თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2016, 20:00
ავტორი: ViDa,
ნანახია: 7366,
კომენტარები: 3
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ბავშვებთან ერთად ვერაფერს მოიგებ
ბავშვის შეძენა? ამის გაკეთება ბევრს შეუძლია. მაგრამ მხოლოდ მცირედს შეუძლია განიცადოს, როგორია მოიგო ჩემპიონატი „იუნაიტედის“ მაისურით შენს საუკეთესო მეგობრებთან ერთად.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ბავშვებთან ერთად ვერაფერს მოიგებ
სამუდამოდ დამამახსოვრდა ერთი სტატია, რომელშიც ჩვენს მწვრთნელს მის სარისკო ნაბიჯზე ეკითხებოდნენ- "მოუმწიფებელ ბარტყებზე" ფსონის დადება. ერთი სტროფი კარგად დამკვიდრდა ჩემს მეხსიერებაში. ბოსმა თქვა:"ახალგაზრებს ერთი კარგი ჩვევა აქვთ- თუ მათ ეკლიანი ღობის წინ დავაყენებთ, ისინი მასზე დაუფიქრებლად აძვრებიან, ხოლო გამოცდილი ფეხბურთელები კი 200 იარდს (დაახლოებით 182 მეტრი) გაივლიან გასასვლელის მოსაძებნად".

მან იცოდა, რომ ჩვენ სწორედ ასეთი წყურვილი გვქონდა. ჩვენ მოუთმენლები და მშრომელები ვიყავით. ეკლიანი ღობე კი არა, აგურით ნაგებ კედელში ვაპირებდით გასვლას. ბასბის ფილოსოფია ახალგაზრდების დაკვირვებულ აღზრდაში მდგომარეობდა, რათა მოედანზე გამოსვლისას არცერთს არ ეღალატა. ჩვენ მაშინ უკვე ვიყავით გუნდის სისტემაში ჩაძირულნი, ვიცოდით მისი სათამაშო სტილი, სამუშაო ეთიკა და ქცევის წესები.

როდესაც ფეხბურთელს იფორმებ, რომლის ფასი 20 მილიონი ფუნტია, შენ ყოველთვის რისკავ და სულ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად იცნობ მას. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება- მოერგება თუ არა იგი ახალ ატმოსფეროს, ახალ სათამაშო სტილს, ზეწოლის ახალ დონეს, რომელსაც "იუნაიტედში" გატარებულ პირველივე დღეს აწყდები. რაც შეგვეხება ჩვენ, მწვრთნელმა დაწვრილებით იცოდა ჩვენი თამაში და ჩვენი ხასიათი.

მან იცოდა, რომ ბატის არაფრის ეშინია და არასდროს ეშინოდა. მას არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერს უმკლავდებოდა. დააყენეთ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ, ან დააჯახეთ ყველაზე უხეშ ფეხბურთელთან, შეუკარით ხელი და იგი მაინც შეასრულებს თავის დავალებას.

ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბატი ადუღებული ჩაიდნით ხელში გასახდელიდან გაურბოდა შიშველ შმეიხელს. პიტერი შემოტრიალდა და შემთხვევით მისი სასქესო ორგანო დაიწვა. ბატის გარდა ეს მომენტი ყველას სახალისოდ მოეჩვენა. პიტერმა წყლით ავსებული დიდი ბოთლი აიღო და ბატის ესროლა ყვირილით: "მოგკლავ!"- ზუსტად, როგორც ივან დრაგო "როკის" მეოთხე ნაწილში. მაგრამ ბატი უკვე შორს გაიქცა და შმეიხელი მარტო დატოვა მის დამწვრობასთან ერთად.

სქოულზი მოგვიანებით გაიხსნა, ვიდრე სხვები, მაგრამ მწვრთნელებმა სულ იცოდნენ, რომ მისგან არაჩვეულებრივი ფეხბურთელი დადგებოდა. მას თვალები კეფაზეც აქვს, ხოლო მისი გადაცემები ისეთი სიზუსტით აღწევდნენ დანიშნულ ადგილს, გეგონებოდა, რომ ყველაფერთან ერთად თავში ოპტიკური მიზანი აქვსო. საინტერესოა, მაგრამ ნახევარ შემთხვევებში ამ ნიჭს იგი მხოლოდ ვარჯიშზე იყენებდა, როდესაც მთქნარებით დაღლილ ფეხბურთელს დაინახავდა და ბურთს ზუსტად თავზე ასვამდა. ტრიალდები და იგი 60 მეტრით მოშორებული სიცილისგან იგუდება.

ერთი წლით ადრე, სანამ თავის ცნობილ გოლს გაიტანდა მოედნის შუაგულიდან, ბექსმა სერიოზულად მოუმატა და თავს კარგად ამჟღავნებდა პირველ გუნდში. იჯარა "პრესტონში" მას ძალიან დაეხმარა და ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა მისი შესაძლებლობები. მას შეეძლო იდეალური პასი გაეკეთებინა ფეხის ნებისმიერი ნაწილით - ჩახვეული, ჩაცურებული - აბსოლუტურად ნებისმიერი. ამასთან ერთად, იგი დიდი სიამოვნებით თამაშობდა. რთულია ფეხბურთელის ნახვა, რომელიც ბურთისთვის ამდენს ირბენდა.

