"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დავიდ დე ხეასადმი რწმენა გამოამჟღავნა და განაცხადა, რომ მისი გუნდის მეკარე "რეალში" გადასვლაზე აღარ ფიქრობს.
ესპანეთის დედაქალაქის გუნდს 18 წლამდე ფეხბურთელთა შეძენაში დარღვეული წესების გამო ტრანსფერების განხორციელება უახლოეს ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ეკრძალება, მაგრამ ეს აკრძალვა მიმდინარე იანვარზე არ ვრცელდება.
ამიტომ მოსალოდნელია, რომ "რეალი" იანვრის განმავლობაში შეიძენს საჭირო ფეხბურთელებს, რადგან 2017 წლამდე მათი გადაბირება აღარ შეეძლება.
დე ხეა კი ზინედინ ზიდანის ერთ–ერთი მთავარი სამიზნეა, თუმცა ვან გაალი დარწმუნებულია, რომ 25 წლის ფეხბურთელი ესპანეთში არ დაბრუნდება.
"არა მგონია, დე ხეას გონებაში ასეთი აზრი ისევ ტრიალებდეს. ამას არ ვფიქრობ და არც მანამდე ვფიქრობდი. ეს მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ხდებოდა.
ახლა კი ვხედავ, რომ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნით სიამოვნებას იღებს და აქ კარგ მატჩებს ატარებს", – განაცხადა ვან გაალმა.