ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუს გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ინგლისელი 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში პსვ–სთან დაპირისპირებაში მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს.
"ლივერპულთან" მატჩის წინ ვან გაალმა მარცხენა მცველის მდგომარეობაზე ისაუბრა: "შოუს ოპერაცია გაუკეთდა და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ძვალი უმრთელდება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ დრო მაინც სჭირდება".
როცა ჰკითხეს, ინგლისელი შეძლებდა თუ არა მიმდინარე სეზონში დაბრუნებას, მწვრთნელმა უპასუხა: "დიახ, მაგრამ, როცა ამას ვამბობ, ყველა ფიქრობს, რომ უახლოეს სამ თვეში დაბრუნდება, თუმცა ასე არ არის. ამას ვერ ვიტყვით.
ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია, მაგრამ არის კვირები, როცა პროცესი ნელა მიმდინარეობს. საბოლოოდ, მაინც იმავე დროზე დავდივართ".