როგორც ხედავთ, სათამაშო დონესთან და პოტენციალთან პრობლემა არ გვქონია. ამის მიუხედავად, ყველას ერთდროულად ბრძოლაში შეყრა წარმოუდგენლად მამაცური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენს მწვრთნელს სიმამაცე საკმარისზე მეტი ჰქონდა. გუნდებთა უმეტესობა ახალგაზრდების მიზიდვაზე საუბრობს. მაგრამ ამას მხოლოდ ლაპარაკობდნენ. ჩვენი ბოსი კი, როგორც "აბერდინში", გამოირჩეოდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. აქედან გამომდინარე, მან ყველას აჩვენა, რომ მზად იყო ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ბავშვები გაეგზავნა. იგი ამბობდა: "ახალგაზრები თქვენ გაგაკვირვებენ". და ჩვენც ვაკვირვებდით.

***


ჩემს პირველ საჩემპიონო ტიტულს რამდენიმე მიზეზის გამო ვერ დავივიწყებ, მაგრამ, ალბათ, უმეტესად ახალ ჰანსენის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელშიც მან თქვა, რომ ვერაფერს მოვიგებდით. ცუდად არ გამიგოთ, ჰანსენის სიტყვები "ბავშვებთან ერთად ვერაფერს მოიგებთ" ჩვენი პირველი მარცხის შემდეგ, სეზონის პირველივე მატჩში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ, ნამდვილი ფოლკლორი გახდა, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გახდა ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი.

როდესაც კვირის ვარჯიშზე მივედით პირველივე მარცხის შემდეგ, "შოკკი" მაკლერმა ხუმრობით გვითხრა: "ბიჭებო, ნუ ნერვიულობთ, იმისთვის, რომ არ გავვარდეთ, სულ რაღაც 40 ქულა უნდა მოვაგროვოთ". ყველას გაგვეცინა, მაგრამ ეს ნერვული სიცილი იყო.

"ვილლა პარკზე" სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობდით და ჩვენს თამაშში ქაოსი შეიმჩნეოდა. საჩემპიონო თამაშამდე მთელი უფსკრული გვაშორებდა, შემადგენლობაში კი ბატი, სქოულზი, ფილი და მე ვიყავით, ხოლო ბექსი და ჯონ ო'კეინი სათადარიგოზე ისხდნენ – უცნობი ახალგაზრდები, რომლებსაც არავინ იცნობდა დედამიწაზე. ჯერ მოედანზე გაგვასწორეს, ხოლო შემდეგ საღამოს კიდევ ერთხელ გადაგვიარეს გადაცემაში «Match of the Day». ბავშვებით ვერაფერს მოიგებ... იმ მომენტისთვის საკმაოდ სამართლიანად ჟღერდა.

ბევრს უკვირდა, თუ რას სჩადიოდა ფერგიუსონი. გასული კატასტროფული სეზონის შემდეგ, ჯალათი მზად იყო, ნაჯახი კისერზე დაედო ჩვენთვის. ინსი მილანის "ინტერში" გაემგზავრა. ძალიან დამწყდა გული მისი წასვლის გამო. ბევრი ითქვა მისი არაჩვეულებრივი ხასიათით. შეიძლება იგი თავხედი იყო, მაგრამ სხვას რას ელოდით? იგი სამხრეთში გაიზარდა. ამის მიუხედავად, იგი ერთ-ერთი იყო, რომელიც გვეხმარებოდა და მხარს გვიჭერდა. და რაც მთავარია, იგი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში.

შემდეგი გასასვლელისკენ ანდრეი კანჩელსკისი გაემართა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. თავის დროზე მას კონკურენტი არ ჰყავდა თავის პოზიციაზე მთელ ევროპაში, მაგრამ ახლა მისი საუკეთესო დღეები წარსულს ჩაბარდა.

მოულოდნელი იყო სპარკის წასვლა. მანქანაში ვიჯექი, როდესაც გავიგე, რომ იგი "ჩელსის" შეუერთდა. რაც შეეხება ინსის, მე გავიგე, რომ მისმა დაძაბულმა ურთიერთობამ მწვრთნელთან საბოლოო წერტილს მიაღწია. კანჩელსკისის წასვლამდე ბევრი ჭორი დადიოდა, რომ იგი უახლოეს მომავალში გუნდს დატოვებდა. მაგრამ სპარკი "იუნაიტედის" ნამდვილი ლეგენდა იყო. ვფიქრობ, რომ იგი ხვდებოდა, რომ კოული-კანტონას კავშირი ნელ-ნელა ძირითადი ხდებოდა და გუნდში ადგილს კარგავდა. როგორც ჩანს, იგი ძალიან კარგი და ძალიან ამაყი იყო იმისთვის, რომ სათადარიგოზე დამჯდარიყო.

გულშემატკივრებმა და მედიამ აჯანყება დაიწყო. გაზეთმა "Manchester United evening news-მა" გამოკითხვა ჩაატარა- "უნდა წავიდეს თუ არა ფერგი?" ახლა ამაზე ლაპარაკი მარტივია და სისულელედ ჟღერს, მაგრამ მაშინ, ამან უფრო გაზარდა ზეწოლა ჩვენზე.

ის იყო ერთ-ერთი პატარა კრიზისი, რომელთანაც ჩვენ შეხვედრა მოგვიწია. ბაზის მიღმა შეიძლება მსოფლიო შეშლილიყო, მაგრამ შიგნით მწვრთნელი სულ გვეუბნებოდა, რომ არ მიგვექცია ამისთვის ყურადღება და მუშაობა გაგვეგრძელებინა. ამის გარდა, ბევრი გვქონდა საფიქრი გასული სამარცხვინო მარცხის შემდეგ და მომდევნო სამი მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ.

