ენტონი მარსიალი "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშის გამოცდილების მეორედ მისაღებად მზად არის.
ფრანგმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მაისურით თავისი პირველი გოლი სწორედ მერსისაიდული კლუბის წინააღმდეგ გაიტანა, როცა შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ ანგარიში 3–1 გახადა.
გულშემატკივართათვის თავის შესაყვარებლად ამაზე უკეთესი გზა, ალბათ, არც მოიძებნება და მარსიალს სურს, რომ კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს გუნდს კვირას, როცა "ენფილდზე" მატჩი დაიწყება.
"ეს არის მაღალინტენსიური მატჩი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქომაგებისთვის და ეს შეხვედრა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ყურებადია.
როცა "იუნაიტედში" მოვედი, მითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში კლუბის უდიდეს მტერთან მომიწევდა თამაში. მითხრეს, რომ უნდა ვყოფილიყავი მზად და მომეცადა, ასე რომ, მატჩის წინ დავრწმუნდი, რომ მზად ვიყავი მენტალურად და მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი.
იმ ფაქტმა, რომ მოედანზე შევედი, ნამდვილად დიდებული გრძნობები მაჩუქა და შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი იყო, როცა გოლი გავიტანე, რადგან ამან გულშემატკივარს ჩემი თავი გააცნო და დაანახა, რა შემიძლია, როგორც ფეხბურთელს. ამ კლუბში ჩემი კარიერის დიდებული დასაწყისი მქონდა".
მარსიალი აღნიშნავს, რომ სადებიუტო გოლმა უდიდესი თვითრწმენა მისცა და თავის მომდევნო შეხვედრაში "საუთჰემპტონთან" უკვე დუბლი გაიფორმა, თავისი სისწრაფითა და წინ სწრაფვით კი გულშემატკივართა გული მალე მოიგო.
"მწვრთნელის ჩემდამი რწმენა ძალიან დამეხმარა და მისი და ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ ამდენს მივაღწიე.
გულშემატკივარი ჩემი მოსვლის დღიდან უდიდეს რწმენას ავლენს ჩემდამი და მათგან ბევრი შეტყობინება მივიღე, რომელშიც ჩემს მოსვლას ესალმებოდნენ და კეთილ სურვილებს მწერდნენ. ამ ყველაფრის მიღება კი მართლაც ემოციური იყო და იმედი მაქვს, წლების განმავლობაში ამაგს გადავუხდი იმისთვის, რომ ახლა "იუნაიტედში" ვარ".