ერიკ სტილი 2011 წელს სერ ალექს ფერგიუსონის დროს მეკარეთა მწვრთნელი და ერთ-ერთი იმ სკაუტთაგანი იყო, ვინც მადრიდის "ატლეტიკოდან" დე ხეას "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას შეუწყო ხელი. მაშინ ესპანელს დაევალა არაშესაშური, რთული და ხმაურიანი დავალების შესრულება - ვან დერ სარის შეცვლა.
ინგლისურ ფეხბურთთან შეგუების სირთულის გამოვლის შემდეგ დე ხეამ "იუნაიტედის" გულშემატკივარი და არა მარტო ისინი თავისი თამაშით გააოცა. დავიდს მალე 25 წელი შეუსრულდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით კი გასული ტურის მატჩში მე-200 შეხვედრა ჩაატარა. სტილს სჯერა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე კიდევ უფრო გაუმჯობესდება და უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გახდება.
United Review–სთან ინტერვიუში სტილმა განაცხადა: "მას აქვს პოტენციალი გახდეს ისეთივე დიადი, როგორიც პეტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი იყვნენ. ამის ძალა ნამდვილად შესწევს, ის ხომ პროგრესირებას აგრძელებს. "იუნაიტედში" 19 წლის ასაკში გადავიდა, ახლა კი დავაჟკაცებულ, ფიზიკურად განვითარებულ მეკარეს ჰგავს. უკეთესი გახდა, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. ახლა 25 წლის არის, შმეიხელი კი "იუნაიტედში" 28 წლის ასაკში გადავიდა. ერთი იყო ბიჭუნა, მეორე – კაცი. ახლა უფრო მეტს მიაღწევს".
დე ხეას ევოლუცია ნათელია, მაგრამ სტილისთვის ეს სიახლე სულაც არ ყოფილა. ერიკი დავიდს 17 წლიდან აკვირდებოდა, მას კი განიხილავდა 40 წლის ვან დერ სარის შემცვლელად. შეცვალო ადამიანი, რომელიც ორჯერ უფროსია შენზე და თანაც გადაიხადონ შენში ასეთი თანხა - უდიდესი რისკი იყო. მაგრამ არა ადამიანისთვის, რომელმაც ფერგიუსონს ესპანელის შეძენა ურჩია.
"იმ დროისთვის უკვე კარგად შესწავლილი გვყავდა. და მთავარმა ადამიანმა, მწვრთნელმა, გადაწყვეტილება მიიღო. მან თქვა: "კარგი, მისი მიმართულებით სვლა გადავწყვიტეთ?", – და ჩვენ დავთანხმდით. ვიყიდეთ დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელი. სერ ალექს არასდროს ეშინოდა კლუბში ახალი ფეხბურთელების მიყვანის და მათი ჩანერგვის. მაგრამ რაც შეეხება მეკარეს, დავიდის შემთხვევა პირველი იყო, როცა ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.
ყოველთვის არის შანსი, რომ სკაუტისთვის საჩვენებლად აგირჩიონ, მაგრამ მე ვნახე დავიდის თამაში ევროპის ლიგის ნახევარფინალში, ლივერპულში და იგი დამამახსოვრდა. ფენომენალური იყო. ჩემთვის საკმარისი იყო ისიც, რაც მან მატჩის პირველ 25 წუთში ჩაიდინა. ნახევარ საათში შემეძლო წასვლა, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. თუ გავითვალისწინებთ ატმოსფეროს, თამაშს, სულაც არ ჰგავდა 18 წლის ბიჭს.
მის თამაშს შეხედავ და იტყვი: "ვაუ, აი მესმის სიმშვიდე და თამაში მის ასაკში". სწორედ მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს პირველად, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მან უკვე დაამტკიცა, რომ ასეა. დე ხეას განსაკუთრებული ნიჭი აქვს მეკარეთა სამაყაროში. ედვინის შემცვლელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებდით, მაგრამ ყოველთვის დავიდის კანდიდატურაზე ვჩერდებოდით", – დაასრულა ერიკ სრილმა.