პირველი "ვესტ ჰემი" იყო. ბექსს პაექრობა ჯულიან დიკსთან უწევდა. ჩვენ ვიცოდით, რომ დიკს მოუნდებოდა ახალგაზრდა ბიჭისთვის ფეხების წამტვრევა, მაგრამ ბექსმა აჩვენა, რომ მისი გეგმა ვერ განხორციელდებოდა. ბექსმა, როგორც იტყვიან, კლასი ჩაუტარა და ჩვენც გამარჯვებულები გამოვედით.

შემდეგი "უიმბლდონი" იყო, ვინი ჯონსი და მისი თანაგუნდელები. მათი რეპუტაცია ძალიან გვაშინებდა, მაგრამ საბოლოოდ 3-1 დავამარცხეთ. ამრიგად, ბიჭებმა, რომლებსაც ბავშვებად მოიხსენიებდნენ, დაამტკიცეს, რომ ნამდვილი ვაჟკაცები არიან. ამ მატჩების შემდეგ, ჩვენ მივხვდით, რომ საშიში არაფერი იყო.

მესამე გამარჯვება ექვსი დღის განმავლობაში ტრიუმფად იქცა „ბლექბერნის“ წინააღმდეგ - მოქმედი ჩემპიონი. ბექსმა თავი სწორედ ჩვენი ტრიბუნების წინ გამოიჩინა და მათი სიგიჟე ჩვენც გადმოგვედო, რის გამოც გოლი ისე აღვნიშნეთ, თითქოს ამ მატჩით ჩემპიონობა გავინაღდეთ. წარმოუდგენელი შვება ვიგრძენით. მწვრთნელს სულ სწამდა ჩვენი. ახლა კი რწმენის პატარა წვეთი ყველას გაუჩნდა მთელ ქვეყანაში.

ჩვენ იმავე ტემპით გავაგრძელეთ: 4-1 სტუმრად „ჩელსის“ წინააღმდეგ, ამის შემდეგ რვა გოლი გავიტანეთ ორ მატჩში- „საუტჰემპტონისა“ და „ქოვენთრი სიტის“ კარში. მაგრამ მცირედი მოდუნება და მწვრთნელი ამის შესახებ საყვედურს გვეუბნებოდა.

იმ ნოემბერს პირველად დავინახე იგი ასეთი გაბრაზებული. მე ინგლისის ნაკრებიდან დავბრუნდი და „ნოტინგემ ფორესტთან“ 1-1 დავასრულეთ. არც ისე დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო, მაგრამ მე არ ვფიქრობდი, რომ ცუდად ვითამაშე... სანამ გასახდელში არ შევედი.

– რა დაგემართა, ნევილ? - მიყვირა მან. - ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოედანზე გაგიშვი არის ის, რომ ინგლისის ნაკრებში თამაშობ.

სახლში დაბნეული დავბრუნდი.

ბატისა და სქოულზისგან განსხვავებით, რომლებსაც უფრო სქელი ტყავი აქვთ, მსგავს ეპიზოდებს თავში დღიდან დღემდე ვატრიალებდი. დროთა განმავლობაში მსგავს სიტუაციებს ეგუები. მაგრამ სინამდვილეში, ამას ვერ ვიტანდი. ღამეები არ მძინავდა. თითქოს მსოფლიოს აღსასრული დადგა. ალბათ, მან ჩემი ციდან დაშვება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ნაკრებში გამომიძახეს. ან იგი ნამდვილად ფიქრობს, რომ საკუთარ თავზე ბევრს ვიღებ. ეს ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა, მაპატიეთ, მაგრამ ასეთი ვარ.

სქოულზს რომ უთხრან, თითქოს ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს, იგი ბეჭებს შეკრავს და გზას გააგრძელებს. ბატი იტყვის: „რატომაც არა?“ ბექსი ეგრევე ტელეფონს მიახტება. მე კი იქვე დავიწყებ მოწინააღმდეგეზე ფიქრს და როგორ უნდა გავუმკლავდე მას.

ჩვენ არ შეგვისუსტებია თამაში და უკვე გაზაფხულზე 1996 წელს დუბლისთვის ვიბრძოდით. „ნიუკასლმა“ ინტრიგა შეიტანა საჩემპიონო რბოლაში. ისინი ყველას აოცებდნენ საკუთარი ფეხბურთით კევინ კიგანის ხელმძღვანელობით. გარკვეულ მომენტში მათი ფორა 12 ქულას შეადგენდა. მაგრამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „ლივერპულის“ წინააღმდეგ, დაგვიბრუნდა ერიკ კანტონა, რომელმაც თავისი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ანგარიში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა.

და ამჯერად „ნიუკასლი“ უკვე ჩვენ უკან იყო. მთავარია, რომ ისინი „სენტ-ჯეიმს პარკზე" დავამარცხეთ მარტში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი ჩემთვის პატარა კოშმარი იყო. მე ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი სტივ ბრიუსთან ერთად ფაუსტო ასპრილიის და ლეს ფერდინანდის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად მოგვხვდა, განსაკუთრებით- მე. მთელი პირველი ნახევრის მანძილზე, მე ერთი მომენტი მქონდა შესასვენელბად, როდესაც მინდორზე ვეგდე ასპრილიასთან შეტაკების შემდეგ. შესვენებაზე მწვრთნელი ჭკუაზე არ იყო: „ასპრილია მიწაზეც გამარცხებს და ჰაერშიც. რა გემართება? თუ მეორე ნახევარს ასე ჩაატარებ, შენ გამო ტიტულს დავკარგავთ“.

