მაიკლ კერიკი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩს გამოტოვებს, რადგან ტრავმა აქვს, თუმცა შესაძლოა, განაცხადში ადნან იანუზაი მოხვდეს.
კერიკი 2016 წლის პირველი მატჩის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს. მაიკლს "იუნაიტედის" მაისურით 400 მატჩი აქვს უკვე ჩატარებული მათგან 20 "ლივერპულის" წინააღმდეგ, მაგრამ ამ რიცხვის ზრდას უახლოს შეხვედრაში ნამდვილად ვერ შეძლებს.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მატჩში მონაწილეობის შანსი აქვს ადნან იანუზაისაც, რომელიც ახლახანს დაბრუნდა დორტმუნდის "ბორუსიადან".
მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერისა და ფილ ჯონსის გამოჯანმრთელების პროცესი პროგრესირებს, მაგრამ მატჩში მათი თამაში საეჭვოა.
"ვფიქრობ, იგივე რაოდენობის ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, რაც მანამდე. ალბათ, შვაინშტაიგერი დაბრუნდება, მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვი. განკურნება რთულია - უფრო მეტი დრო სჭირდება, ჩემი აზრით.
კერიკიც ტრავმირებულია; ამის აღნიშვნა დაგვავიწყდა, მაგრამ ისიც ტრავმირებული იყო. ჯერ კიდევ ტრავმირებულია, ასე რომ, ვერ ითამაშებს.
ჯონსის თამაში შესაძლებელია, მაგრამ როხო, ვალენსია და შოუ უფრო მეტ დროს საჭიროებენ. ჯერ მზად არ არიან.
იანუზაის რაც შეეხება, მის შემთხვევაში რისკი ვერ გავწიეთ და ვარჯიშებზე ჩვენს რეჟიმს შევაჩვიეთ. ახლა, შესაძლოა, სათადარიგოზე მოხვდეს ან მეორე გუნდში ითამაშოს", - განაცხადა ვან გაალმა.