონაწილეობა და წლების მანძილზე მზარდი დაძაბულობის განცდა. ცალკე უნდა გამოვყო ჩვენი გულშემატკივარი: გასაოცრები იყვნენ და ყოველ წუთს ისმოდა, როგორ გვიჭერდნენ მხარს. გარდა ამისა, "ლივერპულის" წინააღმდეგ მოპოვებული წარმატების მთელი რიგი გვაქვს, რაც ამ მატჩშიც გაგრძელდა. ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე იქნება. მეორე ტაიმში გავიტანეთ. და თუმცა ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, კარი ხელუხლებლად შევინარჩუნეთ (დავიდი უბრალოდ დიდებული იყო) და გავიტანეთ ბრწყინვალე გოლი რუნის დახმარებით.
იმედი მაქვს, რომ ეს გამარჯვევა უფრო მეტ თვითრწმენას შეგვძენს, უკეთესად ვითამაშებთ და აუცილებელ შედეგებს მივაღწევთ, რათა სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა ავიდეთ. წინ გრძელი გზა გვაქვს და ტურნირში არ არის გუნდი, რომელიც სტაბილურად აჩვენებს ერთნაირ შედეგს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
იგივე განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და ყურადღება მომოდევნო მატჩზე გადავიტანოთ, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გავმართავთ, გუნდის, რომელშიც ჩემი მეგობარი ორიოლ რომეუ თამაშობს.
ბოლო ორ შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხეს თავიანთი ორი მეტოქე, ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს.
არ მინდა, სამშაბათის მატჩი დავივიწყო. სიმართლე გითხართ, ვფიქრობ, რომ ორი ქულა დავკარგეთ... მას შემდეგ, რაც ანგარიშში ჯერ 0-2 დავწინაურდით, მერე 2-3, თამაში უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ არ გამოვიდა. მანჩესტერისკენ მიმავალ გზაზე ყველანი იმედგაცრუებულნი ვიყავით. ასეთი მატჩებით გაკვეთილი უნდა მივიღოთ.
ახლა, რაც შეეხება არასაფეხბურთო თემას, "რევენანტი" უკვე გამოვიდა ბრიტანეთის კინოთეატრებში. მინდა, დრო ვიხელთო და კინოში მოვხვდე. გავიგე, ლეონარდო დი კაპრიოს შესანიშნავად უთამაშია... მისი ბევრი ფილმი მომწონს. თქვენ რომელ ფილმს ელოდებით 2016 წელს? ჰო მართლა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სერიალებზე რეკომენდაციის გაწევისთვის. ზოგიერთი მათგანი უკვე ჩავინიშნე...
სულ ეს არის. მშვენიერ კვირას გისურვებთ და თბილად ჩაიცვით! როგორც იქნა, მანჩესტერში გათოვდა!
გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.