მეორე ნახევარში მოედანზე გამოვედით და ჩვენი თამაშით დავწინაურდით. ასეთი მონდომებულები არცერთ სხვა თამაშში არ ვყოფილვართ. პირველ ნახევარში ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს მთის ძირში ვიყავით და ფეხებით გვსრისავდნენ, მაგრამ ახლა მის მწვერვალზე ვიმყოფებოდით. და რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ უფრო მაღალი გავხდი.

ამ მეორე ნახევრის დროს მე და სხვა ფეხბურთელებმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სულისკვეთება ვიგრძენით. იგი ძველი ფეხბურთელების ხარჯზე გაჩნდა, განსაკუთრებით შმეიხელისა და ბრიუსის დამსახურებით, რომლებმაც არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარეს. ერიკმაც თავისი წვლილი შეიტანა თავისი გოლით, მაგრამ ამ გოლში მთელი გუნდი მონაწილეობდა. არავინ არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა: ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს ჩვენი ვარსკვლავური საათია.

არც ისე კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ყველა მოცემული შანსი. მაშინ ყველა მიხვდა, რომ „ნიუკასლი“ ვერ შეძლებდა ლიგის მოგებას. მათ 3-0 უნდა მოეგოთ, მაგრამ ოსტატობა არ ეყოთ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანათ. ჩვენ ჩვენში ბრძოლისთვის ძალები გამოვნახეთ და არ დავნებდით. სწორედ ამას ითხოვენ ფეხბურთელებისგან: გააკეთეთ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და საბოლოოდ მიაღწევთ წარმატებას. ამ შემთხვევაში, როგორც სხვა დანარჩენში, ერიკმა გვიხსნა. მან გაიტანა ფილის არაჩვეულებრივი ჩაწოდების შემდეგ. გამარჯვებაც მოვიდა. იგი მნიშვნელოვანი იყო, ალბათ, გადამწყვეტიც კი.

„ნიუკასლი“ იმ გუნდების სიაშია, რომლებიც მოწინააღმდეგეს სულ უტოვებენ შანსს და სწორედ ამას გვიმეორებდა მწვრთნელი, როდესაც ისინი დიდი სხვაობით ლიდერობდნენ. პაველ სრნიჩეკი არ იყო სტაბილური მეკარე, მცველი ბარტონი და ბერესფორდი სუსტად გამოიყურებოდნენ და მათი ცენტრი არც ისე საიმედო იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ გავაგრძელებთ მატჩების მოგებას, ადრე თუ გვიან, ზეწოლა მაინც თავისას იზამდა და გუნდი გატყდებოდა.

ჩემპიონატის ბოლო ოთხი მატჩის წინ უკვე ლიდერები ვიყავით. ჩვენ გასვლითი შეხვერა გვქონდა „დელლზე“ „საუტჰემპტონთან“. პირველი ნახევარი ნამდვილ კატასტროფად იქცა- ჩვენ 0-3 ვმარცხდებოდით! მათ წინააღმდეგ თამაში სულ რთული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საშინლად მიდიოდა.

„გაიხადეთ ეს ფორმა, უნდა გამოიცვალოთ“,- გვითხრა მწვრთნელმა შესვენებაზე.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ნაცრისფერი ფორმა მომწონდა- „იუნაიტედის“ ფერები არის წითელი, თეთრი და შავი, და სულ მიმაჩნდა, რომ მხოლოდ ამ ფერებში უნდა გვეთამაშა- მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩვენი ცუდი თამაშის მიზეზი ფორმაში მდგომარეობდა. ვფიქრობ, რომ მწვრთნელმაც იცოდა ეს.

მაშინ არ ვიცოდი, რომ მწვრთნელი გეილ სტივენსონთან კონტაქტობდა, მხედველობის ექსპერტთან ლივერპულის უნივერსიტეტიდან. შემდეგ იგი ჩვენი პერიფერიული მხედველობით იქნება დაკავებული. იგი სპეციალურ ვარჯიშებს დამინიშნავს თვალისთვის და ყოველი მატჩის წინ ჩემი მხედველობა უნდა ვავარჯიშო, როგორც ვავარჯიშებთ თითოეულ კუნთს მოედანზე გასვლის წინ. სწორედ ასეთ დეტალებს ექცევა დიდი ყურადღება ამ გუნდში.

მან გააფრთხილა მწვრთნელი, რომ ნაცრისფერი ფორმის გარჩევა მოედანზე რთული იქნება გულშემატკივრების ფონზე და, ალბათ, იგი მართალიც იყო. ხუთ მატჩში, რომელშიც ეს ფორმა გვეცვა, ოთხი წავაგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. საბოლოოდ, ეს ფორმა გავიხადეთ და კიდევ კარგი, რომ ასე მოვიქეცით- ერთი გოლი გიგზის საშუალებით გავიტანეთ ჩვენს ლურჯ-თეთრ ფორმაში.

საბედნიეროდ, „ნიუკასლი“ ჩვენზე უფრო საშინლად გამოიყურებოდა. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ გამოვიდა მწყობრიდან კიგანი პირდაპირ ეთერში. ტელევიზორს ვუყურებდი და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი.

