"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლაზე არ ფიქრობს და უნდა ისეთივე ლეგენდა გახდეს კლუბისთვის, როგორც პეტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი არიან.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ზაფხულში "ბერნაბეუზე" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, დე ხეამ კი "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
მადრიდულმა გრანდმა გასულ კვირაში ტრანსფერების განხორციელების აკრძალვა მიიღო უახლოს ორ სატრანსფერო ფანჯარაზე, რის საფუძველზეც პრესა ფიქრობს, რომ ისინი დე ხეას გადაბირებას მიმდინარე თვეში ეცდებიან.
თუმცა, დე ხეა აცხადებს, რომ კლუბის დატოვების სურვილი არ აქვს.
"ბედნიერი ვარ, სიამოვნებას ვიღებ ამით და გუნდის მჯერა.
შმეიხელი და ვან დერ სარი პრემიერ ლიგის უდიდესი მეკარეები იყვნენ, ამ კლუბის ლეგენდები არიან და მეც ეს მინდა.
ყოველდღე იმისთვის ვვარჯიშობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გავხდე, ეს არის ჩემი მიზანი. არ ვიცი, ვინ არის ახლა საუკეთესო, მაგრამ მინდა, რომ მე ვიყო. ასევე, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად თასების მოგებაც", - განაცხადა დე ხეამ.
დავიდმა "რეალში" ვერ გადასვლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებისას აპლოდისმენტები მიიღო.
"ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი იმ მომენტში.
სხვა ქვეყანაში, სხვა კლუბში, გულშემატკივარი ისეთი არ არის, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედში". ისინი მსოფლიოს საუკეთესოები არიან, დაუჯერებელი იყო".