მწვრთნელი სულ გვეუბნებოდა: „არასდროს აჰყვე ემოციებს“. მას უემოციო ფეხბურთელები სჭირდებოდა და ჩემ გვერდით ისეთი მოთამაშეები იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, როგორ მიეყვანათ გუნდი პირველ ადგილამდე. „ნოტინგემ ფორესტის“ განადგურების შემდეგ (5-0), ჩვენ ერთი მატჩი გვაშორებდა ტიტულამდე. ის მატჩი სათადარიგოზე გავატარე, მაგრამ მაინც მოვიგეთ 3-0.

ჩვენ ეს შევძელით- „ბავშვებმა ტიტული მოიგეს“. ერიკი შეუდარებელი იყო. ჩვენ, ახალგაზრდა მოთამაშეები, ვუყურებდით მას, როგორც ლიდერს. იგი შეუდარებელი იყო. ტიტულს მხოლოდ გუნდი იგებს, სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს. მაგრამ რამდენიმე შემთხვევა იყო ჩემს კარიერაში- უკვე 2006/2007 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, რომლის დამსახურება იმხელა იყო, რომ მინდოდა ჩემი ჯილდო მეჩუქებინა მისთვის. ხოლო ეს გამარჯვება ერიკის დამსახურება იყო.

იგი არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკურად ბალანსირებული გუნდი გვყავდა. ზოგი ჟურნალისტი ურჩევდა მწვრთნელს, რომ ბექსი მოედნის ცენტრში დაეყენებინა მისი გადაცემების გამო, მაგრამ მაშინ იგი თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ გამოიყენებდა. სწორედ მარჯვენა ფლანგზე შეეძლო მას დაეხარჯა მთელი მისი ენერგია და შესაძლებლობები. და მისი ზუსტი ჩაწოდებები შეუდარებელი იყო. ცენტრში კი ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც არიან- კინი, სქოულზი და ბატი. გიგზი და ბექსი თავს არაჩვეულებრივად ართმევდნენ ფლანგებზე- დრიბლიორი და გამთამაშებელი.

ჯერ კიდევ მაშინ შეგვეძლო მატჩის დამთავრებამდე მოწინააღმდეგე ისე დაგვეღალა, რომ თამაშის თავიც არ ჰქონოდა. თუ ჩვენ სწრაფი გოლის გატანას ვერ ვახერხებდით, ბურთს მოედნის ცენტრში ვაკონტროლებდით და ვაიძულებდით მეტოქეს, რომ უბურთოდ ერბინა. პოზიციის ხაზებს ვღუნავდით, რადგან ვიცოდით, რომ გიგზს არაჩვეულებრივი დრიბლინგი ჰქონდა და ბექსი უშეცდომოდ აწვდიდა ბურთს საჯარიმოში, როდესაც მოწინააღმდეგეს უკვე ნაბიჯის გადადგმის თავი აღარ ჰქონდა.

ჩვენ ჩემპიონობა გავიფორმეთ და ცხვირწინ ინგლისის თასის ფინალი გვქონდა. მაგრამ, როგორც გადამწყვეტი თამაშის დროს ტიტულზე, არც ამ მატჩში ვიყავი ძირითად თერთმეტეულში. მე რეგულარულად ვთამაშობდი ნაკრებში, მაგრამ გუნდში ადგილი თითქმის დავკარგე. შემადგენლობიდან ამომაგდო ჩემმა ძმამ.

მსგავსი შემთხვევა წარსულშიც მოხდა. როდესაც ფილის დებიუტი შედგა „სიტისთან“ მატჩში ერთი წლით ადრე. ერთი დღით ადრე მაცნობეს, რომ მე არ ვითამაშებდი. ტრეისი სახლში იყო და მან მკითხა: „ვინ იქნება შემადგენლობაში ხვალინდელ მატჩზე?“.

„ფილი, მე არა“- ვუთხარი მას.

„რა, იგი შენს ნაცვლად თამაშობს?!“. როგორც ყოველთვის, ჩემს დას დაცინვის მიზეზი მიეცა.

მე მალე შევეგუე ვითარებას- სხვა რა გზა მქონდა? ფილმა მშვენივრად ჩაატარა ის მატჩი და განაპირა მცველად რამდენიმე წელიწადი თამაშობდა, ხოლო მე ცენტრალურ მცველად მიწევდა გამოსვლა. იმის მიუხედავად, რომ ჩემმა ძმამ ადგილი წამართვა გუნდში, ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა და ერთმანეთს სულ ვეხმარებოდით.

ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ხშირად განვიხილავდით მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებს. ერთი სიტყვით, თავს კომფორტულად ვგრძნობდით. ანალოგიური სიტუაცია იყო სქოულზსა და ბექსს შორის. როდესაც ასე მაღლა ადიხარ, სასიამოვნოა, როდესაც გვერდში შენთვის ნაცნობ ხალხს ხედავ. ავტობუსში სულ ერთად ვისხედით. ერთმანეთისთვის თითქოს დამზღვევი ბარათები ვიყავით.

ფილი არაჩვეულებრივად თამაშობდა და მე მისი არ მშურდა. ეს სულაც არ იყო ჩემი ბუნების ნაწილი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით და უბრალოდ დრო არ გვქონდა ასეთ სისულელეებზე ფიქრისთვის. ფილი ისე კარგად თამაშობდა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი იყო. მე იძულებული ვიყავი, შევგუებოდი შექმნილ ვითარებას და გული არ გამეტეხა.

ჩვენ „ლივერპულს“ ვხვდებოდით- მათ არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ არასერიოზულად ეკიდებოდნენ საქმეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებდით შეცდომას, მაგრამ ძალიან იშვიათად და ისიც მაშინ, როდესაც ამის უფლება გვქონდა.

ისინი „უემბლიზე“ საშინელ თეთრ კოსტუმებში მოვიდნენ და გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს მათ ამზადებდა არა მწვრთნელი, არამედ მკერავი. მათი ცხოვრების სტილი იქვე გახდა ჩვენთვის ნათელი. მწვრთნელმა გვითხრა: „არ მოგერიდოთ ბურთის საჯარიმოში ჩაგდება. დევიდ ჯეიმსი, დიდი ალბათობით, დაკავებული იქნება ტრიბუნებზე ჯორჯიო არმანის ძებნით“.

სამართლიანია თუ არა, ასეთი იყო მათი იმიჯი და მწვრთნელს უფლება ჰქონდა ეთქვა: „ხომ გეუბნებოდით“, როდესაც ჯამომ არასაიმედოდ მოიგერია ბურთი ბექსის კუთხურის შემდეგ. ერიკი არც ისე დამაკმაყოფილებლად გამოიყურებოდა იმ მატჩში, მაგრამ ამ ბურთს გზა აპოვნინა და პირდაპირ ბადეს ჩაახუტა. ბავშვებმა დუბლი გავიფორმეთ.

მოედანზე დროის მიწურულს გამოვედი და საპატიო წრეც დავარტყი გუნდთან ერთად. გულშემატკივრები მღეროდნენ მათ საყვარელ სიმღერას იმ დროისთვის: „გულს ნუ გაიტეხ, კევინ კიგან...“. გახარებული მეც შევუერთდი მათ.

მე არც დავფიქრებულვარ ამაზე, სანამ გუნდის ერთ-ერთმა დამხმარემ გვერდზე არ გამიყვანა და მითხრა, რომ ჩემი სიმღერა პირდაპირ ეთერში მოხვდა. მე არ ვიცნობდი კევინ კიგანს და არასდროს არ დავლაპარაკებივარ მას, მაგრამ იგი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა იყო და ამიტომ წერილი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე.

***


ალბათ, ბიჭები „ლივერპულიდან“ არ ნანობენ, როგორც განვითარდა მათი კარიერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამაყობენ კიდევაც. მაგრამ „იუნაიტედში“ წვეულების დრო მხოლოდ გამარჯვების შემდეგ დგება. არავინ არ უარყოფს, რომ ინგლისურ ფეხბურთში სმა უყვარდათ წლების განმავლობაში, მაგრამ ხალხი დაჭკვიანდა და ჩვენი მწვრთნელიც ერთ-ერთი იყო, რომელიც ვერ ეგუებოდა ალკოჰოლს.

ამის მიუხედავად, ჩვენც ვიცოდით დროსტარება და არაჩვეულებრივ წვეულებას ვაწყობდით შობაზე. 1995 წლის დეკემბერი, ალბათ, ჩემი საყვარელი თარიღია. მაშინ 20 წლის ვიყავი და ძალიან დავთვერი. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ხელიდან 6 ბოთლი სიდრი გამივარდა და ექვსივე დაიმსხვრა. შემდეგ ჩვენ ჩინურ რესტორანში გავემართეთ და ჩემი საღამო იმით დასრულდა, რომ ტროტუარზე ჩამეძინა, „გოლდენ რაის ბოულის“ წინ. ისე ცუდად ვიყავი და ისე საშინლად მაღებინებდა, რომ ბენი და კასპი იძულებულები იყვნენ, ჩემთვის მანქანა გამოეძახათ. მე ძლივს ვლაპარაკობდი, მაგრამ შევძელი იმის ახსნა მძღოლისთვის, რომ საავადმყოფოში წავეყვანე.

მან „როიალ იფირმარიში“ მიმიყვანა და ისე მეშინოდა, რომ არავის ეცნო ვინ ვიყავი, თავი საიმონ ბრაუნად წარვადგინე. ბიჭები ამაზე კიდევ დიდხანს დამცინოდნენ. „ითამაშე, საიმონ“. იქვე გავითიშე და როდესაც გავიღვიძე, ტელეფონზე 50 უსიამოვნო ზარი აღმოვაჩინე. მე კასპის დავურეკე, რომ მოსულიყო და წავეყვანე. მას საშინელ მდგომარეობაში დავხვდი სარეგისტრაციო მაგიდასთან და ლაპარაკიც არ შემეძლო. სიცილისგან თავს ვერ იკავებდა.

შობის გარდა ჩვენ მხოლოდ გამარჯვებას აღვნიშნავთ. ეს გამარჯვებაც ჩვეულ სტილში აღვნიშნეთ. პირველი ტიტულის შემდეგ, ჩვენ სასტუმრო „ამბლჰარსტში“ გავემართეთ სეილში, სადაც ტრადიცილუად იკრიბებიან „იუნაიტედის“ ბიჭები და კარგადაც დავთვერით. არაჩვეულებრივი სურათი არსებობს, სადაც ფილი გუნდის ფორმაში ზის ავტობუსის გაჩერებაზე და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც კიტ რიჩარდსი.

თუ არ ვცდები, მომდევნო წელ საკუთარ თავს ვაჯობე და ამავე სასტუმროს მიმღები მოვსპე ნაღებით. მაშინ ნახევარი ბოთლი არაყი დავლიე და დიდი ხნის განმავლობაში არ შემეძლო გონზე მოსვლა. ერთადერთი რაც მახსოვს, კეანოს სიცილია, რომელიც დამცინოდა: „ნევილ, ლოთი ხარ. დილით ჰოდლის დავურეკავ და ვეტყვი სადამდე მიხვედი“.

დედაჩემი ლამის ჭკუიდან შეიშალა, როდესაც დაინახა, როგორ შემათრიეს სახლში მამაჩემმა და ფილმა. „რა დამართეთ ჩემს ბიჭს?“ მხოლოდ დედაჩემს შეეძლო ეთანაგრძნო იმ მომენტში.

ის ღამეები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. უდავოდ საუკეთესო. მთელი სეზონის მანძილზე ზეწოლას განიცდი გულშემატკივრებისგან, მწვრთნელისგან. ამასთან ერთად, იბრძვი ადგილისთვის გუნდში, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გიქმნის. და როდესაც ხელში ტიტულს იკავებ, ყოველგვარი ზეწოლა ქრება და ეიფორია იკავებს მის ადგილს.

სიმართლე გითხრათ, ამას ვერავინ გაიგებს, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის. ბავშვის შეძენა? ამის გაკეთება ბევრს შეუძლია. მაგრამ მხოლოდ მცირედს შეუძლია განიცადოს, როგორია მოიგო ჩემპიონატი „იუნაიტედის“ მაისურით შენს საუკეთესო მეგობრებთან ერთად.

ვფიქრობ, რომ მქონდა დალევის უფლება, რადგან დანარჩენი დრო მკაცრად დაგეგმილი იყო. ვარჯიშები და წინასამატჩო მომზადება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

კვირიდან კვირამდე ერთსა და იმავე დროს ვიძინებდი, ვჭამდი იმავე საჭმელს. არ მინდოდა მოულოდნელობა დამტყდომოდა თავს. მატჩის წინა დღე სულ ერთნაირი იყო:

დილის რვა საათი: საუზმე, ქაში და ფორთოხლის წვენი.

შუადღე: თევზი, კარტოფილი და ბოსტნეულობა.

დღის 3-30: ისევ ქაში.

საღამოს შვიდი საათი: მაკარონი სოუსით.

საღამოს 9-15: ვთიშავ სინათლეს.

მე ქაშსა და კოვზს ავტობუსშიც ვატარებდი, როდესაც ლონდონში მივემგზავრებოდით. მატარებელში ვიჯექი, რომელიც სოფლებს გადიოდა და ზუსტად 3:30-ზე ჩემს Weetabix–ს ვღეჭავდი, დანარჩენები კი დამცინოდნენ. მათ შეეძლოთ ეცინათ რამდენიც სურდათ, მაგრამ ეს რიტუალები ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

უმეტესი მათგანი პროფესიონალურ ჩვევებად მექცა- ჯანსაღი კვება და რაც შეიძლება მეტი დასვენება, მაგრამ მალე მათ ცრურწმენა შეემატა. იგი ძალიან გავრცელებულია სპორტსმენებს შორის. ჩვენ მუდამ გვინდა, რომ დამატებითი თვითდაჯერებულობა მივიღოთ, რათა თამაში ჩვენ სასარგებლოდ დასრულდეს. ის, რომ მე ჩემს რიტუალებს ყოველდღიურად ვატარებდი, მაძლევდა იმის უფლებას, თავი კომფორტულად მეგრძნო. ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მოედანზე.

ბოლო ვარჯიშის შემდეგ მატჩის წინ, მუდამ დავრბოდი გასახდელებში. რომ არ მიცნობდეთ და არ იცოდეთ ჩემი ჩვევები, მოგეჩვენებოდათ, რომ შარდის ბუშტი მქონდა მოშლილი. სინამდვილეში, ეს ჩემი ბოლო ვარჯიში იყო მატჩის წინ, რადგან მინდოდა, რომ თავი სრულიად მზადმყოფი მეგრძნო.

მატჩის წინ კიდევ ერთი რიტუალი მქონდა- დედაჩემს ვურეკავდი 10 საათზე. ყოველი მატჩის წინ, ხუთი საათით ადრე, დედაჩემს ველაპარაკებოდი. „აჩვენე მათ კლასი“,- მეუბნებოდა იგი, ყოველ ჯერზე 20 წლის განმავლობაში.

ყოველთვის ადრე მოვდიოდი „ოლდ ტრაფორდზე“, დაახლოებით 11:40-ზე, თუ მატჩი 3-ზე იყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მატჩზე დაგვიანება არავის ენდომება. ყოველთვის მაგიჟებდა, როდესაც ფეხბურთელები გამგზავრებიდან რამდენიმე წამით ადრე გამოდიოდნენ გუნდის ავტობუსთან. შემიძლია დავიფიცო, რომ ლუი საა არასდროს მოდიოდა ადრე 11 საათის 59 წუთისა და 59 წამისა, თუ თამაში შუა დღეს გვქონდა. მას ჭკუიდან გადავყავდი.

ლანჩის შემდეგ - ხილის წვენი Ribena, სპაგეტი, ცოტა სოუსი და იოგურტი- და წინასამატჩო მომზადება, ყოველთვის მარტო ვრჩებოდი. ბიჭები სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები, ხოლო მე მჭირდებოდა, რომ მეტოქეს უკეთ გავცნობოდი. მეტოქე შეიძლება სწრაფი ყოფილიყო ნიჭის მთელი ნაზავით, მაგრამ თავს ერთით ვიმშვიდებდი:“დავიჯერო მას ჩემზე მეტად სურს გამარჯვება? მზად იქნება ირბინოს იმდენი, რამდენსაც მე ვაპირებ?“

ზოგჯერ, როდესაც გაღიზიანებული ვარ, ვფიქრობ საჭმელზე, რომელსაც შევჭამ მატჩის შემდეგ. უმეტესობა ფიქრობს, რომ მატჩის წინ, ფეხბურთელები აღზნებულები და დაქოქილები უნდა იყვნენ. მე კი პირიქით ვფიქრობ.

როდესაც ბევრს თამაშობ, სრულიად უაზრო ჩვევებს იძენ. ერთხელ, 17 წლის ასაკში, ზურგის მასაჟი გამიკეთეს და არაჩვეულებრივად ვითამაშე. მას შემდეგ, მატჩის წინ მუდამ მასაჟს ვიკეთებდი, იმის მიუხედავად, რომ ზურგის პრობლემა არასდროს არ მქონია. მოედანზე გასვლის წინ სულ ვიყავი მეხუთე რიგში, ბექსის უკან. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ.

ბევრ სპორტსმენს აქვს მსგავსი რიტუალები. ჩემი იმაზეა დაფუძნებული, რომ უნდა ვიცოდე, რომ ყველაფერი გავაკეთე მოსამზადებლად მატჩის წინ. ადრე დაძინება, Weetabix-ი, დედაჩემისთვის დარეკვა - არ მინდოდა, რამე მოულოდნელობა მომხდარიყო.

მაგრამ მსგავსი რიტუალებით ყველა არ არის დაკავებული. გასახდელი სავსე გარი ნევილებით მოსაწყენი იქნებოდა. მაგრამ შეუძლებელია წარმატების მწვერვალზე დიდხანს გაჩერდე, თუ რაიმე მსხვერპლს არ გაიღებ და უდავოდ- ჩვენ, როგორც გუნდს, დადებითი თვისებები გვქონდა. დრო შეიცვალა. მოვიდა ის დრო, როდესაც ფეხბურთელებს შეეძლოთ დაელიათ შუა კვირაში.

არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე დაბალ დონეზე თამაში. და ამას მწვრთნელი დღიდან დღემდე გვახსენებდა. მატჩის წინ იგი ხშირად ახსენებდა თავის მეგობარ მილიარდელს. მას იმაზე მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე შეეძლო დაეხარჯა, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მაინც პირველი მიდიოდა სამსახურში და მუშაობდა. ჩვენ ხშირად გვესმოდა მისგან: „იამაყეთ, თუ ცხოვრებაში შეიძენთ ისეთ ჩვევას, როგორიც შრომისმოყვარეობაა“.

შენ, ალბათ, ფიქრობ, რომ ფეხბურთელების შრომა მილიონებით ფასდება, რომელსაც ისინი იღებენ. მაგრამ, როდესაც გასახდელში მოხვდები, სასურველია, ეს ფაქტი დაივიწყო. ალბათ, ამიტომ ჯობდა ჩვენი გუნდი „ლივერპულს“. ისინი კარგად ჩაცმულები დადიოდნენ, ხოლო ჩვენ ჩემპიონატებს ვიგებდით.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
3 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2016 20:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საერთოდ, ფერგიუსონს ყოველთვის სჩვეოდა ახალგაზრდებზე დაყრდნობა და მათდამი რწმენის გამოვლენა. ჩვენ ასეთი მიდგომით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა და რამდენიმე ცალკეული დიდებული ფეხბურთელი გვაჩუქა. თანამედროვეობაში ამის საუკეთესო მაგალითი დე ხეაა. ყველას გვახსოვს, როგორი მოიყვანა გუნდში და რა დახვდა მას აქ, ახლა კი სადამდე მივიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2016 00:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანამ ვან გაალი მოვიდოდა დიდი იმედებით ვიყვი რომ ახალგარზდებთან მუშაობა შეუძლია თქო, მაგრამ ეგ იმედებიც მოკვდა. ფერგის მანჩესტერი პირველ რიგში ამიტომ მიყვარდა, რომ ყოველთვის ჰქონდათ ახალაგზრდებს თავისი თავის გამოვლენის შანსი
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 იანვარი 2016 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან მაგარი თავი იყო და ბევრიც ვიცინე. შმეიხელიც კაი ცანცარა ყოფილა wink wink
რაც შეეხება უშუალოდ იმ ტიტულს რომელიც "ბავშვებით" მოიგო ფერგიუსონმა , ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფერგის სიდიადეზე მიგვანიშნებს. ყოველთვის უყვარდა ბაბუს ახალგარზდების წარმოჩენა და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. სჯეროდა თავისი თავის და სწამდა, რომ ეს ახალგაზრდები იმდენად ნიჭიერები იყვენ, რომ მსოფლიოს გააკვირვებდნენ, ასეც მოხდა. ამით იყო სწორედ გამორჩეული ფერგი სხვებისაგნ, რომ მან ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა.

მოკლედ მადლობა ლაშას და ველოდებით შემდეგ თავს. ისე კი ძალიან ბევრს კარგავს ის, ვისაც ამის წაკითხვა ეზარება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top